Accessibility links

საქართველოს პრეზიდენტი გამოეხმაურა ცხინვალის გადაწყვეტილებას რეფერენდუმის ჩატარების შესახებ


საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ოკუპირებული ტერიტორიების შემდგომი ანექსიისკენ გადადგმულ ნაბიჯად შეაფასა სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის, ლეონიდ თიბილოვის განკარგულება, სამხრეთ ოსეთისთვის ისტორიული სახელწოდების დასაბრუნებლად რეფერენდუმის ჩატარების შესახებ. ”პლებისციტი, არჩევნები ან რაიმე სხვა ქმედება, რომელიც გულისხმობს მოსახლეობის ნების თავისუფალ გამოხატვას, ვერ განხორციელდება ტერიტორიაზე, რომელიც ოკუპირებულია უცხო სახელმწიფოს მიერ, საიდანაც გამოდევნილია მკვიდრი მოსახლეობის უმრავლესობა, სადაც ჩატარდა ეთნიკური წმენდა და დღეს ადგილზე ეფექტური კონტროლის განმახორციელებელ ერთადერთ ძალად გვევლინება რუსეთის ფედერაცია“ - ნათქვამია გიორგი მარგველაშვილის მიერ დღეს, 7 თებერვალს გავრცელებულ განცხადებაში. პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ ნებისმიერი მცდელობა, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონს შეეცვალოს სახელწოდება ცენტრალური ხელისუფლების თანხმობის გარეშე, წარმოადგენს საქართველოს სახელმწიფო სუვერენიტეტისა და მთლიანობის ხელყოფის მცდელობას და ოკუპირებული ტერიტორიების შემდგომი ანექსიისაკენ გადადგმულ ნაბიჯს. გიორგი მარგველაშვილმა რუსეთს მოუწოდა, გადადგას რეალური ნაბიჯები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დეოკუპაციისა და ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების შესასრულებლად. პრეზიდენტმა საერთაშორისო თანამეგობრობას მიმართა, წინ აღუდგეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ხელყოფას. ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტმა, ლეონიდ თიბილოვმა 6 თებერვალს ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის თანახმად, 2017 წლის 9 აპრილს დანიშნა რეფერენდუმი, ტოლფას სახელწოდებებად „სამხრეთ ოსეთის“ და „ალანიის სახელმწიფოს“ გამოცხადების საკითხზე.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG