Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
რეგიონული მაცნე

სამცხე-ჯავახეთში საგაზაფხულო სამუშაოები მიმდინარეობს


სვირში მცხოვრებმა რეზო შუბითიძემ საგაზაფხულო სამუშაოები უკვე დაიწყო - მიწის ნაკვეთი დაამუშავა, მალე კი მარცვლეულ კულტურებს დათესავს. ფერმერი ამბობს, რომ სოფელში შპს “მექანიზატორის“ მხოლოდ ერთი ტრაქტორი მუშაობს, რომელიც, სვირის გარდა, კიდევ ორ დასახლებულ პუნქტს ემსახურება.

სვირის ტერიტორიულ ერთეულში სოფლები სვირი, ბოგა და ტატანისი შედის. ადგილობრივები ამბობენ, რომ სამი სოფლისთვის გამოყოფილი ერთი ტრაქტორი საკმარისი არ არის, ამიტომ ნიადაგის დროული დამუშავება ხშირად ფერხდება. სასოფლო-სამეურნეო სავარგულებს ფერმერები ძირითადად შემოდგომით, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ამუშავებენ. ადგილობრივთა უკმაყოფილებას იწვევს ის ფაქტი, რომ ბარათებით მომსახურებაში, ხვნის გარდა, სხვა პროცედურები არ შედის.

მუნიციპალიტეტის მასშტაბით, საგაზაფხულო სამუშაოები აქტიურად 1 მარტიდან დაიწყო. სოფელ სვირის დეპუტატი აცხადებს, რომ ტექნიკის მომსახურების მხრივ მოსახლეობას პრობლემები არ შეჰქმნია. თემურ უჩიძის თქმით, მოსახლეობა ნიადაგის დასამუშავებლად სახნავ ბარათებს აქტიურად იყენებს, თუმცა თავისი ნაკვეთის დაფარცხვისა და სხვა სამუშაოების ჩატარებისას თანხის გადახდა უწევს.

სამცხე-ჯავახეთში აქტიური საგაზაფხულო სამუშაოები ოთხ მუნიციპალიტეტში - ასპინძაში, ადიგენში, ახალციხესა და ბორჯომში - მიმდინარეობს. შპს „მექანიზატორის“ ახალციხის ცენტრის დირექტორი ამბობს, რომ ნინოწმინდასა და, ახალქალაქში კლიმატური პირობების გამო, ნიადაგის დამუშავება ჯერ არ დაწყებულა. კახა ჩინჩალაძის თქმით, ამ ეტაპზე ტექნიკა საკმარისია. ამ მხრივ პრობლემა შემოდგომით ჩნდება ხოლმე, როდესაც მიწას მოსახლეობის დიდი ნაწილი ამუშავებს, ამიტომ დამატებით ძალას კახეთიდან და იმერეთიდან მოუხმობენ.

კახა ჩინჩალაძის თქმით, ტრაქტორები ხვნის ბარათებზე მუშაობენ. ერთი ჰექტარი მიწის დათესვა და დაფარცხვა 70-დან 180 ლარის ფარგლებში მერყეობს. სამცხე-ჯავახეთს შპს „მექანიზატორის“ 55 ერთეული სახნავ-სათესი ტექნიკა ემსახურება, თითო მუნიციპალიტეტზე კი 10-10 ტრაქტორია გადანაწილებული. სოფლის მოსახლეობა, „მექანიზატორის“ გარდა, მიწას კერძო ტექნიკითაც ამუშავებს, რაც ფერმერს ერთ მეასედ მიწის ნაკვეთზე ლარი და 60 თეთრი უჯდება. მცირემიწიან ფერმერთა საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში,ხვნის ბარათები,ახალციხის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, პროგრამაში მონაწილე 8 279 ბენეფიციარზე გაიცა.წელს გაზაფხულზე 110 ჰექტარი დამუშავდა. მუნიციპალიტეტის მასშტაბით, სულ 9 ათას ჰექტარამდე სახნავ-სათესი ფართობია, აქედან ყოველწლიურად, დაახლოებით, 5 000 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო სავარგული მუშავდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG