Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სოფელ კირბალში საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა საქართველოს მოქალაქე დააკავეს


გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალთან ამავე სოფლის მცხოვრები 44 წლის ეროს თაყაძე დაკავეს. სოფელი კირბალი ოკუპირებულ ტერიტორიებს ესაზღვრება. სოფლის მიმდებარე ტყესა და მინდვრებში ხშირად რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები პატრულირებენ. ეროს თაყაძე დააკავეს იმ დროს, როცა სოფლის განაპირას, სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე საქონელს მწყემსავდა. დაკავებულს ადგილზე ეგრეთ წოდებული საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდება წაუყენეს და ცხინვალის იზოლატორში გადაიყვანეს. დაკავებულის დედა, ციცინო თაყაძე, აცხადებს, რომ მისი შვილი საქონელს სოფლის ტერიტორიაზე აძოვებდა და საოკუპაციო ხაზის მიღმა არ გადასულა, მან დაკავების შესახებ ქართველი სამართალდამცავებისგან შეიტყო.

ამ შემთხვევას თვითმხილველებიც ჰყავს. კირბალელები აცხადებენ, რომ საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები ხშირად შემოდიან სოფლის სიღრმეში და სოფლის განაპირას ფიჩხის მოსაგროვებლად და საქონლის სამწყემსავად წასულ მოქალაქეებს აკავებენ.

დაკავებულის ოჯახს გორის მუნიციპალიტეტის გამგებელი დავით ონიაშვილი ესტუმრა, რომელმაც საქმის კურსში ჩააყენა როგორც შესაბამისი სამართალდამცავი და სამთავრობო უწყებები, ისე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. მისი თქმით, ამოქმედებულია მონიტორინგის მისიის ცხელი ხაზი და ქართველი სამართალდამცავები ოს კოლეგებთან თაყაძის გათავისუფლების მოთხოვნით მოლაპარაკებებს აწარმოებენ.

სოფელ კირბალის მცხოვრებლების თქმით, მათ უსაფრთხოების გარანტიას ვერავინ აძლევს, გარდა ამისა, კირბალელებმა არ იციან, სადამდე შეიძლება გადაადგილება - სოფლის გარშემო არ არსებობს მავთულხლართები და ღობეები, კირბალის მიმდებარე ტყეში კი საოკუპაციო ძალებს საგუშაგოები აქვთ მოწყობილი, საიდანაც სოფლის მიმართულებით ხშირად გადაადგილდებიან. გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალიდან 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ყველაზე მეტი მოქალაქე იყო დაკავებული, ეგრეთ წოდებული საზღვრის გადაკვეთის ბრალდებით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG