Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ძველი სახარებების რთული და გრძელი ისტორიები


მოქვის ოთხთავი
მოქვის ოთხთავი

უძველესი ქართული სახარებებიდან ბევრი არ შემორჩენილა, თუმცა მათგან რამდენიმე მაინც გადარჩა. მათ შორის არის ჯრუჭის, პარხლის, მოქვის, ალავერდისა და სხვა ოთხთავები. თითოეულ მათგანს თავისი ისტორია აქვს. სახარებებს ხშირად იტაცებდნენ, წვავდნენ, ძვირფასი თვლებისგან ძარცვავდნენ ან, უბრალოდ, დრო ცვეთდა. ამჯერად იმ წიგნებზე ვისაუბრებთ, რომლებმაც დღემდე მოაღწიეს და სხვადასხვა მუზეუმებში ინახება.

ამბობენ, რომ ერთხელ სვანეთში ერთ-ერთ შენობას ხანძარი გაუჩნდა. მთელი სოფელი ფეხზე დადგა, ცეცხლწაკიდებულ სახლში ადიშის ოთხთავი ინახებოდა. სახარება ხანძარს გამოარიდეს, თუმცა რამდენიმე ფურცელს კიდეები მაინც დაეწვა.

ადიშის ოთხთავი 897 წელს არის გადაწერილი და საქართველოში შემორჩენილი სახარებებიდან ყველაზე ძველია. წიგნი დღეს მესტიის მუზეუმში ინახება. მუზეუმის დირექტორი რუსუდან ქოჩქიანი ამბობს, რომ იმ რამდემინე ფურცლის კონსერვაცია ჯერაც არ მომხდარა. ჯერ ერთი, სათანადო სპეციალისტების შერჩევას ელოდებიან და, მეორეც, წიგნს თვითონ მესტიის მუზეუმში უნდა გაუკეთდეს რესტავრაცია:

„სპეციალისტებს ველოდებით საუკეთესოს, რომ მისი რესტავრაცია მოხდეს და თან სვანეთიდან არ უნდა წაიღონ. ძალიან დიდი სირთულე იყო მისი მუზეუმში გადმოტანაც კი და მთელი სვანეთი აღდგება, ეს რომ სვანეთიდან გაიტანონ. ეს ცოტა სხვა თემაა სვანებისთვის“.

ქართული სახარებები ნაპოვნია სინას მთასა და ათონზეც, კერძოდ, ათონში ინახება ოპიზის სახარება, რომელიც 913 წელს ოპიზაში გადაწერეს. ეს წიგნი ნიკო მარმა აღმოაჩინა.

სახარებების გადაწერით ძირითადად ის ბერები იყვნენ დაკავებული, რომლებმაც ბერძნული სრულყოფილად იცოდნენ. როგორც წესი, სახარებები სწორედ ბერძნულიდან ითარგმნებოდა. ამასთან, ძალიან კარგად უნდა გცოდნოდა მშობლიური ენაც, რადგან მსგავს ტექსტებში მცირე ცდომილებასაც კი შეუძლია შინაარსი მთლიანად შეცვალოს და ეს არაერთხელ მომხდარა კიდეც.

გამორჩეულია ვანის ოთხთავი, რადგან ეს გახლავთ თამარ მეფის პირადი სახარება, რომელიც კონსტანტინოპოლში, უშუალოდ თამარ მეფისთვის, მისი დაკვეთით გადაწერეს...
ეკა დუღაშვილი

ექვთიმე მთაწმინდელი მეათე საუკუნეში ცხოვრობდა და უამრავი წიგნი თარგმნა. ის ბავშვობიდან უცხოეთში იზრდებოდა, ამიტომ მშობლიური ენა თავდაპირველად ძალიან ცუდად იცოდა. გიორგი მთაწმინდელი წერს, რომ ექვთიმემ ქართული ღვთისმშობლის გამოცხადების შედეგად ისწავლა. ის ბავშვობაში ათონის მთაზე ძალიან მძიმედ გახდა ავად, ეგონათ, აღარ გადარჩებოდა. უშუალოდ გამოცხადების შესახებ გიორგი მთაწმინდელი თავად ექვთიმეს მონაყოლს ციტირებს : „აწღა წარმომიდგა ვინმე დიდებული დედოფალი და მრქუა ქართულითა ენითა: „რაჲ არს, რაჲ გელმის, ეფთჳმე?” ხოლო მე ვარქუ, ვითარმედ: „მოვკუდები, დედოფალო”. და ვითარცა ესე ვთქუ, მომეახლა და მიპყრა ჴელსა და მრქუა: „არარაჲ არს ვნებაჲ შენ თანა, აღდეგ, ნუ გეშინინ და ქართულად ჴსნილად უბნობდი”.

