Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შეჭრა რექტორის კაბინეტში - უნივერსიტეტში ტემპერატურა ისევ მაღალია


სტუდენტების აქცია უნივერსიტეტში
სტუდენტების აქცია უნივერსიტეტში

თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც მერვე დღეა სტუდენტების საპროტესტო აქციები მიმდინარეობს, ვითარება ისევ დაძაბულია. 15 მარტს უნივერსიტეტის პირველ კორპუსში ხმაური მოჰყვა თვითმმართველობის წევრების მიერ უნივერსიტეტის რექტორ ვლადიმერ პაპავას კაბინეტის ძალით დაკავებას.

პაპავამ, რომლის გადადგომასაც თვითმმართველობის წევრები და მათი მომხრეები მოითხოვენ, 115-ე აუდიტორიაში სტუდენტების მეორე ნაწილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ არ გადადგება. პაპავამ იგივე გაუმეორა რექტორის კაბინეტში შეჭრილ თვითმმართველობის წევრებსაც. უნივერსიტეტის ავტონომიისა და რექტორის თანამდებობაზე დარჩენის მომხრე სტუდენტები უნივერსიტეტში მდგომარეობის განსამუხტად შინაგან საქმეთა მინისტრის მისვლას მოითხოვდნენ. სტუდენტების აქცია გრძელდებოდა უნივერსიტეტის ეზოშიც.

უკვე მერვე დღეა პროტესტის ხმა უნივერსიტეტის პირველ კორპუსში ყოველდღე გაისმის. შენობის ერთ ნაწილში ის სტუდენტები დგანან, რომლებიც უნივერსიტეტის ავტონომიას მოითხოვენ და რომელთაც, ბოლო დღეებია, აუდიტორია #115-ის სახელით მოიხსენიებენ, ხოლო მეორე ნაწილში არიან უნივერსიტეტის თვითმმართველობის წევრები, რომლებიც რექტორის, ლადო პაპავას, გადადგომას მოითხოვენ. ეს იგივე ჯგუფია, რომელიც უნივერსიტეტის კანცლერის თანამდებობაზე გიორგი გაფრინდაშვილს უჭერდა მხარს. სტუდენტების ამ ორ ჯგუფს საერთო აქვთ ერთი მოთხოვნა - უნივერსიტეტში ე. წ. ოდეერების საკითხის გამოძიება, თუმცა თვითმმართველობა, დამატებით, რექტორის გადადგომას მოითხოვს. დანარჩენი სტუდენტები სტუდენტური თვითმმართველობის საფუძვლიან რეფორმირებას და პაპავას თანამდებობაზე დარჩენას მოითხოვენ.

სტუდენტების აქცია უნივერსიტეტში
სტუდენტების აქცია უნივერსიტეტში

„ეს არის ზეწოლა რექტორის მიმართ, გადადგეს თანამდებობიდან, და ჩვენ სწორედ ამ ზეწოლას ვეწინააღმდეგებით. უნივერსიტეტი დღეს პრაქტიკულად პარალიზებულია, მაგრამ სამწუხარო ის არის, რომ დღეს აქ არა მხოლოდ უნივერსიტეტის თვითმმართველობის წარმომადგენლები, არამედ გაურკვეველი ნიღბიანი პირებიც იმყოფებიან, ასევე გაურკვეველი მისიით. ჩვენ სწორედ ამას ვაპროტესტებთ, პირველ რიგში, თვითმმართველობის თავნებობას, რომელიც ძალადობრივი მეთოდებით ცდილობს მოახდინოს ზეწოლა რექტორსა და აკადემიურ საბჭოზე“, - გვითხრა აქციის მონაწილე სტუდენტმა, დაჩი ჩიტაიამ. ის ამბობს, რომ შესაცვლელია უნივერსიტეტის თვითმმართველობის სისტემა, რომელიც სტუდენტების სამართავად შექმნილი ვერტიკალური ბიუროკრატიული მექანიზმია და შორს დგას სტუდენტების ინტერესების დაცვისგან. „აუდიტორია #115-ის სტუდენტები ეწინააღმდეგებიან თვითმმართველობის წევრებისათვის მინიჭებულ სხვადასხვა პრივილეგიებს, მათ შორის, წლის განმავლობაში მათთვის გამოყოფილ დაფინანსებასაც, და უნივერსიტეტში სრულ თანასწორობას მოითხოვენ.

უნივერსიტეტის რექტორის კაბინეტთან საყვირებით ხელში იყვნენ მობილიზებული თვითმმართველობის წევრები. იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტი კახა ბალახაძე რადიო თავისუფლებასთან საუბარში ამბობს, რომ ის და მისი მეგობრები დათმობას არ აპირებენ:

სტუდენტების აქციები უნივერსიტეტში
სტუდენტების აქციები უნივერსიტეტში

„ჩვენ ვითხოვთ რექტორის გადადგომას და სამართლიანობის აღდგენას, იმიტომ რომ ყველაფერი, რაც აქ ხდება, სწორედ ჩვენი რექტორის სინდისზეა. ალბათ, მოსწონს ასეთი დაპირისპირება რომ არის სტუდენტებს შორის. ჩვენ მაინც ყველაზე მეტად ის გვინდა, რომ გაგვცეს პასუხი. თუ პაპავამ იცოდა, რომ სამი წლის განმავლობაში უნივერსიტეტში ოდეერები იყვნენ, რატომ თქვა და დაადასტურა ეს ამბავი მხოლოდ ახლა, რატომ დუმდა სამი წელი?“

ლადო პაპავა 15 მარტს სწორედ 115-ე აუდიტორიაში შეხვდა სტუდენტებს და განაცხადა, რომ ის ამ სიტუაციაში უნივერსიტეტის პირველი პირის პოსტიდან არ წავა, რადგან ამან მხოლოდ ანარქია შეიძლება გამოიწვიოს:

„თსუ-ს რექტორი, უნივერსიტეტისა, რომლის ერთიანობა და მთლიანობა საფრთხის ქვეშ დგას და, იქიდან გამომდინარე, რომ რექტორი პირველი პირია, რექტორი გადადგომას არ აპირებს“, - პაპავას ამ სიტყვებს აუდიტორია #115-ში აპლოდისმენტები მოჰყვა. პაპავამ იმედი გამოთქვა, რომ სტუდენტებს ეყოფათ გონიერება ჩიხური ვითარებიდან გამოსასვლელად და იმ ძალების წისქვილზე არ დაასხამენ წყალს, ვისაც უნივერსიტეტშიც და ქვეყანაშიც არეულობა სურს. თუმცა ამ განცხადებიდან მალევე თვითმმართველობის წევრები, საყვირების ფონზე, რექტორის კაბინეტში შეიჭრნენ და იქაურობა დაიკავეს.

მზადყოფნას გამოვთქვამ ჩავერთო უმაღლესი განათლების სფეროში მოქმედი კანონმდებლობის გაუმჯობესების პროცესში, რათა გამოირიცხოს არასამართლიანი თუ უთანასწორო მიდგომა სტუდენტებს შორის და მათი უფლებებისა და კანონიერი ინტერესებისათვის საზიანო ვითარების არსებობა...
უჩა ნანუაშვილი

აუდიტორია #115-ის სახელით კი, სტუდენტმა შოთა სურგულაძემ საგანგებო ბრიფინგზე მხარდამჭერებს მათი დაცვისაკენ მოუწოდა იმ შემთხვევაში, თუ პოლიცია მათ დაცვას ვერ შეძლებს:

„თუ ჩვენ პოლიცია ვერ დაგვიცავს, თუ ჩვენ ვინმე ფიზიკურად შეგვეხება, ვგულისხმობ სტუდენტურ თვითმმართველობას, მაშინ მოვუწოდებთ ჩვენს მხარდამჭერებს, მათ დაგვიცვან“.

15 მარტს რექტორის კაბინეტთან შიმშილობა დაიწყო რამდენიმე პროფესორმაც. მანანა ხარხელის, იზოლდა ჭილაძისა და გიული ქეშელაშვილის განცხადებით, ლადო პაპავამ დაკავებული თანამდებობა არ უნდა დატოვოს.

უნივერსიტეტში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილიც, რომლის განცხადებით, უნივერსიტეტში მოხდა ძალადობის რამდენიმე ფაქტი, ხოლო პოლიციამ და თსუ-ს დაცვის სამსახურმა ვერ მოახერხეს, ერთი მხრივ, ამ ფაქტების თავიდან არიდება და, მეორე მხრივ, მათზე ეფექტური რეაგირება“. განცხადებაში ასევე ვკითხულობთ:

„როგორც სახალხო დამცველი, გამოვხატავ პირად დაინტერესებას უნივერსიტეტში ე.წ. „ოდეერის“ ფუნქციონირებასთან დაკავშირებით და ვგეგმავ გამოვიყენო ჩემს ხელთ არსებული ყველა ბერკეტი ამ მიმართულებით არსებული ვითარების კანონიერების შესასწავლად. ამავდროულად, მზადყოფნას გამოვთქვამ ჩავერთო უმაღლესი განათლების სფეროში მოქმედი კანონმდებლობის გაუმჯობესების პროცესში, რათა გამოირიცხოს არასამართლიანი თუ უთანასწორო მიდგომა სტუდენტებს შორის და მათი უფლებებისა და კანონიერი ინტერესებისათვის საზიანო ვითარების არსებობა“.

დღის ბოლოს ლადო პაპავა მის კაბინეტში შეჭრილ სტუდენტებსაც შეხვდა, თუმცა მათ მთავარ მოთხოვნას, რექტორის პოსტის დატოვების თაობაზე, პაპავამ უარით უპასუხა. შეხვედრიდან გამოსულმა უნივერსიტეტის რექტორმა ყველა იმ პირს, ვისაც უნივერსიტეტთან კავშირი არა აქვს, მოუწოდა დატოვონ უნივერსიტეტის ტერიტორია. კითხვაზე, რა გამოსავალს ხედავს შექმნილი ვითარებიდან, ლადო პაპავამ უპასუხა, რომ სიტუაციის განმუხტვის ერთადერთი გზა ისევ დიალოგია.

სტუდენტების აქცია უნივერსიტეტში
სტუდენტების აქცია უნივერსიტეტში

უნივერსიტეტში მიმდინარე მოვლენებს განცხადებით გამოეხმაურა 16 არასამთავრობო ორგანიზაცია, მათი მთავარი ადრესატი შინაგან საქმეთა სამინისტროა. უფლებების დამცველებს მიაჩნიათ, რომ მიუხედავად უნივერსიტეტში პოლიციის მობილიზებისა, მას არ გააჩნია უნივერსიტეტის შენობაში წესრიგისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის ერთიანი სტრატეგია და გეგმა, რაც აჩენს ორი სხვადასხვა შეკრების მონაწილეებს შორის ფიზიკური კონტაქტისა და ძალადობრივი თავდასხმის რისკებს. სწორედ ამიტომ, არასამთავრობო ორგანიზაციები მოითხოვენ:

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და თსუ-ს უსაფრთხოების სამსახურს უნივერსიტეტის შენობაში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე დაუყოვნებლივ უზრუნველყოს უსაფრთხოება და მშვიდობიანი აქციის მონაწილეებისთვის შეკრების თავისუფლების რეალიზება;

საქართველოს მთავრობამ დაიწყოს გამოძიება საუნივერსიტეტო სივრცეში ე.წ. "ოდეერების" უკანანო საქმიანობის შესახებ;

საქართველოს მთავრობამ დააფიქსიროს მკაფიო პოლიტიკური ნება, რომ ითვალისწინებს სტუდენტთა ლეგიტიმურ მოთხოვნას, დაიწყოს აკადემიურ თავისუფლებაზე დაფუძნებული განათლების სისტემის ფუნდამენტური რეფორმა".

ვავალებ განათლების მინისტრს თამარ სანიკიძეს, დაუყოვნებლივ უზრუნველყოს შეხვედრის ორგანიზება პარიტეტულ საწყისებზე სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან, აკადემიურ პერსონალთან და ხელმძღვანელ პირებთან, რათა მოხდეს შექმნილი პრობლემის უმოკლეს ვადებში გადაჭრა...
გიორგი კვირიკაშვილი

განცხადებას ხელს აწერენ: ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC), ფონდი ღია საზოგადოება საქართველო (OSGF), საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, „მრავალეროვანი საქართველო" (PMMG), სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED), სამოქალაქო განვითარების სააგენტო (CiDA), "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო", კავშირი „საფარი",ქალთა მოძრაობა, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI), ასოციაცია "მწვანე ალტერნატივა", კავკასიური სახლი, სათემო განვითარების ცენტრი, აღმოსავლეთ პარტნიორობის ხელოვნებისა და კულტურის საბჭო, ფონდი "ტასო", კონსტიტუციის 42-ე მუხლი.

მოვლენებს დღის ბოლოს საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის რეაქციაც მოჰყვა. მისი განცხადების თანახმად, შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიიღო საგანგებო დავალება, სასწრაფოდ განმუხტოს ვითარება უნივერსიტეტში და გააძლიეროს უსაფრთხოების ზომები. ხოლო განათლების მინისტრს სტუდენტებთან და აკადემიურ პერსონალთან შეხვედრისაკენ მოუწოდა.

„ვინაიდან უნივერსიტეტის ხელმძღვანელობამ ვერ უზრუნველყო პროცესების იმგვარად წარმართვა, რომ ყველა დაინტერესებულ მხარეს, მათ შორის სტუდენტებს, მშვიდ და სტაბილურ გარემოში შეძლებოდათ საკუთარი აზრის დაფიქსირება და მათი პოზიცია ყოფილიყო სათანადოდ გააზრებული, ვავალებ განათლების მინისტრს თამარ სანიკიძეს, დაუყოვნებლივ უზრუნველყოს შეხვედრის ორგანიზება პარიტეტულ საწყისებზე სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან, აკადემიურ პერსონალთან და ხელმძღვანელ პირებთან, რათა მოხდეს შექმნილი პრობლემის უმოკლეს ვადებში გადაჭრა.

დღეს, როგორც არასდროს, ისე გვჭირდება ახალგაზრდების პოზიცია და მონაწილეობა იმ ახალი რეფორმის შემუშავებაში, რომლებსაც ჩვენ ვგეგმავთ განათლების სისტემაში. მხოლოდ ერთიანი ძალით - დარგის სპეციალისტების და სტუდენტების მონაწილეობით შევძლებთ შევიმუშაოთ ისეთი რეფორმა, რომელიც რეალურად შეცვლის განათლების სისტემას", - ვკითხულობთ პრემიერის განცხადებაში.

გიორგი კვირიკაშვილის განცხადებას მალევე გამოეხმაურა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო. მათ სამინისტროში შეხვედრა დანიშნეს, ხოლო თსუ-ს ადმინისტრაციას სთხოვეს მონაწილეთა შერჩევა პარიტეტული პრინციპით.

  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG