Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ავტონომია უნივერსიტეტს! პრიორიტეტი მეცნიერებას!“ - სტუდენტების აქციები განახლდა


სტუდენტების აქცია
სტუდენტების აქცია

თითქმის თვენახევრიანი შესვენების შემდეგ, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საპროტესტო აქცია განახლდა. “აუდიტორია 115”-ის მიერ ორგანიზებული აქციის მთავარი მოთხოვნა სისტემის სრული გარდაქმნა და განათლების ძირეული რეფორმის განხორციელებაა. სტუდენტები აცხადებენ, რომ განათლების სამინისტრომ, დაპირების მიუხედავად, სტუდენტების მთავარი მოთხოვნები არ გაითვალისწინა და საგანმანათლებლო დაწესებულებებში თანასწორი და თავისუფალი გარემოს შექმნის ნება ვერ გამოავლინა. შესაბამისად, “აუდიტორია 115”-ის წევრები სამინისტროს უნდობლობას უცხადებენ, საქმეში პრემიერ-მინისტრის ჩარევას ითხოვენ და საპროტესტო აქციას რადიკალური ფორმით იწყებენ.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების საპროტესტო აქცია 16 აპრილს, დილიდან, უნივერსიტეტის მე-6 კორპუსის დაკავებით დაიწყო. შენობის კარი სტუდენტებმა შიგნიდან აჭედეს და მერხებით ჩახერგეს, რასაც დაცვამ წინააღმდეგობა ვერ გაუწია. პარალელურად, შენობის გარეთ საპროტესტო გამოსვლები გაგრძელდა:

“ავტონომია უნივერსიტეტს! ავტონომია უნივერსიტეტს! პრიორიტეტი მეცნიერებას! პრიორიტეტი მეცნიერებას!” - ვინმეს გაუგია საქართველოში ასეთი ლოზუნგით გამოსულიყვნენ ადამიანები ქუჩაში?!

აქციის მონაწილე სტუდენტები დარწმუნებულნი არიან, რომ ისინი საქართველოსა და მთელ რეგიონში ამკვიდრებენ პროტესტის განსხვავებულ გამოცდილებას, პრაქტიკასა და კულტურას, რომელიც განათლების სფეროს გაჯანსაღებისკენაა მიმართული:

შენობის კარი სტუდენტებმა შიგნიდან აჭედეს და მერხებით ჩახერგეს
შენობის კარი სტუდენტებმა შიგნიდან აჭედეს და მერხებით ჩახერგეს

“აუდიტორია 115“ არის ძალიან გაბრაზებული, იმიტომ რომ ჩვენ მოგვატყუეს. მოგვატყუეს, როდესაც მინისტრი და მინისტრის მოადგილე დაგვპირდნენ, რომ კანონში „განათლების შესახებ“ შევიდოდა ცვლილებები ჩვენი პრინციპების, დაწერილი პრინციპების მიხედვით. მათ ეგონათ, რომ მუხტი გაქრებოდა. და მათ შემოგვთავაზეს ისეთი მოდელები, რომლებიც უფრო უარესია და მუხტი არის და ჩვენ ამ ბრძოლაში მარტო არ ვართ. ჩვენს ამ ბრძოლას უერთდებიან სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები, თბილისის სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები“.

პრინციპები, რომლებზეც ნოდარ ეცადაშვილი საუბრობს და რომლებიც „აუდიტორია 115“-ის სახელით წარედგინა განათლების სამინისტროს, შემდეგია: მოხდეს განათლების სისტემის სრული რეფორმირება და მეცნიერება იქცეს პრიორიტეტად, რაც ძირითადად გარე რეფერირებას გულისხმობს. სტუდენტების მიერ მომზადებული მეორე პრინციპია სტუდენტური თვითმმართველობის სტრუქტურის გაუქმება და წარმომადგენლობითი ფუნქციის გადაცემა საბჭოებში პირდაპირი წესით არჩეული სტუდენტებისთვის. მესამე მოთხოვნაა რექტორისა და აკადემიური საბჭოს არჩევის ახალი, დემოკრატიული წესის შემუშავება და, ბოლოს, მეოთხეა ოდეერების მიერ უნივერსიტეტის დაუყოვნებლივ დატოვება.

