Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მარინ ლე პენს მოუხსნეს ევროპარლამენტის დეპუტატის იმუნიტეტი


ევროპარლამენტის დეპუტატებმა ევროკავშირის საპარლამენტო იმუნიტეტი მოუხსნეს საფრანგეთის ულტრა-მემარჯვენე სახალხო ფრონტის ლიდერსა და პრეზიდენტობის კანდიდატს მარინ ლე პენს. ევროპარლამენტის ასეთი გადაწყვეტილების მიზეზი გახდა ლე პენის მიერ ექსტრემისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ მიერ მოწყობილი სიკვდილით დასჯის სცენების გამოქვეყნება. 2015 წლის დეკემბერში საკუთარი ტვიტერის გვერდზე გამოქვეყნებულ გრაფიკულ გამოსახულებებს შორის იყო ამერიკელი ჟურნალისტის ჯეიმს ფოლის თავის მოკვეთის სცენა. ამ ფოტოების გამოქვეყნება იყო მარინ ლე პენის რეაქცია საფრანგეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის ინტერვიუზე, რომელშიც შედარება იყო გაკეთებული, მარინ ლე პენის სახალხო ფრონტისა და „ისლამური სახელმწიფოს“ აღზევებას შორის. ევროპარლამენტის 2 მარტის გადაწყვეტილებით მარინ ლე პენისათვის საპარლამენტო ხელშეუხებლობის მოხსნით ევროპელმა კანონმდებლებმა პროკურატურას საფრანგეთის სახალხო ფრონტის ლიდერის მიმართ გამოძიების დაწყების ლეგალური საფუძველი მისცეს. ძალადობრივი სისასტიკის ამსახველი სცენების პუბლიკაცია სამწლიან პატიმრობას ან 75 ათასი ევროს ჯარიმას ითვალისწინებს.

XS
SM
MD
LG