Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მუშაობა განაახლეს ტყიბულელმა მაღაროელებმა


მუშაობა განაახლეს ტყიბულელმა მაღაროელებმა, რომლებიც 14 თებერვალს გაიფიცნენ ხელფასის 40%-ით გაზრდის და სამუშაო პირობების გაუმჯობესების მოთხოვნებით. გაფიცულების საინიციატივო ჯგუფის და საწარმოს მფლობელი „საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის“ წარმომადგენლებმა შეთანხმებას გვიან ღამით მიაღწიეს თითქმის 7 საათიანი მოლაპარაკებისას, რომელშიც მონაწილეობდნენ პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი, ტყიბულის მაჟორიტარი დეპუტატი ელისო ჩაფიძე და ბიზნესომბუდსმენი გიორგი გახარია. მიღწეული შეთანხმებით, ტყიბულის მაღაროს საერთო სახელფასო ფონდი 5%-ით გაიზრდება, თუმცა, მეშახტეებისა და მაღალი რისკის სხვა სამუშაოს შემსრულებელთა ხელფასი 5%-ზე მეტით მოიმატებს. მხარეები ასევე შეთანხმდნენ, რომ დამსაქმებელი ეტაპობრივად მიიღებს შრომის უსაფრთხოების კონკრეტულ ზომებს და გაფიცვის პერიოდში, 14-დან 29 თებერვლის ჩათვლით გაცდენილი სამუშაო დღეებიდან აანაზღაურებს ნახევარ ხელფასს, ხოლო მეორე ნახევარი დასაქმებულს აუნაზღაურდება შვებულების ხარჯზე. ამავე შეთანხმებით, დასაქმებულთა მიმართ არ გატარდება ადმინისტრაციული და დისციპლინური სანქციები. შეთანხმება ერთობლივი ძალებით მიღწეულ მაქსიმუმად შეაფასა მაღაროელების საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელმა ვლადიმერ ჯღარკავამ. „ინდივიდუალურად კმაყოფილები ვართ, თუ არა ეს სხვა საკითხია, მაგრამ გადაწყვეტილება ამ ეტაპზე მისაღებია“ - განუცხადა ჟურნალისტებს ვლადიმერ ჯღარკავამ. ტყიბულის მაღაროს მფლობელი „საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის“ ფინანსური დირექტორის ზურაბ გელენიძის განმარტებით, გამომდინარე იქიდან, რომ ხელფასის გაზრდა არ შეეხება საინჟინრო-ტექნიკურ პერსონალს, შეღავათებს თავის თავზე იგრძნობს
ათასზე მეტი მეშახტე. შეთანხმების მიღწევის პროცესს ძალზედ რთული უწოდა ბიზნესომბუდსმენმა გიორგი გახარიამ, რომელიც ტყიბულში გამართულ მოლაპარაკებაში საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის დავალებით მონაწილეობდა. „მიღწეული შეთანხმება საფრთხილოა და უახლოესი დღეების განმავლობაში გამოცდას უნდა გაუძლოს, მაგრამ იმედი მაქვს შეთანხმებას ყველა მხარე შეასრულებს“ - განაცხადა გიორგი გახარიამ. ტყიბულში გვიან ღამით მიღწეულ შეთანხმებას ოპტიმალური ვარიანტი უწოდა პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარემ ირაკლი პეტრიაშვილმა. მისი განცხადებით, საქართველოს პროფკავშირები განაგრძობს სასამართლო დავას, რათა ტყიბულის მაღაროს მფლობელმა კომპანიამ შეასრულოს ინფლაციის შესაბამისად ხელფასის გაზრდის ვალდებულება, რომელიც 2011 წელს აიღო.

XS
SM
MD
LG