სტუდენტებმა აქციები განაახლეს
please wait

No media source currently available

0:00 0:02:22 0:00

ამ პრინციპების განხილვისა და შეჯერების მიზნით, ბოლო შეხვედრა განათლების მინისტრ თამარ სანიკიძესთან 13 აპრილს გაიმართა. შეხვედრის დასრულების შემდეგ სტუდენტებისთვის ნათელი გახდა, რომ სამინისტრომ „აუდიტორია 115“-ის წევრ სტუდენტთა მთავარი მოთხოვნები არ გაითვალისწინა:

“სამწუხაროდ, სამინისტრომ ჩათვალა, რომ ჩვენ გულუბრყვილოები ვართ, ეცადა ჩვენს მოტყუებას. რეალურად ის კანონპროექტი, რომელიც ჩვენ გადმოგვიგზავნა სამინისტრომ, არავითარი სისტემური პრობლემის გადაწყვეტას არ გულისხმობს საკუთარ თავში. ის, უბრალოდ, მსუბუქად გადახალისებული ბიუროკრატიის ახალი სახეა, ასე ვთქვათ. ჩვენ, რა თქმა უნდა, ამ ტყუილს არ დავჯერდებით და შესაბამისად გავცემთ პასუხს“, გვითხრა ილიაუნის სტუდენტმა გიორგი კობახიძემ ამჯერად უკვე უნივერსიტეტის პირველი კორპუსის წინ, სადაც გაგრძელდა აქცია მეექვსე კორპუსიდან გადმონაცვლების შემდეგ.

აქციის მოთხოვნებს შორისაა პრემიერ-მინისტრის უნივერსიტეტში მისვლა. „აუდიტორია 115“-ის წევრი ლევან ლორთქიფანიძე ამბობს, რომ გიორგი კვირიკაშვილს სტუდენტები თავიანთი მოთხოვნების გასაცნობად 115-ე აუდიტორიაში იწვევენ:

პროტესტი გაგრძელდება საკმაოდ რადიკალურად. ჩვენ ყველაფერზე უკვე შეთანხმებულები ვართ ჯგუფში, რომ ეს იქნება ძალიან მკაფიოდ გაჟღერებული მესიჯები, რათა სახელმწიფოს პრიორიტეტი გახდეს განათლება და განათლებაში ჩაიდოს სახელმწიფო რესურსი. ეს არის ჩვენი გადაწყვეტილება...
ირაკლი კუპრაძე

“ჩვენ აბსოლუტურად მშვიდობიანი გზებით ვართ გაფიცულები. ის, რაც ხდება პარიზში, ის, რაც ხდება ბრიუსელის ღია უნივერსიტეტში, ხდება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტშიც. ვაპროტესტებთ, სანამ ვინმე განათლების ფუნდამენტურ რეფორმაზე არ აიღებს პასუხისმგებლობას. და ეს ვინმე უნდა იყოს პრემიერ-მინისტრი, იმიტომ რომ განათლების, მეცნიერების მინისტრის, მისი პასუხისმგებლობის, მისი ძალაუფლების ჩვენ არ გვჯერა, მას არაფერი შეუძლია“.

ლევან ლირთქიფანიძე უკმაყოფილოა იმით, რომ სამინისტრომ მომზადებული კანონპროექტით რეალურად მხოლოდ სახელი შეუცვალა თვითმმართველობას და მას კლუბი დაარქვა, მაშინ როდესაც დაუტოვა იერარქიული სტრუქტურა, თანამდებობები, ბიუროკრატია და გავლენა.

„აუდიტორია 115“-ის საყვედურებს, რომ ცვლილებები ფორმალურია, არ იზიარებს განათლების მინისტრი. 14 აპრილს მან განაცხადა, რომ სამინისტრომ სტუდენტებს მნიშვნელოვანი ცვლილებები და რეფორმის ფორმები შესთავაზა, რომელშიც მათი მოთხოვნების 80 პროცენტია გათვალისწინებული.

სტუდენტები კი, ირაკლი კუპრაძის თანახმად, საპროტესტო აქციების მანამდე გაგრძელებას აპირებენ, სანამ მათი მთავარი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება:

“პროტესტი გაგრძელდება საკმაოდ რადიკალურად. ჩვენ ყველაფერზე უკვე შეთანხმებულები ვართ ჯგუფში, რომ ეს იქნება ძალიან მკაფიოდ გაჟღერებული მესიჯები, რათა სახელმწიფოს პრიორიტეტი გახდეს განათლება და განათლებაში ჩაიდოს სახელმწიფო რესურსი. ეს არის ჩვენი გადაწყვეტილება“.

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების საპროტესტო აქციამ უნივერსიტეტიდან მსვლელობით სახელმწიფო კანცელარიის შენობასთან გადაინაცვლა და მოგვიანებით კვლავ უნივერსიტეტში გაგრძელდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG