Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დაპირისპირება კოალიცია „ქართულ ოცნებაში“


მთავრობის სხდომა
მთავრობის სხდომა

პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მთავრობის სხდომაზე გამოეხმაურა, მისი თქმით, ბრალდებებს თავდაცვის მინისტრის მიმართ და ამას „სრულიად მიუღებელი“ უწოდა. თავდაცვის მინისტრ თინა ხიდაშელის მიმართ მმართველ კოალიციაში შემავალი მრეწველთა პარტიის ლიდერის, გოგი თოფაძის მიერ გამოთქმული ბრალდებები საგარეჯოში არჩევნების გაყალბების თაობაზე დაპირისპირების საფუძველი გახდა კოალიციის შიგნით რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენლებსა და გოგი თოფაძეს შორის. ექსპერტები მმართველ კოალიციაში დაპირისპირებას წინასაარჩევნო პერიოდს უკავშირებენ.

პრემიერ-მონისტრის თქმით, გოგი თოფაძის განცხადებები „’ჩირქს სცხებს’ არა მხოლოდ ერთ პარტიას, არამედ მთელ მთავრობას, ყველანაირი საფუძვლის გარეშე“.

გიორგი კვირიკაშვილმა მოუწოდა ყველას, რომ კითხვები, მათი არსებობის შემთხვევაში, სხვა ფორმატში დასვან ხოლმე და კოალიციის ერთიანობის თაობაზეც გააკეთონ აქცენტი:

„ჩვენი ერთიანობა არის ძალიან მნიშვნელოვანი არამხოლოდ ჩვენი კოალიციისთვის, ეს არართხელ მითქვამს ჩემს განცხადებებში. ყველა ადამიანი, რომელიც მზად არის, რომ ჩვენთან ერთად აიღოს ეს ტვირთი, - და ეს ტვირთი არ არის მსუბუქი, - და ის, ვინც მზად არის, რომ იმ პრინციპებით და იმ ხედვით, რომლითაც ჩვენ მივდივართ წინ, ემსახუროს ჩვენს ქვეყანას, ჩვენ მზად ვართ კარი გავუღოთ, არათუ იმაზე ვიფიქროთ, რომ დავიშალოთ თუ... მივცეთ სალაპარაკო იმ ადამიანებს, რომელთაც ეს უხარიათ“.

მმართველი კოალიციის დაშლაზე ჯერ არავინ ლაპარაკობს, თუმცა რესპუბლიკური პარტიის წევრმა დავით ბერძენიშვილმა კოალიცია „ქართულ ოცნებაში“ შემავალი „მრეწველების“ ლიდერს, გოგი თოფაძეს, თავდაცვის მინისტრის მისამართით გაკეთებული განცხადებების გამო, პირობის შესრულება შეახსენა და დაინტერესდა, როდის აპირებს გოგი თოფაძე პარლამენტის დატოვებას, რაზეც გოგი თოფაძემ უპასუხა, რომ ეს მისი გადასაწყვეტია და, ამასთან, ტელეკომპანია „იბერიის“ ეთერში რესპუბლიკურ პარტიას პოლიტიკური რეიტინგი შეახსენა:

გოგი თოფაძე
გოგი თოფაძე

„ნუ იჩემებენ, რომ ეგენი არიან წამყვანი გუნდი ჩვენს კოალიციაში. პირიქით, ვერსად მარტო ვერ იყრიან კენჭს, ესენი ისე სძულს საქართველოს მოსახლეობას, მურვან ყრუ არ სძულდათ ასე. ამიტომ ეგენი ვერ გაბედავენ, ცალკე რომ გავიდნენ სადმე, ეგენი ვინმეს უნდა ჩამოეკიდონ“.

ამის პასუხად, რესპუბლიკური პარტიის წევრმა დავით ბერძენიშვილმა გოგი თოფაძეს „მრეწველების“ პარტიული რეიტინგი შეახსენა და მისი განცხადებები არა პარტიული დაპირისპირების, არამედ პოლიტიკური იდეოლოგიის დაპირისპირების ჭრილში განიხილა. დავით ბერძენიშვილის თქმით, გოგი თოფაძის განცხადებები, მთლიანობაში, წინააღმდეგობაშია ქვეყნის პოლიტიკურ კურსთან, რაც ევროინტეგრაციას და ნატოში გაწევრიანებას გულისხმობს:

„’მურვან ყრუზე მეტად ვეზიზღებით’, ეს ნამეტანი მოუვიდა ახლა თოფაძეს. მისი განცხადებები, რომ საქართველო ნატოში არ უნდა იყოს, რომ თინა ხიდაშელი გამყალბებელია და პროკურატურაში უნდა დაიკითხოს, ასეთი პოზიციების მქონე თოფაძის ხელმძღვანელობით კოალიციაში ვერავინ ვერ იქნება. 0,99 პროცენტი იყო „მრეწველთა“ შედეგი 2008 წლის საპარლამენტო არჩევნებში“.

კოალიცია რაზედაც აიღებს ორიენტაციას სამომავლოდ, იმის შესაბამის პოლიტიკურ ჯგუფებს წამოსწევს წინ თავის სტრუქტურაში. რესპუბლიკელების საკმაოდ ფართოდ წარმოდგენა განპირობებული სწორედ იმით იყო, რომ კოალიციას დასავლეთზე ორიენტაცია ჰქონდა აღებული...

პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის თქმით, ეს არ არის პარტიული დაპირისპირება და არის საკითხები, რომლებიც კოალიციის შიგნით უნდა მოგვარდეს:

„და მე დარწმუნებული ვარ, რომ კოალიციურ რეჟიმში ყველაფერი მოგვარდება და გადაწყდება ისე, როგორც დღემდე არაერთხელ მომხდარა ქვეყნის სასარგებლოდ და არა რომელიმე პარტიის და პირის სასარგებლოდ“.

საპარლამენტო უმცირესობის, „ნაციონალური მოძრაობის“, წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ, არჩევნების მოახლოებასთან ერთად, კოალიციაში დაპირისპირება გაიზრდება. წინასაარჩევნოდ კონკურენცია იზრდება და, მათ შორის, შიდაკოალიციურიც, ამბობს პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე. ამასთან, მისი სიტყვებით, ზოგადად, რესპუბლიკელთა და „მრეწველთა“ შორის პოლიტიკურ მსოფლმხედველობასთან დაკავშირებულმა საკითხმაც წამოიწია წინ. რამაზ საყვარელიძის თქმით, კოალიციაზე დაკვირვება შესაძლოა ხელისუფლების სამომავლო ორიენტაციის განსამარტავადაც გამოდგეს:

„კოალიცია რაზედაც აიღებს ორიენტაციას სამომავლოდ, იმის შესაბამის პოლიტიკურ ჯგუფებს წამოსწევს წინ თავის სტრუქტურაში. რესპუბლიკელების საკმაოდ ფართოდ წარმოდგენა განპირობებული სწორედ იმით იყო, რომ კოალიციას დასავლეთზე ორიენტაცია ჰქონდა აღებული და, ზოგადად, დასავლეთისთვისაც ცნობილია რესპუბლიკელების პროდასავლური ორიენტაცია. შესაბამისად, „ქართულ ოცნებას“, რომელსაც სულ უდგას პრობლემა, როგორ დაარწმუნოს დასავლეთი თავისი კურსის პროდასავლურობაში, სჭირდებოდა რესპუბლიკელები. ალბათ, მომავალში ასეთი საჭიროება თუ გაიზრდება,თორემ არ შემცირდება და, სავარაუდოა, რომ ეს საკითხი არ გადაიხედება“.

სანამ მმართველი კოალიციის შემადგენლობა ხელისუფლების პოლიტიკური ორიენტაციის თაობაზე შეკითხვებს უპასუხებდეს, მანამდე კოალიციის შიგნით არსებულ ვითარებაზე დასმულ კითხვებს „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომაზე განიხილავენ.

  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG