Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სიკვდილი მაღაროში - შრომის პოლიტიკის შედეგი?


მაღაროში მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად 3 დეკემბერს მემანქანე დაიღუპა. ეს ფაქტი კიდევ ერთხელ გახდა მიზეზი იმისა, რომ პროფკავშირსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს შრომის ინსპექციის აღდგენისა და გაძლიერების შესახებ ესაუბრათ. 5 დეკემბერს ამ ფაქტს სპეციალური განცხადებით გამოეხმაურა სახალხო დამცველი. ვის ევალება საქართველოში სამუშაო ადგილებზე უსაფრთხოების ნორმების მონიტორინგი, რა უფლება-მოვალეობები აქვს ამ სამსახურს და რა შეცვლის სამუშაო ადგილებზე დაღუპულთა მზარდ სტატისტიკას?

გადმოწერა

წინასწარი ინფორმაცია ასეთია: ჭიათურაში, სოფელ ითხვისში, პატარიძის სახელობის მაღაროში, მემანქანე მანევრირებისას პარალელური ლიანდაგების ხაზზე მოძრავ ვაგონს დაეჯახა და თავის არეში მიღებული ტრავმის შედეგად დაიღუპა. პაატა ღავთაძე მაღაროში მემანქანედ სამი წლის განმავლობაში მუშაობდა. მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფკავშირის თავმჯდომარის, თამაზ დოლაბერიძის, თქმით, ამ დროისათვის მიმდინარეობს გამოძიება. პარალელურად დაღუპულს უტარდება ექსპერტიზა. გამოძიების დასრულებისა და ექსპერტიზის დასკვნის შემდეგ კი დამსაქმებელი კომპანია შპს. „ჯორჯიან მანგანუმი“ შექმნის ფაქტის კვლევის კომისიას, რომლის ერთ-ერთ წევრი იქნება პროფკავშირის შრომის ტექნიკური ინსპექტორი.

„ყოფილა შემთხვევა, როდესაც ჩვენი წარმომადგენელი არ დაეთანხმა კომისიის დასკვნას და შემდეგ, ალტერნატიულ დასკვნაზე დაყრდნობით, რომელიც ჩვენმა ინსპექტორმა დაწერა, გვიწარმოებია სასამართლო დავა და მოგვიგია კიდეც. ეს იყო 2010 წელს გარდაცვლილი ნოდარ კუტალაძის საქმე, რომელიც ელექტროენერგიის დარტყმის შედეგად დაიღუპა“, ამბობს თამაზ დოლაბერიძე.

არ გვაქვს ჩვენ ილუზია იმის შესახებ, რომ კომპანიებში იდეალური სიტუაციაა. ყველაზე ისეთ კომპანიებშიც კი, რომლბიც ცდილობენ დაიცვან უსაფრთხოების ნორმები და შრომის პირობები, მათაც კი აქვთ მრავალი დარღვევა და ჩვენ მათზე მივუთითებთ ხოლმე და, სხვათა შორის, ბევრი ითვალისწინებს...
ლევან ჟორჟოლიანი

სამუშაო ადგილზე გარდაცვლილთა სტატისტიკა შემაშფითებელი და მზარდია. მაშინ როდესაც გასულ, 2015 წელს, მთლიანობაში, 40 ადამიანი დაიღუპა სხვადასხვა სამუშაო ობიექტზე, იმდენივე იყო დაღუპული 2016 წლის ივნისისთვის, ხოლო, დღეის მონაცემებით, დაღუპულთა რიცხვმა უკვე 43-ს მიაღწია. როგორც თამაზ დოლაბერიძე, ისე შრომის უსაფრთხოების საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები არაერთი წელია მოითხოვენ, რომ აღდგეს 2006 წელს გაუქმებული შრომის ინსპექცია, რომელიც იქნება უფლებამოსილი არათუ მხოლოდ რეკომენდაციები გასცეს დამსაქმებლებისათვის, არამედ, დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში, საშუალება ექნება კომპანიებს დააკისროს კონკრეტული სანქციები. თამაზ დოლაბერიძის თქმით, 2015 წელს შექმნილმა შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტმა ამ მხრივ სიტუაცია ვერ შეცვალა. მეტიც, 2016 წელი უფრო მარცხიანიც კი გამოდგა:

„შესაბამისად, მთავრობამ უნდა გააკეთოს დასკვნა, რომ, მაშ, ეს ჯგუფი არ არის ეფექტური, რადგან მას არ გააჩნია ის უფლებები, რომელიც იმ ფუნქციას არ ასრულებს, რომელსაც ასრულებს, როგორც წესი, შრომის ინსპექცია. ამიტომ ჩვენი მოთხოვნა სახელმწიფოს მიმართ არის ის, რომ აუცილებლად უნდა შეიქმნას კანონი სამუშაო ადგილებზე შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის შესახებ და აუცილებლად უნდა შეიქმნას შრომის ინსპექცია, რომლის ფუნქცია-მოვალეობები გაწერილი იქნება კანონში. აღსანიშნავია, რომ საქართველოში საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ არ არსებობს ამგვარი კანონი“.

ამ დეპარტამენტის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი რადიო თავისუფლებასთან საუბრისას აღიარებს, რომ შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის მუშაობა ეფექტური არ არის. მისი თქმით, შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის შექმნის უმთავრესი ფაქტორი ასოცირების შეთანხმების ხელშეკრულებას უკავშირდება, რომელიც ავალდებულებს ქვეყანას ჰქონდეს ეფექტური შრომის ინსპექცია, თუმცა ამ ეტაპზე დეპარტამენტი მხოლოდ და მხოლოდ რეკომენდაციებით შემოიფარგლება. ლევან ჟორჟოლიანის თქმით, დეპარტამენტი გეგმიურ შემოწმებებს კომპანიებთან შეთანხმებით ახორციელებს, რის შედეგადაც ვლინდება არაერთი დარღვევა და უმრავლეს შემთხვევაში დარღვევებზე პასუხისმგებელი სწორედ დამსაქმებელი კომპანიებია:

„არ გვაქვს ჩვენ ილუზია იმის შესახებ, რომ კომპანიებში იდეალური სიტუაციაა. ყველაზე ისეთ კომპანიებშიც კი, რომლბიც ცდილობენ დაიცვან უსაფრთხოების ნორმები და შრომის პირობები, მათაც კი აქვთ მრავალი დარღვევა და ჩვენ მათზე მივუთითებთ ხოლმე და, სხვათა შორის, ბევრი ითვალისწინებს“.

ლევან ჟორჟოლიანის აზრით, მხოლოდ და მხოლოდ მაშინ შემცირდება სამუშაო ადგილებზე ადამიანების დაღუპვის სტატისტიკა, როდესაც გაძლიერდება შრომის ინსპექციის უფლება-მოვალეობები. შრომის ინსპექტირების გაძლიერებისთვის კი, მისი თქმით, სახელმწიფოს, ისევ და ისევ ასოცირების შეთანხმების ხელშეკრულების თანახმად, ვადები აქვს დაწესებული და ეს ვადა 2019 წელს იწურება. ანუ ამ დროისათვის უკვე უნდა იყოს შექმნილი საკანონმდებლო ბაზა, რომელიც უზრუნველყოფს შრომის ინსპექციის სრულად აღჭურვას. თუმცა ლევან ჟორჟოლიანი იმასაც ამბობს, რომ, სავალალო სტატისტიკიდან გამომდინარე, აღნიშნული პროცესი უნდა დაჩქარდეს.

ლინა ღვინიანიძე
ლინა ღვინიანიძე

„მანკიერი შრომის პოლიტიკის შედეგია ჭიათურის მაღაროში მემანქანის სიკვდილი“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას ლინა ღვინიანიძე, ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის წარმომადგენელი. ეს ორგანიზაცია წლებია მუშაობს სამუშაო ადგილებზე არსებულ პრობლემებსა და შრომის უსაფრთხოების საკითხებზე. ლინა ღვინიანიძის თქმით, მანკიერი შრომის პოლიტიკის მიღმა, რომელიც აუცილებლად უნდა შეიცვალოს, არსებობს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა - უსაფრთხოების ნორმების შესახებ ინფორმაციის სიმწირე და, გარდა ამისა, შექმნილი სამუშაო პირობების გამო გაწეული რისკი:

„სამუშაო გარემო მათ უქმნის ისეთ პირობებს, რომ ისინი იძულებულნი ხდებიან უსაფრთხოების კონკრეტული ნორმა არ დაიცვან და ისინი საუბრობენ იმაზეც, რომ ამგვარი რისკების გარეშე ისინი ვერ განახორციელებენ სამუშაოს, ვერ შეასრულებენ სამუშაო გეგმას, რომელზეც ყოველთვიური ხელფასია მიბმული და ა.შ. ამდენად, ეს საკითხი არის აბსოლუტურად კომპლექსური. ყოველთვის, როცა ვსაუბრობთ ამ საკითხზე, ვსაუბრობთ სახელმწიფო პოლიტიკაზე, რომელიც არ ქმნის სათანადო პირობებს დასაქმებულებისთვის და, მათ შორის, დამსაქმებლებისთვისაც“.

მაღაროში მემანქანის დაღუპვის ფაქტს სპეციალური განცხადებით გამოეხმაურა სახალხო დამცველი. ის მოუწოდებს სახელმწიფოს დაუყოვნებლივ შეიქმნას უსაფრთხოების წესების დაცვასთან დაკავშირებით სრულყოფილი რეგულაციები და განხორციელდეს მათი შესრულების მკაცრი მონიტორინგი, რომელიც მინიმუმადე შეამცირებს სამუშაო ადგილებზე დაშავებულთა და დაღუპულთა რაოდენობას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG