Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მთავრობა და ლარი


ფულის მუზეუმი
ფულის მუზეუმი

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციამ ლარის კურსთან დაკავშირებით გაავრცელა განცხადება, რომელშიც ჩამოთვლილია ლარის დევალვაციის გამომწვევი მიზეზები. განცხადებაში ლაპარაკია ასევე იმაზე, რომ მთავრობა უახლოეს დღეებში გამოაქვეყნებს სამოქმედო გეგმას, რომელმაც უნდა უზრუნველყოს ლარის გამყარება.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის განცხადების მიხედვით, ეროვნული ვალუტის მცურავი კურსის ცვლილებებს განაპირობებს შემდეგი საშინაო და საგარეო მაკროეკონომიკური ფაქტორები:

მთავრობა და ლარი
please wait

No media source currently available

0:00 0:05:45 0:00
გადმოწერა

1. მეზობელ სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში ადგილობრივი ვალუტების მნიშვნელოვანი დევალვაცია;

2. ბოლო თვეების განმავლობაში იმპორტიდან გამომდინარე გაზრდილი სავალუტო გადინებები, რომელიც საექსპორტო ბაზრებზე ფასების კლების გამო ვერ დაბალანსდა ექსპორტით;

3. ლარის კურსთან მიმართებაში ნეგატიური მოლოდინების შექმნა, რასაც, სამწუხაროდ, ხელს უწყობს სხვადასხვა ჯგუფის მხრიდან თემით სპეკულაციის მცდელობა.

მესამე მიზეზის კომენტირებისას ეკონომიკის ექსპერტები გამოთქვამენ ვარაუდს, რომ ხშირ შემთხვევაში ნეგატიურ მოლოდინს აჩენენ ხელისუფლების წარმომადგენლები. ასე ფიქრობს ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის წარმომადგენელი მერაბ ჯანიაშვილი.

მერაბ ჯანიაშვილი
მერაბ ჯანიაშვილი

„არასწორი მოლოდინების შექმნაში, რა თქმა უნდა, გარკვეული წილი აქვთ ექსპერტებსა და ოპოზიციას, მაგრამ უფრო მეტად ამ მოლოდინს ქმნიან მთავრობის წარმომადგენლები. მაგალითად, გავიხსენოთ ეკონომიკის მინისტრის მოადგილე, რომელმაც თქვა, რომ წლის ბოლოს ლარის კურსი იქნება 2,25-ის ფარგლებშიო. საიდან დაასკვნა და საიდან გააკეთა ასეთი ზუსტი პროგნოზი? ანუ მთავრობა იმას კი არ ამბობს, რომ ლარის კურსი იქნება სტაბილურიო (რაც მნიშვნელოვანია), არამედ იძახიან, რომ ის გამყარდება. და იმდენჯერ თქვეს, რომ გამყარდება და იმდენჯერ არ გამართლდა მათი პროგნოზი, რომ მათი ნათქვამი დევალვირდა და ხალხს აღარ სჯერა მათი“, უთხრა რადიო თავისუფლებას მერაბ ჯანიაშვილმა, რომლის თქმით, ასევე ვერ უძლებს კრიტიკას მიზეზების ჩამონათვალის პირველი პუნქტი, რომლის მიხედვითაც, ლარი გააუფასურა მეზობელ სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში ადგილობრივი ვალუტების მნიშვნელოვანმა დევალვაციამ.

ჯანიაშვილის თქმით, შეუძლებელია ქვეყანაში ორი წლის განმავლობაში იყოს ეროვნული ვალუტის კურსის პრობლემა და ამის მიზეზი მთავრობამ გარეთ ეძებოს. რაც შეეხება მთავრობის მიერ დასახელებულ მეორე მიზეზს, იმპორტიდან გამომდინარე გაზრდილ სავალუტო გადინებებს, რომელიც საექსპორტო ბაზრებზე ფასების კლების გამო ვერ დაბალანსდა ექსპორტით, თავისუფალი უნივერსიტეტის რექტორი, ეკონომისტი ვახტანგ ლეჟავა ამბობს:

„ქართულ ეკონომიკას ახასიათებს მიმდინარე ანგარიშის დისბალანსი - ეს ყოველთვის ასე იყო და არ შეიცვლება კიდევ დიდი ხნის განმავლობაში. ეს არის მოცემულობა და არა პრობლემა. შესაბამისად, საჭიროა, რომ გაიზარდოს დოლარის შემოდინება. ეს მიიღწევა უკეთესი ბიზნესგარემოთი, სწრაფი ეკონომიკური ზრდით და ინვესტიციებით. დისბალანსის ხელოვნური შემცირება გამოიწვევს ბუმერანგივით უარყოფით შედეგებს და დაარტყამს იმას, რისი გაზრდაც გვინდა, ინვესტიციებს“.

მომავალი წლის ბიუჯეტში ძირითადი აქცენტი გადატანილი იქნება ეკონომიკური ზრდის დაჩქარებაზე - გაიზრდება ინფრასტრუქტურული პროექტების პორტფელი. ამასთან, მოხდება ადმინისტრაციული ხარჯების მნიშვნელოვანი შემცირება...
მთავრობის მიერ გავრცელებული განცხადება

საქმე ის არის, რომ მთავრობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში საუბარია იმაზე, რომ გადაიდგმება საბაზრო მექანიზმებზე დაფუძნებული კონკრეტული ნაბიჯები დოლარიზაციის თანმიმდევრული შემცირების მიმართულებით. ლარის კურსის გასამყარებლად განზრახულ ღონისძიებებთან დაკავშირებით ასევე ნათქვამია:

„მომავალი წლის ბიუჯეტში ძირითადი აქცენტი გადატანილი იქნება ეკონომიკური ზრდის დაჩქარებაზე - გაიზრდება ინფრასტრუქტურული პროექტების პორტფელი. ამასთან, მოხდება ადმინისტრაციული ხარჯების მნიშვნელოვანი შემცირება და 2017 წლის ბიუჯეტი ორიენტირებული იქნება სტაბილური და მდგრადი ფისკალური გარემოს განმტკიცებაზე. ანალოგიური მიდგომა იქნება შემდგომი წლების ბიუჯეტების მიმართაც”.

აღსანიშნავია ის, რომ მთავრობა 2017 წლისათვის არ აპირებდა ხარჯების შემცირებას. მერაბ ჯანიაშვილის თქმით, ადმინისტრაციული ხარჯების შემცირება და ეკონომიკის სწრაფ განვითარებაზე ორიენტირებული ბიუჯეტი უფრო ანბანური ჭეშმარიტებაა, ვიდრე რთული ვითარებიდან გამოსავალი.

ეკონომიკის ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ლარის კურსის გამყარება შესაძლებელია მხოლოდ გამოყოფილი კრედიტებისა და გრანტების ათვისებით, ბიუჯეტის დეფიციტისა და ხარჯვების შემცირებით და რაც შეიძლება მეტი ინვესტიციის მოზიდვით. ვახტანგ ლეჟავას თქმით, დოლართან ბრძოლის ყველა სხვა მცდელობა დამთავრდება ლარისა და, შესაბამისად, ქართველი მომხმარებლის დაზარალებით.

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG