Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კოსოვოს პრეზიდენტს სურს, უსაფრთხოების ძალები რეგულარულ არმიად გარდაიქმნას


კოსოვოს პრეზიდენტმა ჰაშიმ ტაჩიმ პარლამენტს მოსთხოვა, მიიღოს ზომები ქვეყნის მსუბუქად შეიარაღებული უსაფრთხოების ძალების რეგულარულ არმიად გარდასაქმნელად. ტაჩის ამ მოწოდებას წინააღმდეგობა მოჰყვა სერბთა ეთნიკური უმცირესობის ლიდერთა მხრიდან, რომლებიც დღემდე არ ცნობენ კოსოვოს დამოუკიდებლობას. ტაჩი, რომელმაც შეიარაღებულ ძალებთან დაკავშირებული კანონპროექტი გუშინ წარმოადგინა, აცხადებს, რომ არაფერია უჩვეულო კოსოვოს უსაფრთხოების ძალების არმიად გარდაქმნის საქმეში. პრეზიდენტის თქმით, ეს „სუვერენული და დამოუკიდებელი სახელმწიფოს მიერ გადადგმული ნაბიჯია“. ტაჩიმ აღნიშნა, რომ „საკანონმდებლო ინიციატივის მიზანია, დაიცვას კოსოვოს ტერიტორიული სუვერენიტეტი და ერთიანობა“ და ხელი შეუწყოს რეგიონში „მშვიდობისა და სტაბილურობის“ შენარჩუნებას. სამხედრო ძალების სტატუსის ცვლილებასთან დაკავშირებული გეგმის განხორციელებას სჭირდება პარლამენტის წევრთა ორი მესამედის მხარდაჭერა, მათ შორის ეთნიკურად სერბი დეპუტატებისაც. კოსოვოს ვიცე-პრემიერმა, სერბმა ბრანიმირ სტოიანოვიჩმა რადიო თავისუფლებასთან საუბარში აღნიშნა, რომ კოსოვოს უსაფრთხოების ძალების მანდატის ცვლილება არაკონსტიტუციურია. მისივე თქმით, ტაჩის კანონპროექტი არ განუხილავს ეთნიკურად სერბ ლიდერებთან.

XS
SM
MD
LG