Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პეპი მოკლე რომანი


„ვარ ქართველი, ვცხოვრობ კანადაში და ვწერ რუსულად“ - ასე ახასიათებს თავის თავს თბილისში დაბადებული და 90-იან წლებში კანადაში ემიგრირებული ჟურნალისტი ელენე პეპი ბოჭორიშვილი, რომლის წიგნის,„სტენოგრაფიული რომანების“, პრეზენტაცია თბილისში 24 მაისს გაიმართა. მისი სამი რომანის ქართული თარგმანი, რომელიც ერთ წიგნად შეიკრა, „სეზანის“ საგამომცემლო პროექტის სერიით გამოიცა. ელენე ბოჭორიშვილის მცირე ზომის რომანები 1999 წლიდან არაერთ უცხო ენაზე ითარგმნება და იბეჭდება. მას მიღებული აქვს რამდენიმე პრესტიჟული ლიტერატურული პრემია. ლიტერატურის კრიტიკოსები ელენე ბოჭორიშვილს სტენოგრაფიული რომანის ერთ-ერთ ფუძემდებლად მიიჩნევენ. ჟურნალისტებსა და მკითხველს ავტორთან შეხვედრის შესაძლებლობა წიგნის საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებშიც ჰქონდა.

80-იანი წლების მიწურულს, მაშინ, როდესაც გაზეთ „ლელოში“ სპორტულ რეპორტაჟებს წერდა, ალბათ ვერც წარმოიდგენდა, რომ წლების მერე მისი წიგნები არაერთ უცხო ენაზე ითარგმნებოდა. ის წერის სტილი, მოკლე და სხარტი წინადადებები, რომელიც მის ჟურნალისტურ პუბლიკაციებს ახასიათებდა და ამ ხელწერით ყველასგან გამოარჩევდა, მის შემოქმედებასაც გადაედო. თურმე თავსატეხს უჩენდა გაზეთის რედაქტორებს მისი 70-სტრიქონიანი რეპორტაჟები, იმიტომ რომ სტამბაში გასაშვებად გამზადებულ, ლითონში დაკაბადონებულ ნომერში მისი რეპორტაჟებისთვის 200 სტრიქონი იყო გამოტოვებული. ეს კი იმას ნიშნავდა, რომ გაზეთის გვერდი შესავსები რჩებოდა. არადა, როგორც მისი კოლეგები იხსენებენ, მისი მინიატიურული რეპორტაჟები ნომრის გამოსვლის შემდეგ გამორჩეულად დასამახსოვრებელი ხდებოდა. ეს პეპის წერის სტილი იყო. პეპის, ანუ ელენე ბოჭორიშვილის. ჟღალთმიანი გოგოსი, რომელიც შერქმეულ სახელს,ჩაცმულობით თუ ქცევით, ყოველ ფეხის ნაბიჯზე ამართლებდა. გარდერობში ყოველთვის მოეძებნებოდა რაღაც ორიგინალური შტრიხი - სათვალე, ჩანთა, ქამარი, თმის სამაგრი, მძივი თუ სხვა რამ, - იხსენებს მისი რომანების ერთ-ერთი გამომცემელი, მანანა კარტოზია.

მეგონა, რომ მხოლოდ ერთ წიგნს დავწერდი და ამით დავასრულებდი ჩემს სამწერლობო საქმიანობას და ამასობაში რაიმე სხვა ხელობასაც ვისწავლიდი...
ელენე ბოჭორიშვილი

რუსულენოვანი კანადელი მწერალი, ქართული ფესვებით, -ასე უწოდებს ის თავის თავს. ამბავი კი ასე დაიწყო. თბილისში დაბადებულმა ელენე ბოჭორიშვილმა რუსულენოვანი განათლება მიიღო, 1992 წელს კანადაში საქმიანი ვიზიტით გაემგზავრა და იქ დარჩა. სწორედ იქ დაწერა პირველი წიგნი - „ჟუჟუნა წვიმა“. წიგნი, რომელიც ეგონა, რომ იქნებოდა ერთადერთი. რომანის წერა კი იმიტომ დაიწყო, რომ მიხვდა, კანადაში თავისი ინგლისურით ჟურნალისტურ საქმიანობას ვეღარ გააგრძელებდა. არადა, წერის გარეშე ცხოვრება არ შეეძლო. წიგნი კი იყო საქართველოზე, აქაურ ადამიანებზე, ისევე როგორც მისი ყველა წიგნი. ალბათ, უკეთ გაიყიდებოდა ჩემი წიგნები და გამომცემლებიც უფრო მეტად დაინტერესდებოდნენ ჩემი შემოქმედებით, თუკი იმ რეალობაზე დავწერდი, რომელშიც მაშინ ვცხოვრობდი, მაგრამ ვწერდი იმაზე, რაზეც მეწერებოდა და თავს ვერაფერს ვაიძულებდი, -ასე იხსენებს ელენე პეპი ბოჭორიშვილი თავის პირველ ნაბიჯებს მწერლობაში. არადა, მწერლობას მას ჯერ კიდევ მაშინ ურჩევდნენ, როდესაც ჟურნალისტად მუშაობდა:

ელენე პეპი ბოჭორიშვილი, მწერალი
ელენე პეპი ბოჭორიშვილი, მწერალი

„მაშინ „სოვეტსკი სპორტში“ ვბეჭდავდი მასალებს. რედაქტორი გვყავდა, კუდრიავცევი, რომელმაც დამიძახა და მითხრა, თქვენ საგაზეთო მასალებს კი არა, წიგნებს უნდა წერდეთო. გამიკვირდა, არასდროს მიოცნებია მწერლობაზე, წიგნებზე... კანადაში რომ აღმოვჩნდი და დავინახე, რომ ჟურნალისტიკაში ვეღარ მივიღებდი მონაწილეობას ენის გამო და იმის გამო, რომ ინგლისური ენაზე სწრაფად წერა არ შემეძლო, გადავწყვიტე დამეწერა წიგნი. ვცადე და ვიფიქრე, რომ ერთ წიგნში მოვყვებოდი ყველაფერს - როგორ ვიცხოვრეთ, რა იყო საბჭოთა კავშირი და როგორ ჩამოიარა წვიმასავით საბჭოთა კავშირმა ჩვენს ცხოვრებაში. მეგონა, რომ მხოლოდ ერთ წიგნს დავწერდი და ამით დავასრულებდი ჩემს სამწერლობო საქმიანობას და ამასობაში რაიმე სხვა ხელობასაც ვისწავლიდი“.

პეპის წიგნი, რომელიც რუსულ ენაზე იყო დაწერილი და ავტორი მასში საქართველოს ამბებს ჰყვებოდა, მონრეალში 1999 წელს ფრანგულ ენაზე გამოიცა. ვერ დაეტივნენ პეპის ამბები, პეპის პერსონაჟები ერთ წიგნში. და მოჰყვა პირველ წიგნს მეორე, მესამე და ა.შ. მას მერე ის აღარ გაჩერებულა. მის მცირე რომანებს, რომელსაც მსოფლიო კრიტიკამ სტენოგრაფიული რომანები შეარქვა, იცნობენ იტალიაში, პორტუგალიაში, საფრანგეთში, ჩეხეთში, რუმინეთში, პოლონეთში. 15-წლიანი ლოდინის შემდეგ კი ის სწორედ იმ ენაზე გამოიცა, რომელზეც ელენე ბოჭორიშვილი წერს. რუსულმა გამომცემლობამ მის შემოქმედებას კარი გაუღო. ლოდინის მიზეზს ელენე ქართული ფესვებით, ქართული გვარით ხსნის. თუმცა, ლიტერატურული აგენტის დახმარებით, ელენემ ურთიერთობა დაამყარა რუსეთის ერთ-ერთ უდიდეს გამომცემლობასთან, „კორპუსთან“, და მისი რომანები ორიგინალში გამოიცა. ასევე ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც რუსულმა გამომცემლობამ ელენეს შემოქმედებას კარი გაუღო, არის პრიზი, რომელიც პარიზში გამართულ რუსული ლიტერატურის ფესტივალზე - „რუსოფონია“ - ელენეს წიგნების მთარგმნელმა ბერნარ კრაისმა მიიღო,ბერნარ კრაისმა, რომელიც თარგმნის გოგოლს, დოსტოევსკის, ტოლსტოის. როგორც ელენე ამბობს, ბერნარ კრაისი მზად არის თარგმნოს ყველა ის წიგნი, რომელსაც ელენე მომავალში დაწერს:

„სულ ამ წლების მანძილზე რვა წიგნი მაქვს დაწერილი და ყველა წიგნი გამოიცა რუსულად. ჩემი წიგნები, ზოგადად, ჯერ ფრანგულად გამოდიოდა და მერე ითარგმნებოდა ხოლმე სხვადასხვა ენაზე. მხოლოდ 15 წლის თავზე გამოიცა ჩემი წიგნები რუსულად. ამის ლოდინში დამელია სული, რადგან ავტორისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ წაიკითხონ შენი წიგნი იმ ენაზე, რა ენაზეც დაწერე. ამ ყველაფერს დიდხანს ველოდი. ჩემს კანადელ გამომცემელს რუსი გამომცემლობები პასუხობდნენ, რომ ქართული გვარის მქონე ავტორს რუსეთში ვერ გამოსცემდნენ. მერე თითქოს ვერ გაერკვნენ სიტუაციაში: თან - ქართველი, თან - კანადელი, თან - რუსულ ენაზე მწერალი“...

"სტენოგრაფიული რომანების" პრეზენტაცია
"სტენოგრაფიული რომანების" პრეზენტაცია

სტენოგრაფიული რომანი - ასე უწოდებენ ელენე ბოჭორიშვილის მცირე ზომის რომანებს. ლიტერატურათმცოდნეები მას ამ ჟანრის ერთ-ერთ ფუძემდებლად მიიჩნევენ. აღფრთოვანებას ვერ მალავენ მწერლები თუ კრიტიკოსები მისი უნარით სულ რამდენიმე წინადადებაში გადმოსცეს ის აზრი, სიტუაცია, ემოცია თუ მდგომარეობა, რომელსაც, როგორც წესი, მწერლები მინიმუმ რამდენიმე აბზაცს და მაქსიმუმ რამდენიმე ფურცელს უთმობენ ხოლმე. ქართველმა მკითხველმა ის 2010 წელს გაიცნო რომანით „ოპერა“. 24 მაისს კი თავად ავტორმა და მისმა გამომცემელმა ქართველი მკითხველის წინაშე სამი რომანი წარადგინა - „მამაჩემის თავი“, „ჯადოსნური მალამო“ და „ჩემი ტკბილი ბებრუცუნები“.

წარმოუდგენელი ავტორია. ეს 21-ე კი არა, 22-ე საუკუნის პროზაა...
ლევან ბერძენიშვილი

„ზღაპრულად წარმოუდგენელი და უაღრესად ტევადი“ - ასე ახასიათებს ელენე ბოჭორიშვილის შემოქმედებას ფილოლოგი ლევან ბერძენიშვილი. ბორხესი და ჩეხოვი - სწორედ მათ წერის მანერას აგონებს ლევან ბერძენიშვილს პეპის შემოქმედება. „სტენოგრამის მაგია“, ასე დაასათაურა მან წიგნის წინასიტყვაობა. „ის დაიბადა საბჭოთა კავშირში და არ იყო საბჭოთა. მისი ემიგრაცია იყო გამართლებული, რადგან ის იქ აღმოჩნდა, სადაც უნდა ყოფილიყო, რადგან ის აბსოლუტურად არ შეესაბამებოდა იმ ქვეყანას, რომელზეც ის თავის რომანებში წერს, მეუბნება ლევან ბერძენიშვილი. ჰო, პეპის პროზის ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟი საბჭოთა კავშირია - მკვდარი ქვეყანა, რომელიც ხშირად წამოყოფს თავს მის რომანებში. ავტორი განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებს მის გამორჩეულ პერიოდზე , რომელსაც რუსულად „ზასტოი“ ეწოდება და ქართულად „უძრაობად“ ითარგმნება:

ლევან ბერძენიშვილი
ლევან ბერძენიშვილი

„მისი ყველა ნაწარმოები არის საბჭოთა კავშირზე, თუნდაც ის არსად არ იყოს ნახსენები. მკვდარ ქვეყანაზე, რომელსაც ის ადარებს მატარებელს, რომელშიც ცხოვრება არ შეიძლება, მაგრამ ჯდები, მიემგზავრები, ჭამ, სვამ, ეჩვევი იქაურობას და მერე აღმოაჩენ, რომ ეს მატარებელი დგას, არსაით არ მიდის. წარმოუდგენელი ავტორია. ეს 21-ე კი არა, 22-ე საუკუნის პროზაა. ეს მის პროზას, ბუნებრივია, ართულებს, მაგრამ უაღრესად ხალისიანი წასაკითხია, ყოველ შემთხვევაში, ორიგინალში. ეს ისეთი გლობალისტური ნაწარმოებებია, რომ გაგიკვირდებათ, როგორ აქცევს მთელ მსოფლიოს ერთ სივრცეში, და მაშინვე გახსენდება ყველაზე ამბიციური ქართული პროექტი, რომელმაც თქვა, გრძელი სიტყვა მოკლედ ითქმისო, „ვეფხისტყაოსანი“, რომელიც არის კიდეც ნაწარმოები, რომელშიც მთელი მსოფლიო ქართულად ლაპარაკობს. აი, ეს მწერალიც დაახლოებით ასეთია“.

ელენე ბოჭორიშვილის რომანები ქართულ ენაზე ელზა ნაბახტეველმა თარგმნა. ის თარგმნის პროცესს იხსენებს და ამბობს, რომ პეპის რომანების თარგმნა ადვილი საქმე არ ყოფილა. თითქოს ერთი წაკითხვით მარტივად იკითხება, მაგრამ შემდეგ აცნობიერებ, რომ წიგნში ავტორს ერთი წინადადებაც კი არ აქვს უბრალოდ ნათქვამი და მის თითოეულ სიტყვას თუ ფრაზას თავისი კონკრეტული დატვირთვა აქვს. ელზა ნაბახტეველს თავისი ნათქვამის საილუსტრაციოდ ერთი კონკრეტული მაგალითიც მოჰყავს:

„რომანში „მამაჩემის თავი“ არის ასეთი ფრაზა, რომ დედაჩემი აუღიარებელი მსახიობი იყო, მაგრამ ერთხელ მე მის დიდ მსახიობობაში დავრწმუნდიო. აი, არ გრძელდება ამბავი, როდის დარწმუნდა ის დედამისის დიდ მსახიობობაში. იმ მომენტში მწერალი ამაზე არაფერს ამბობ. მე და ცისანა, წიგნის რედაქტორი, ვამბობდით, ნეტა, რას გულისხმობსო, მაგრამ რომანის ბოლოსკენ აღმოაჩენთ, რომ ეს ფრაზა იქ იმიტომ ითქვა, რომ პასუხი ბოლოში მოგვეძებნა“.

რაკი სიტყვა ჩამოვარდა რომანზე „მამაჩემის თავი“, მაშინ აქ ლოგიკურად უნდა ჩავსვათ პეპის კომენტარი იმის შესახებ, თუ ვისზე წერს პეპი. როგორც ის მეუბნება, ის არასდროს წერს რეალურ, თავის ნაცნობ ადამიანებზე. ის ყველა პერსონაჟს იგონებს, თუმცა, მიუხედავად ამისა, ელენე ბოჭორიშვილის დედა თურმე ასე არ ფიქრობდა:

„რომანში „მამაჩემის თავი“ არის ერთი გმირი, რომელიც არის ცირკის მსახიობი, მუცლით მეზღაპრე, ულამაზესი ქალი, პატარა, მინიატიურული. ე.ი. არაფრით რომ არ ჰგავდა დედაჩემს, რომელიც იყო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი, ფარმაცევტი, მოკლედ, ცირკთან არაფერი საერთო არ ჰქონია. მაგრამ რატომღაც დედაჩემმა იმ ქალში თავისი თავი ამოიცნო და იმდენად, რომ 80 წელს იყო მიტანებული, ეს წიგნი რომ გამოვიდა ფრანგულად, და მთხოვა, რომ შორიდან რომ გადამიღონ ფოტო შლიაპაშიო, ხომ შეიძლება გარეკანისთვის გამოდგესო. იმდენად დარწმუნებული იყო, რომ ეს ამბავი მასზეა“.

ლამაზი ქალი საქორწინო კაბაში, ავადმყოფები, დაჭრილები, ბავშვები, მოხუცები - მისი პერსონაჟები ძალიან ბევრნი არიან, ისინი კედლის მიღმა დგანან და მოთმინებით ელოდებიან, როდის გაუღებს კარს ელენე და რომელ რომანში მიუჩენს ადგილს. მათ დიდხანს ლოდინი, ალბათ, არც უწევთ, იმიტომ რომ ელენე სულ წერს. ახლაც წერს. ამისათვის კი ბევრი არაფერი სჭირდება:

„კაი პიჟამო უნდა გქონდეს, ეგ არის მთავარი. კომფორტულად უნდა დაჯდე და წერო. მე ვმუშაობ ყოველდღე. წიგნს ვწერ თუ ჩანაწერს ვაკეთებ, არ აქვს მნიშვნელობა, მაგრამ ყოველდღე ვმუშაობ. არ უნდა ამოვარდე კალაპოტიდან. სულ უნდა იმუშაო. ქაღალდთან რომ მივდივარ, უკვე ყველაფერი ვიცი, როგორ იწყება, როგორ გაგრძელდება და როგორ დამთავრდება ამბავი. თუ წესიერად არ ვიცი რას ვწერ, თუ დეტალებში არ მაქვს მოფიქრებული, მაშინ ეს უკვე წვალებაა“.

პეპი ახლა მხოლოდ საქართველოზე აღარ წერს. მისი პერსონაჟები გასცდნენ საქართველოს და, მისნაირად, კანადაში წავიდნენ საცხოვრებლად. მაგალითად, როგორც სანდრო, საბჭოთა კავშირში დაბადებული ბიჭი, რომელმაც ამერიკელი შეშლილი მამა კანადაში იპოვა. მაგრამ მიუხედავად ამისა, პეპი მეუბნება, რომ მას იმდენი აქვს სათქმელი საქართველოზე, რომ მასზე წერას ვერ მორჩება. ის ჯერ კიდევ 90-იანი წლების საქართველოს უტრიალებს, დროს, როცა ადამიანებს ძალიან უჭირდათ, როცა ომი იყო, დრო, რომლის დავიწყებასაც დიდხანს ვერ მოვახერხებთ. პეპი ამბობს, რომ ეს წლები მას, როგორც მწერალს, ფასდაუდებელ მასალას აძლევს და მისი წყალში გადაყრა არ შეიძლება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG