მარტის დასაწყისში საქართველოს ესტუმრებიან ნატოს სამხედრო კომიტეტის წევრები. ალიანსის 28 სახელმწიფოს წარმომადგენელთა დელეგაციას უხელმძღვანელებს კომიტეტის თავმჯდომარე, გენერალი პეტრ პაველი. ვიზიტი 2-3 მარტს შედგება. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ნატოს სამხედრო კომიტეტის წევრებს უმასპინძლებს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, ბრიგადის გენერალი, ვლადიმერ ჩაჩიბაია. ორდღიანი ვიზიტისას ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარე, გენერალი პეტრ პაველი პირისპირ შეხვდება საქართველოს პრეზიდენტს, გიორგი მარგველაშვილს, პრემიერ-მინისტრს, გიორგი კვირიკაშვილს, თავდაცვის მინისტრს ლევან იზორიას და გენერალური შტაბის უფროსს, ვლადიმერ ჩაჩიბაიას. საქართველოს მონაწილეობით თბილისში გაიმართება ნატოს სამხედრო კომიტეტის სხდომა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ალიანსის სამხედრო კომიტეტის წევრები ესტუმრებიან ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრს, სადაც გაიმართება ავღანეთის „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიისთვის მომზადებული ქართული ქვედანაყოფის საჩვენებელი წვრთნა. სამხედრო კომიტეტი ნატოს უმაღლესი და მუდმივმოქმედი ორგანოა, რომელიც სამხედრო რეკომენდაციებს წარუდგენს ალიანსის პოლიტიკური გადაწყვეტილების მიმღებ ორგანოებს, ჩრდილო-ატლანტიკურ საბჭოსა და ბირთვული დაგეგმარების ჯგუფს. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ნატოს სამხედრო კომიტეტის ვიზიტი ადასტურებს ნატო-საქართველოს ინტენსიურ და წარმატებულ თანამშრომლობას და წარმოადგენს მკაფიო გზავნილს, რომ ალიანსი მხარს უჭერს ნატოში საქართველოს ინტეგრაციას და ქვეყნის მისწრაფებას გახდეს ალიანსის წევრი.
ყველაზე პოპულარული
1