Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნატო საჭიროდ მიიჩნევს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ძალაში დატოვებას


ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი საჭიროდ მიიჩნევს რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციების ძალაში დატოვებას, სანამ მოსკოვს არ შეუსრულებია მინსკის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები აღმოსავლეთ უკრაინაში კონფლიქტის მოსაგვარებლად. სტოლტენბერგმა ამ საკითხზე ისაუბრა ბრიუსელში, ნატო-უკრაინის კომისიის სხდომის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე. მისი ინფორმაციით, აღმოსავლეთ უკრაინაში, სადაც ერთმანეთს უპირისპირდებიან უკრაინის ჯარები და რუსეთის მხარდაჭერით მოქმედი სეპარატისტები, გასულ თვეში გახშირდა ზავის დარღვევის შემთხვევები: „პირველ ნაბიჯად უნდა ვიხილოთ ცეცხლის დაუყოვნებლივ და სრულად შეწყვეტა. ამასობაში, საერთაშორისო თანამეგობრობამ უნდა გააგრძელოს რუსეთზე ზეწოლა ვალდებულებების შესრულების მოთხოვნით. განსაკუთრებით, სანამ აღმოსავლეთ უკრაინაში უსაფრთხოების მხრივ ასეთი მძიმე ვითარება რჩება, მნიშვნელოვანია რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციების ძალაში დატოვება“, - განაცხადა სტოლტენბერგმა. ევროკავშირის 28 წევრს, რომელთაგან 22 ქვეყანა ნატოს წევრიც არის, რუსეთისათვის 2014 წლის ზაფხულიდან აქვს დაწესებული ეკონომიკური სანქციები. 2014-2015 წლებში მინსკში ხელმოწერილი შეთანხმებებით, რუსეთმა უნდა შეწყვიტოს უკრაინაში მებრძოლი სეპარატისტების მხარდაჭერა.

XS
SM
MD
LG