Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტრამპი რუსეთს მოუწოდებს, იპოვოს ჰილარი კლინტონის დაკარგული წერილები


აშშ-ის პრეზიდენტობის რესპუბლიკელმა კანდიდატმა, დონალდ ტრამპმა, რუსეთს მიმართა ერთობ უჩვეულო მოწოდებით, ფაქტობრივად, გატეხოს აშშ-ის პრეზიდენტობის დემოკრატი კანდიდატის ჰილარი კლინტონის ელფოსტა. ტრამპის ამ განცხადებას მწვავე კრიტიკა მოჰყვა. კლინტონის საარჩევნო გუნდმა მაშინვე უპასუხა ტრამპს ბრალდებით, რომ აქეზებს რუსეთს, მიმართოს ჯაშუშობას აშშ-ის წინააღმდეგ და ჩაერიოს აშშ-ის საშინაო საქმეებში. ტრამპი ზემოხსენებული სრულიად უჩვეულო მოწოდებით გამოვიდა 27 ივლისს, ანუ ერთ დღეში მას შემდეგ, რაც აშშ-ის დემოკრატიული პარტიის ყრილობაზე ჰილარი კლინტონი ოფიციალურად დაასახელეს პრეზიდენტობის კანდიდატად 8 ნოემბრის არჩევნებისათვის. "რუსეთო, თუ მისმენ, იმედი მაქვს შეგიძლია იპოვო 30 ათასი დაკარგული ელექტრონული წერილი", - განაცხადა ტრამპმა ფლორიდის შტატში, ქალაქ დორალში 27 ივლისს გამართულ პრესკონფერენციაზე. ამით ის გამოეხმაურა პრეზიდენტ ბარაკ ობამას მიერ გამოთქმულ ვარაუდს, რომ შესაძლოა რუსეთის ხელი ერიოს გასულ კვირაში აშშ-ის დემოკრატიული პარტიის ელფოსტის გატეხვაში. კლინტონს უკვე თვეებია აკრიტიკებენ მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ სახელმწიფო მდივნის პოსტზე მუშაობისას, ის თავის კერძო ელფოსტას იყენებდა სამსახურებრივი მიზნებისთვისაც, გასაიდუმლოებული შინაარსის მიმოწერის ჩათვლით. მოგვიანებით კლინტონმა ბოდიში მოიხადა. ტრამპის მიერ ნახსენები 30 ათასი წერილი ეხება წერილებს, რომლებიც კლინტონმა, მისივე თქმით, წაშალა, რახან მის პირად საქმეებს ეხებოდა.

XS
SM
MD
LG