Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, უკვე შედგა პირველი კონტაქტები აშშ-ის ახალ ადმინისტრაციასთან


საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, უკვე შედგა პირველი კონტაქტები აშშ-ის ახალ ადმინისტრაციასთან. მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველო ელოდება აშშ-სთან თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებას „სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის“ შესაბამისად. პრემიერ-მინისტრის თქმით, გაგრძელდება მუშაობა თავდაცვის და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის შესახებ, საქართველოსა და აშშ-ს შორის წელს ხელმოწერილი მემორანდუმის შესასრულებლად. „საქართველოს მთავრობა აქტიურად მუშაობს და ყოველდღიურად განამტკიცებს ურთიერთობებს მოკავშირე ქვეყნებთან, მათ შორის მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან“ - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. მისივე თქმით, საქართველო უახლოეს ხანში ელოდება დასრულებას ყველა საჭირო პროცედურისა იმისთვის, რომ ქვეყნის მოქალაქეებმა შეძლონ ევროკავშირის შენგენის ზონაში უვიზოდ მიმოსვლა. გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ პრინციპული გადაწყვეტილება უკვე მიღებულია და დარჩენილია მხოლოდ ტექნიკური პროცედურები. პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ 2016 წელს ძალაში შევიდა და სრულად ამოქმედდა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმება და საქართველო პირველად მოხვდა ევროკავშირის სტრატეგიის დოკუმენტშიც. გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, 2016 წელს მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა ნატოში ინტეგრაციის მიმართულებითაც, მათ შორის გაძლიერდა ნატო-საქართველოს არსებით ღონისძიებათა პაკეტი და საქართველო მიიწვიეს შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხზე სტრატეგიულ დიალოგში მონაწილეობის მისაღებად.

XS
SM
MD
LG