Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ფრიდომ ჰაუსი“: საქართველო კვლავაც „ნაწილობრივ თავისუფალი“ ქვეყანაა


„ფრიდომ ჰაუსის“ მიერ 31 იანვარს გამოქვეყნებულ ყოველწლიურ ანგარიშში („თავისუფლება მსოფლიოში – 2017“) საქართველო 64 ქულით ძველ პოზიციებს ინარჩუნებს და კვლავ „ნაწილობრივ თავისუფალი“ ქვეყნების კატეგორიაში გვხვდება. „ფრიდომ ჰაუსის“ ახალი ანგარიში195 ქვეყნისა და 15 ტერიტორიის მაგალითზე ასახავს პოლიტიკური უფლებებისა და სამოქალაქო თავისუფლებების რეალიზების მხრივ არსებულ სურათს მსოფლიოში. ტერიტორიების კატეგორიაში ვხვდებით აფხაზეთს, როგორც „ნაწილობრივ თავისუფალსა“ და სამხრეთ ოსეთს, როგორც „არათავისუფალს“.

„ფრიდომ ჰაუსის“ ახალი ანგარიშის თანახმად, ქვეყნები და ტერიტორიები, წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების მიხედვით, 7-ქულიანი სისტემით ფასდებიან. საუკეთესო ქულად მიიჩნევა 1, ხოლო ყველაზე უარესი ქულაა 7. ისევე როგორც შარშანდელ ანგარიშში, საქართველომ წელსაც 3-3 ქულა დაიმსახურა როგორც პოლიტიკური უფლებების, ასევე სამოქალაქო თავისუფლებების თვალსაზრისით და ის ისევ „ნაწილობრივ თავისუფალთა“ კატეგორიაში დარჩა. ანგარიშში საქართველო მოხსენიებულია ევრაზიის რეგიონთან დაკავშირებულ ქვეთავში და იქ ნათქვამია, რომ რეგიონში მკვეთრი კონტრასტი შეინიშნება:

„2016 წელს ევრაზიის რეგიონი დაყოფილი იყო უფრო ევროპული ორიენტაციის მცირე ჯგუფებსა და ხისტ ავტოკრატიას შორის. მაშინ როცა უკრაინა, საქართველო და მოლდავეთი მთელი ძალებით ცდილობდნენ გაეგრძელებინათ დემოკრატიის მყიფე მიღწევების განვითარება, ცალკეული ლიდერები აღმოსავლეთში დგამდნენ ნაბიჯებს საკუთარი ძალაუფლების განსამტკიცებლად - ეკონომიკური და პოლიტიკური გაურკვევლობის ფონზე“.

ანგარიშში ასევე გამოხატულია შიში, რომ უკრაინის, საქართველოსა და მოლდავეთის პროგრესს შესაძლოა საფრთხე დაემუქროს, თუკი დასავლეთი შეამცირებს მათ მხარდაჭერას. სწორედ საერთაშორისო მხარდაჭერის კონტექსტში განიხილავს საქართველოს უცვლელ პოზიციებს ანალიტიკოსი ხათუნა ლაგაზიძე. როგორც ის ეუბნება რადიო თავისუფლებას, პოლიტიკური უფლებებისა და სამოქალაქო თავისუფლებების მიმართულებათა ვერგანვითარება არასაკმარისმა საერთაშორისო თანამშრომლობამ განაპირობა:

„ჯერ კიდევ ობამას ადმინისტრაციის დროს ჩვენთვის ნაკლებად ეცალათ როგორც ამერიკას, ასევე ევროკავშირის ქვეყნებს. შესაბამისად, მათი მხრიდან არ შეინიშნებოდა აქტივობა იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოში უფრო მეტად ყოფილიყო დაცული პოლიტიკური და სამოქალაქო უფლებები... მოკლედ რომ ვთქვათ, სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების დონე ისეთივე სტაგნაციურ მდგომარეობაში იყო, როგორშიც საგარეო პოლიტიკა და როგორც ქვეყნის საგარეო პარტნიორების ინტერესი საქართველოს მიმართ. ერთმანეთზეა მიჯაჭვული და ურთიერთ განმსაზღვრელია ეს ყველაფერი“.

(აფხაზეთში არის) შედარებით უფრო აქტიური სამოქალაქო საზოგადოება, უფრო მრავალფეროვანი ეთნიკური შემადგენლობა, უფრო ნაკლებია რუსეთის ფედერაციის ძალოვანი სტრუქტურების გავლენა...
ლევან გერაძე

ხათუნა ლაგაზიძის თქმით, დასავლეთის ინტერესების მოდუნება რეგიონისა და, მათ შორის, საქართველოს მიმართ დიდწილად განაპირობა რთულმა ვითარებამ ახლო აღმოსავლეთში და, ასევე, მაგალითად, რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიამ. თუმცა ასევე არასაკმარისი იყო აქტიურობა საქართველოს მხრიდანაც საერთაშორისო ასპარეზზე. ამასთან, ანალიტიკოსის აზრით, პოლიტიკური უფლებებისა და სამოქალაქო თავისუფლებების მიმართ გულგრილი დამოკიდებულება ჰქონდა საზოგადოებასაც, რადგანაც სოციალური და ეკონომიკური პრობლემებით იყო შეწუხებული და, თანაც, ის ვერ გრძნობდა წნეხს ხელისუფლების მხრიდან.

განვითარების შანსს ასევე დასავლური ფასეულობების უფრო მეტად გაზიარებაში ხედავს ადამიანის უფლებათა ცენტრის ხელმძღვანელი ალეკო ცქიტიშვილი. როგორც მან აღნიშნა რადიო თავისუფლების პროგრამა „დილის საუბრებში“ სტუმრობისას, არჩევანი ცუდსა და კარგს შორის კეთდება და იმედები ევროკავშირთან დაახლოების კარს მომდგარ პერსპექტივას უკავშირდება:

„გადაწყვეტილება უკვე მიღებულია და როცა სავიზო ლიბერალიზაციის პროცესი საბოლოოდ დაიწყება, ეს ნამდვილად დაგვაახლოებს ევროპასთან, ხოლო ევროპასთან დაახლოება ერთგვარად გაზრდის თავისუფლების ხარისხს ჩვენს ქვეყანაში. ის შეფასება, რომ დასავლეთთან დაახლოება არის მნიშვნელოვანი ბერკეტი იმისთვის, რომ ქვეყანა განვითარდეს და მოქალაქეთა თავისუფლებაც იყოს დაცული - ეს ნამდვილად არის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა, რადგანაც არსებობს კიდევ სხვა პროცესები, ჩრდილოვანი პროცესები... ამაში იგულისხმება, მაგალითად, რუსული გავლენების ზრდა საქართველოში“.

ტერიტორიების და არა ქვეყნების რანგში, „ფრიდომ ჰაუსის“ ანგარიშში მოხსენიებულია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიც. ცხრილის თანახმად, აფხაზეთი „ნაწილობრივ თავისუფალთა“ კატეგორიაშია მოქცეული, ხოლო სამხრეთ ოსეთს „არათავისუფალთა“ კატეგორიაში ვხვდებით. მრავალარხიანი დიპლომატიის ინსტიტუტის საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ლევან გერაძე რადიო თავისუფლებასთან საუბრისას აღნიშნავს, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებული ვითარება მართლაც განსხვავდება ერთმანეთისგან, თუმცა დამაკმაყოფილებელი არც ერთი არ არის:

„(აფხაზეთში არის) შედარებით უფრო აქტიური სამოქალაქო საზოგადოება, უფრო მრავალფეროვანი ეთნიკური შემადგენლობა, უფრო ნაკლებია რუსეთის ფედერაციის ძალოვანი სტრუქტურების გავლენა... ცხინვალის რეგიონისგან განსხვავებით, აფხაზეთში არ ხდება არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებისა და განსხვავებული აზრის მქონე ადამიანების ღია დევნა... ამიტომ არიან ოდნავ წინ, მაგრამ ერთგანაც და მეორეგანაც სავალალო მდგომარეობაა“.

შესაბამისად, ლევან გერაძის თქმით, ვერც აფხაზეთში არსებული მდგომარეობა აკმაყოფილებს „ნაწილობრივ თავისუფალთა“ კრიტერიუმებს. მისი აზრით, იქ, სადაც დევნილებს დაბრუნების შესაძლებლობა არა აქვთ, გალის რაიონის მკვიდრ მოსახლეობას ქართულ ენაზე სწავლას უკრძალავენ და ხალხს წესიერად გადაადგილების შესაძლებლობა არა აქვს, საუბარიც კი არ შეიძლება რაიმე სახის თავისუფლებაზე.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG