Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროს უშიშროების საბჭომ მიიღო რეზოლუცია, რომელიც ისრაელისგან მოითხოვს შეწყვიტოს ახალი დასახლებების შენება


გაეროს უშიშროების საბჭომ მიიღო რეზოლუცია, რომელიც ისრაელისგან მოითხოვს „დაუყოვნებლივ და სრულად შეწყვიტოს დასახლებების მშენებლობა პალესტინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე, აღმოსავლეთ იერუსალიმის ჩათვლით და სრულად დაიცვას ამ თვალსაზრისით აღებული საერთაშორისო იურიდიული ვალდებულებები“. აშშ-მა თავი შეიკავა მონაწილეობისგან გაეროს უშიშროების საბჭოში გამართულ კენჭისყრაში - რასაც განიხილავენ მნიშვნელოვან კრიტიკულ განაცხადად ახლო აღმოსავლეთში მისი უახლოესი მოკავშირის ნაბიჯების მიმართ. რეზოლუცია 15 წევრიან საბჭოზე 23 დეკემბერს დამტკიცდა, კენჭისყრაში მონაწილეობა მხოლოდ აშშ-ს არ მიუღია. რეზოლუცია ახალი დასახლებების აშენებას ტერიტორიებზე, რომლებსაც პალესტინელები თავიანთ მიწებად მიიჩნევენ, უწოდებს საერთაშორისო კანონის „ღია დარღვევას“. როგორც უშიშროების საბჭოს მუდმივ წევრს, აშშ-ს უფლება ჰქონდა ვეტო დაედო რეზოლუციისთვის - როგორც ამას წარსულში თითქმის ყოველთვის აკეთებდა, ისრაელსა და პალესტინელებს შორის კონფლიქტთან დაკავშირებულ რეზოლუციებთან მიმართებით. მაგრამ ამ კენჭისყრის დაშვებით პრეზიდენტ ბარაკ ობამას ადმინისტრაციამ ფაქტობრივად ისრაელი გააკრიტიკა. ობამას ადმინისტრაციაზე მნიშვნელოვანი ზეწოლა ხორციელდებოდა ვეტოს გამოყენების მიზნით, ისრაელის ლობისტების და არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მხრიდან. რეზოლუცია ხუთშაბათს უნდა განეხილათ, მაგრამ ეგვიპტემ უკან გაიტანა კანონპროექტი - მას შემდეგ, რაც ისრაელმა დონალდ ტრამს სთხოვა პროცესში ჩარევა. ამის შემდეგ რეზოლუცია უშიშროების საბჭოზე ხელახლა წარადგინეს ახალმა ზელანდიამ, მალაიზიამ, სენეგალმა და ვენესუელამ.

XS
SM
MD
LG