Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქრისტიან ამანპური ბაქოს მოუწოდებს, გაათავისუფლოს ხადიჯა ისმაილოვა


ცნობილი ამერიკელი ჟურნალისტი, ტელეკომპანია სი-ენ-ენის კორესპონდენტი და „იუნესკოს“ კეთილი ნების ელჩი, ქრისტიან ამანპური აზერბაიჯანს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ჟურნალისტი ხადიჯა ისმაილოვა, რომელსაც მისჯილი აქვს 7,5 წლით პატიმრობა. ამანპურმა აზერბაიჯანელ კოლეგაზე ისაუბრა 3 მაისს ჰელსინკიში პრესის თავისუფლების დღისადმი მიძღვნილ კონფერენციაში მონაწილეობისას. „ მას ბრალად სდებენ თაღლითობას, გადასახადებისათვის თავის არიდებას, თავისი პოზიციით ბოროტად სარგებლობას, რისთვისაც შვიდნახევარი წლით პატიმრობა აქვს მისჯილი. დღეს ის 516-ე დღეა ციხეში და აქ ამ სცენიდან პირადად მე მოვუწოდებ - და ვფიქრობ ბევრი თქვენგანი შემომიერთდება - მოვუწოდებ აზერაბიჯანის მთავრობას, გაათავისუფლოს ხადიჯა ისმაილოვა“, განაცხადა ქრისტიან ამანპურმა. ჰელსინკიში 3 მაისს გამართულ ცერემონიაზე ხადიჯა ისმაილოვას დედას გადასცეს "იუნესკოს" გილერმო კანოს სახელობის პრემია „რთულ ვითარებაში პრესის თავისუფლების საქმეში შეტანილი გამორჩეული წვლილისათვის“. პრემიას უკავშირდება ფულადი ჯილდო, 25 ათასი დოლარი. ხადიჯა ისმაილოვა დაპატიმრებულია ფინანსურ მაქინაციებთან დაკავშირებული ბრალდებების საფუძველზე, მაგრამ უფლებადამცველები აცხადებენ, რომ ჟურნალისტ ქალს დევნიან აზერბაიჯანის მმართველ წრეებში კორუფციის შესახებ რეპორტაჟებისათვის.

XS
SM
MD
LG