Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამცხე-ჯავახეთში საგაზაფხულო სამუშაოებისათვის ემზადებიან


მესხეთში საგაზაფხულო სამუშაოებისთვის ემზადებიან. ფერმერების ნაწილს ნაკვეთი დამუშავებული აქვს, ნაწილი კი ახლა აპირებს. აგროკონსულტანტები გლეხებს ურჩევენ, მოხვნისთანავე მიწის ანალიზი გააკეთონ, რათა ზუსტად განსაზღვრონ, რა პესტიციდები და სასუქები დასჭირდებათ ნიადაგისთვის.

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფლებში საგაზაფხულო სამუშაოებისთვის მზადება დაიწყო. წნისში მცხოვრებმა ჟორა ჩადუნელმა მიწის ნაკვეთი უკვე დაამუშავა. ფერმერს, რეგიონის მკაცრი კლიმატური პირობების გამო, ჯერ არც ნერგები დაურგავს და არც მარცვლოვანი კულტურები დაუთესავს. ამბობს, რომ აქტიური საგაზაფხულო სამუშაოები მარტის თვიდან დაიწყება, როცა მოსავალს ნიადაგში მოყინვის საფრთხე აღარ დაემუქრება.

ჟორა ჩადუნელის მსგავსად, სამცხე-ჯავახეთში ფერმერთა უმეტესობა ჯერ მხოლოდ მიწის დახვნით შემოიფარგლა. აქტიური საგაზაფხულო სამუშაოების დასაწყებად ისინიც გამოზაფხულებას ელოდებიან. რა პერიოდში უნდა მოხდეს მიწის დამუშავება, დათესვა და ნაკვეთში შესაბამისი პესტიციდებისა თუ სასუქის შეტანა კარგი მოსავლის მისაღებად, ეს ადგილობრივებმა ძირითადად საკუთარი მრავალწლიანი გამოცდილებიდან იციან, თუმცა ამბობენ, რომ თანამედროვე ტექნოლოგიების შესახებ რჩევებს აგროკონსულტანტებისგანაც იღებენ.

უკეთესი მოსავლის მისაღებად აგროკონსულტანტები ფერმერებს მიწის ანალიზის გაკეთებას ურჩევენ, რაც სამ წელიწადში ერთხელაა საჭირო, უმჯობესია - შემოდგომით. ანალიზი საინფორმაციო საკონსულტაციო ცენტრში ტარდება 5 მიმართულებით და მისი ფასი 50 ლარია. აგროკონსულტანტი ზურაბ სადათიერაშვილი მოსავლის დაგეგმვაზე ამახვილებს ყურადღებას.

თანამედროვე ტექნოლოგიების შესახებ ფერმერებისთვის რჩევების მისაცემად სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის სამმართველოში ექსტენციის პროგრამა მუშაობს. ფერმერები სამმართველოს ძირითადად მიწის დამუშავებისა და შესაბამისი შხამქიმიკატების შეტანის შესახებ ინფორმაციის მისაღებად აკითხავენ. მამუკა თამარაძე მოსახლეობის აქტიურობას მარტიდან ელოდება.

მცირემიწიან ფერმერთა საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, ხვნის ბარათები ახალციხეში უკვე ჩამოიტანეს. მუნიციპალიტეტის მასშტაბით, პროგრამაში მონაწილეობას 9 722–ზე მეტი ფერმერი იღებს. მათ ბარათები თებერვლის ბოლომდე დაურიგდებათ და, შესაბამისი კლიმატური პირობების არსებობის შემთხვევაში, ნიადაგის დამუშავებას მარტიდან დაიწყებენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG