Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბერლინში მომხდარი თავდასხმისთვის პასუხისმგებლობა იკისრა ექსტრემისტულმა „ისლამურმა სახელმწიფომ“


გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრის, თომას დე მეზიერის თქმით, გერმანიის ხელისუფლება არ გამორიცხავს, რომ პირი, რომელმაც ბერლინის ერთ-ერთ საშობაო ბაზრობაზე სატვირთო ავტომანქანა შეაჯახა და მოკლა 12 და დააშავა 50-მდე პირი, კვლავაც მიმალულია. დე მეზიერმა ბერლინში განაცხადა, რომ გერმანიის პოლიციას ეჭვი არ ეპარება, რომ სატვირთო მანქანით მოწყობილი აქტი თავდასხმა იყო, თუმცა, მისი თქმით, ამ თავდასხმის მოტივი დადგენილი არ არის. ამასობაში „ისლამურ სახელმწიფოდ“ წოდებულ ექსტრემისტულ გაერთიანებასთან დაკავშირებული ვებსაიტი, „ამაყი“ იტყობინება, რომ ბერლინში მომხდარი თავდასხმისთვის პასუხიმგებლობა იკისრა „ისლამურმა სახელმწფომ“. პოლიციას არ გაუმხელია ბერლინის საშობაო ბაზრობაზე მომხდარი ტრაგიკული ინციდენტის შემდეგ დაკავებული პირის ვინაობა. მაგრამ მედია პოლიციაში თავისი წყაროებიდან მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით იუწყება, რომ დაკავებულია 23 წლის პაკისტანელი, რომელიც ბერლინში ლტოლვილთა თავშესაფარში ცხოვრობდა. საინფორმაციო სააგენტო დე-პე-ა-ს ცნობით, ეჭვმიტანილი ბოლო წლის განმავლობაში ჩავიდა გერმანიაში. ბერლინის პოლიციის ინფორმაციით, დაკავებული პირი უარყოფს თავდასხმასთან კავშირს.

XS
SM
MD
LG