Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საგამოძიებო ჯგუფი გაემგზავრება ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში


საგამოძიებო მოქმედებების ჩასატარებლად საქართველოდან ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში გაემგზავრება სპეციალური ჯგუფი. გამოძიების საგანია გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისარიატის ხელთ არსებული მონაცემები, რომელთა თანახმად, რამდენიმე გოგონა სექსუალურ ექსპლუატაციაში სდებს ბრალს ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში, 2014 წლის საერთაშორისო სამშვიდობო მისიის სამხედროებს, მათ შორის ქართველ ჯარისკაცებს. ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში საგამოძიებო ჯგუფის გამგზავრების დეტალები და პროცედურები საქართველოს თავდაცვის მინისტრს თინა ხიდაშელს თბილისში გააცნო გაეროში თავდაცვის სამინისტროს სპეციალურმა წარმომადგენელმა მირიან ფოფხაძემ. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, უკვე შერჩეულნი არიან საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის და ომის სამართლის დამოუკიდებელი ექსპერტები, რომლებიც ცენტრალურ აფრიკაში გაემგზავრებიან საგამოძიებო ჯგუფის წევრების სტატუსით. თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა ჟურნალისტებს აცნობა, რომ საგამოძიებო ჯგუფი ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში, სავარაუდოდ, აპრილის შუა რიცხვებში გაემგზავრება. „ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენი სამხედროების სახელი იყოს ზუსტად ისეთივე უმწიკვლო, როგორიც მათი საბრძოლო მოქმედებაა სამშვიდობო მისიებში", - განაცხადა თინა ხიდაშელმა. მისივე თქმით, საკითხზე პირადადაც იმუშავა თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად, როგორც იურისტს პოზიცია სრულად აქვს ჩამოყალიბებული, თუმცა, როგორც თავდაცვის მინისტრი საგამოძიებო ჯგუფის დაბრუნებას დაელოდება. „ბრიუსელში ყოფნის დროსაც მოგვცეს სრული წვდომა არქივზე, აბსოლუტურად იდენტურია და ემთხვევა ერთმანეთს და შეგვიძლია თამამად ვისაუბროთ, რომ ჩვენი სამხედროები ნამდვილად არაფერ შუაში არ არიან, მაგრამ დაველოდოთ საგამოძიებო ჯგუფის დაბრუნებას“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა.

XS
SM
MD
LG