Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთში 60-მდე გაიზარდა ალკოჰოლის შემცველი კოსმეტიკური საშუალების დალევის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი


რუსეთის ირკუტსკის ოლქში 60-მდე გაიზარდა ალკოჰოლის შემცველი კოსმეტიკური საშუალების დალევის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი. ჯანდაცვის ადგილობრივი განყოფილების პრესმდივნის, ტატიანა შკურსკაიას ცნობით, წუხელ თავიანთ ბინებში მკვდარი იპოვეს კიდევ ორი ადამიანი. შკურსკაიამ დასძინა, რომ ამჟამად კოსმეტიკური საშუალებით მოწამლული კიდევ ორმოცამდე პირი გადის მკურნალობას საავადმყოფოებში. გუშინ ირკუტსკის ოლქის გუბერნატორმა სერგეი ლევჩენკომ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. 20 დეკემბრიდან ოლქში აიკრძალა ყველა სითხის გაყიდვა, რომელიც ალკოჰოლს შეიცავს, მაგრამ სასმელად არ არის განკუთვნილი. ლევჩენკოს განმარტებით, აკრძალვა ძალაში დარჩება, სანამ არ დასრულდება გამოძიება მასობრივ მოწამვლასთან დაკავშირებით. ასეთივე აკრძალვა და საგანგებო მდგომარეობა 19 დეკემბერს გამოცხადდა ქალაქ ირკუტსკში, რომელიც მოსკოვის აღმოსავლეთით, დედაქალაქიდან 4200 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს. ადგილობრივი პროკურატურის მონაცემებით, კოსმეტიკური საშუალება „ბოიარიშნიკი“ მეთანოლს შეიცავდა. დაკავებულია 11 პირი მისი უკანონო დამზადებისა და გაყიდვის ეჭვის საფუძველზე. ამასთან, პროკურატურის განცხადებით, „ბოიარიშნიკის“ იარლიყის ტექსტში მითითებული იყო, რომ არ შეიძლება მისი შინაგანი მიღება.

XS
SM
MD
LG