ამას მოსდევს ექვთიმეს მამის, ბერი იოანეს სიტყვები, საიდანაც ირკვევა, რომ მაშინდელ საქართველოში წიგნები საკმარისად არ ჰქონდათ: „შვილო ჩემო, ქართლისა ქუეყანაი დიდად ნაკლულევან არს წიგნთაგან და მრავალნი წიგნნი აკლან და ვხედავ, რომელ ღმერთსა მოუმადლებია შენდა. აწ იღუაწე, რაითა განამრავლო სასყიდელი შენი ღმრთისაგან“.

ექვთიმეს დაწყებული საქმე შემდეგ უშუალოდ გიორგი მთაწმინდელმა განაგრძო, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი ეკა დუღაშვილი ამბობს, მე-11 საუკუნიდან მოყოლებული, სახარების კანონიკურ, ანუ ბოლომდე სანდო, ტექსტად სწორედ გიორგი მთაწმინდელის რედაქცია მიიჩნევაო.

„გამორჩეულია ვანის ოთხთავი, რადგან ეს გახლავთ თამარ მეფის პირადი სახარება, რომელიც კონსტანტინოპოლში, უშუალოდ თამარ მეფისთვის, მისი დაკვეთით გადაწერეს. შეიცავს მრავალრიცხოვან ოქრო-მელნით შესრულებულ მინიატიურას. არის გიორგი მთაწმინდელის რედაქციის შემცველი ტექსტი“.

გიორგი მთაწმინდელის რედაქციითაა ალავერდის ოთხთავიც, რომელიც, როგორც ეკა დუღაშვილი ამბობს, ალავერდში მოგვიანებით მოხვდა, გადაწერით კი სირიაში, შავი მთის სამონასტრო კომპლექსში, გადაწერეს:

„ეს ხელნაწერი მნიშვნელოვანია იმით, რომ ბოლოში მას ახლავს იესო ქრისტესა და ავგაროზ მეფის მიმოწერა, ტექსტი. ამასთან, იქვე არის ჩართული გამოსახულება მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატისა, მანდილიონისა, რომელიც შემდეგ ძალიან პოპულარული იყო ქრისტიანულ ხელოვნებაში. მას აქვს გვიანდელი ყდა, ძვირფასი თვლებით მოჭედილი, რომელიც შეგვიძლია ხელოვნების ნიმუშად ჩავთვალოთ. სანაწილე აქვს ოთხი, თუმცა ნაწილები უკვე დაკარგულია. სავარაუდოდ, ოთხი მახარებლის წმინდა ნაწილები უნდა ყოფილიყო შიგ“.

რაც შეეხება სახარების სხვა მთარგმნელებს, მათზე ხშირად მხოლოდ ის ინფორმაცია გვაქვს, რაც თავად დატოვეს, კერძოდ, ოპიზის სახარებას დაერთვის ანდერძი, რომელშიც გადამწერის ვინაობაა მითითებული: „მე, გლახაკი და ცოდვილი გრიგოლ...“, ჯრუჭის ოთხთავი გაბრიელს გადაუწერია, მოხატვით კი თევდორეს მოუხატავს: „ქრისტე, შეიწყალე ამათ კამარათა მწერალი, თევდორე“. პარხლის სახარების ანდერძში კი წერია: „მე იოვანე ბერამან, მწერალმან შატბერდელმან, შატბერდს დავწერე და პარხალს შევწირე სალოცველად ყოველთა ძმათა შატბერდელთა“. ოშკის ბიბლიას კი სამნი ერთად წერდნენ: „დაიწერა წმინდაი ესე წიგნი ხელითა სამთა მწერალთაითა: მიქაელისითა, გეორგისითა და სტეფანესითა“.

სხვა შემთხვევებისგან განსხვავებით, შევეცადეთ მაქსიმალურად, რომ არ შევხებოდით მინიატიურის კოლორიტს და არ შეცვლილიყო ფერი. ამის გამო პროცესი იყო ძალიან რთული. წარმოიდგინეთ, რამდენი ბზარი ჰქონდა თითოეულ პატარა მინიატიურას და სათითაოდ ყოველი ბზარი გავამაგრეთ...
თამარ დვალიშვილი

ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში შენახულია 936 წელს გადაწერილი ჯრუჭის ოთხთავი, სწორედ ის, რომლის 297 გვერდიდან ერთ-ერთზე კამარათა მწერალი თევდორე ქრისტეს შეწყალებას სთხოვს. აქვეა პარხლის ოთხთავიც, 973 წელს დაწერილი, და უნიკალურიმოქვის სახარება, რომლის გადასარჩენად ქართველმა ხალხმა რამდენიმე წელი ფული აგროვა.მოქვის ოთხთავი 1300 წელს აფხაზეთში, ღვთისმშობლის სახელობის მოქვის ეკლესიაში არის გადაწერილი, დანიელ მოქველი ეპისკოპოსის დაკვეთით. მასში 160 სიუჟეტური მინიატიურა და 531 მოხატული საზედაო ასოა. ოქროს ფირფიტებზე შესრულებული მინიატიურები სიძველისგან ნაწილებად იშლებოდა, თუმცა საჭირო თანხა შეგროვდა და 2015 წლის მარტში მოქვის სახარების ახალი, სამენოვანი (ქართული, აფხაზური, ინგლისური), ალბომიც გამოიცა.

ალბომის პრეზენტაციაზე ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის რესტავრატორმა თამარ დვალიშვილმა რადიო თავისუფლებასთან საუბარში თქვა, რომ ძეგლზე მუშაობისას განსაკუთრებული მეთოდოლოგია აირჩიეს:

„სხვა შემთხვევებისგან განსხვავებით, შევეცადეთ მაქსიმალურად, რომ არ შევხებოდით მინიატიურის კოლორიტს და არ შეცვლილიყო ფერი. ამის გამო პროცესი იყო ძალიან რთული. წარმოიდგინეთ, რამდენი ბზარი ჰქონდა თითოეულ პატარა მინიატიურას და სათითაოდ ყოველი ბზარი გავამაგრეთ. ხელნაწერების შემთხვევაში არ ხდება სრული რესტავრაცია, როგორც ფერწერის სხვა ნიმუშებზე, მაგალითად, ხატებსა და ტილოებზე. აქ კეთდება კონსერვაცია, ანუ მაგრდება დაზიანებული უბნები და კონსერვირდება იმ სახით, როგორი სახითაც მოაღწია ჩვენამდე. არანაირი ჩარევა გარედან არ ხდება, არანაირი დამატება და სახის შეცვლა“.

ძველი სახარებები დაცულია საპატრიარქოს ბიბლიოთეკაშიც. ბიბლიოგრაფი კოსტანტინე ალიბეგაშვილი ამბობს, რომ მათგან ყველზე მნიშვნელოვანი ვახტანგ მეექვსის მიერ დაბეჭდილი წმინდა წერილია და კიდევ ერთი, ვახტანგის შვილის, ბაქარისეული ტრაპეზის სახარება, რომელიც საქართველოში რუსეთიდან შემოიტანეს:

„მაშინ, ცარიზმის დროს, აკრძალული იყო და ბაქარმა, რომ შემოეტანა, ასეთ ხრიკს მიმართა - წინ სლავური ნაწერი დაურთო, მერე ჩვეულებრივად ხუცური მოსდევდა. ეს იმისთვის, საზღვარზე რომ ენახათ, თითქოს რუსული წიგნები შემოდიოდა“.

ოთხთავებისთვის საბოლოო სახის მისაცემად ბევრი ადამიანის შრომა იყო საჭირო. უნდა მომზადებულიყო საწერი მასალა: ტყავი ფურცლისთვის, ტყავი ყდისთვის, რომელიც შემდეგ, გამძლეობისთვის, ვერცხლითაც იჭედებოდა. პროცედურა ხანგრძლივი იყო.

„ტყავს დაამუშავებდნენ, ბალანს გააცლიდნენ, აპრიალებდნენ. რაც უფრო ახალგაზრდა იყო საქონელი, მით უფრო მაღალი ხარისხის ტყავი გამოდიოდა“, - ამბობს რუსუდან ქოჩქიანი.

ცალკე საკითხი იყო მინიატიურების მომზადება, დახატვა, ტექსტის თარგმნა და შემდეგ ერთგვაროვანი კალიგრაფიით გადაწერა. ეს რომ ძალიან შრომატევადი საქმიანობა იყო, იქიდან ჩანს, რომ მარტვილის ოთხთავზე, რომელიც 1050 წელსაა დამზადებული, გადამწერს წითელი ასოებით მიუწერია: „ვაი, მომემშია“.

სახარებამ ათასი წელი გაძლო. ოთხთავი, მშიერი გადამწერის ჩანართით, ახლა ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში ინახება.

  • 16x9 Image

    თეა თოფურია

    რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2012 წლიდან. აშუქებს როგორც მიმდინარე მოვლენებს, ასევე საკითხებს ახლო წარსულიდან. არის ათამდე პროზაული და პოეტური კრებულის ავტორი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG