Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კლინტონმა და ტრამპმა ხმა მისცეს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში


აშშ-ში მიმდინარეობს არჩევნები ქვეყნის ახალი პრეზიდენტის ასარჩევად. უაღრესად დაძაბული, კანდიდატების მძაფრი ურთიერთკრიტიკით გამორჩეული წინასაარჩევნო კამპანიის შემდეგ პრეზიდენტობის დემოკრატმა და რესპუბლიკელმა კანდიდატებმა, ჰილარი კლინტონმა და დონალდ ტრამპმა უკვე მიიღეს მონაწილეობა კენჭისყრაში. ჰილერი კლინტონი საარჩევნო უბანზე მივიდა მომცრო ქალაქ ჩაპაკუაში, ნიუ-იორკის შტატში. „მე ეს დიდი მოწიწებით აღმავსებს (...), რადგან ვიცი, რამხელა პასუხისმგებლობას უკავშირდება და რამდენი ადამიანი დაძაბული მოელის ამ არჩევნების შედეგს, რას ნიშნავს ის ჩვენი ქვეყნისათვის. და თავს არ დავზოგავ, თუ გამიმართლებს ისე, რომ დღეს გავიმარჯვებ“ - უთხრა ჟურნალისტებს ჰილარი კლინტონმა. რამდენიმე საათის შემდეგ საარჩევნო უბანში - ოღონდ ნიუ-იორკში, მანჰეტენში - მივიდა კლინტონის მთავარი მეტოქე, დონალდ ტრამპიც. 8 ნოემბერს უფრო ადრე, მან ბოლო წინასაარჩევნო შეხვედრა გამართა მიჩიგანის შტატში: „ერთად დავუბრუნებთ ამერიკას კეთილდღეობას. ერთად გავხდით ამერიკას ისევ ძლიერს, ერთად გავხდით ამერიკას ისევ უსაფრთხოს. ერთად გავხდით ამერიკას ისევ დიადს“ - ასე მიმართა დონალდ ტრამპმა ამომრჩევლებს. აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში, ორი მთავარი კანდიდატის გარდა, მონაწილეობს სულ მცირე 24 კანდიდატი. მათგან მხოლოდ ერთის, ლიბერტარიანული პარტიის წარმომადგენლის, გარი ჯონსონის გვარი ჩაიწერა ყველა შტატის ბიულეტენებში. მის გარდა პრეზიდენტობის კანდიდატები არიან ჯილ სტაინი მწვანეთა პარტიიდან და დამოუკიდებელი კანდიდატი, ევან მაკმალინი. ქვეყნის კანონმდებლობით, კენჭისყრის საბოლოო შედეგს განსაზღვრავს 538-წევრიანი საარჩევნო კოლეგია. წინასწარი შედეგები ცნობილი გახდება 9 ნოემბრის დილას, თბილისის დროით, დილის 8 საათისთვის. არჩეული პრეზიდენტი ფიცს დადებს გაისად, 20 იანვარს და შეცვლის ბარაკ ობამას, აშშ-ის პირველ შავკანიან პრეზიდენტს.

XS
SM
MD
LG