Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არეულობის გამო პოლიციამ ბათუმში 40 პირი დააკავა


პოლიციამ ბათუმში მომხდარი არეულობის, პოლიციისათვის წინააღმდეგობის გაწევისა და სახელმწიფო ქონების დაზიანების გამო 40 პირი დააკავა. მათი ნაწილი იზოლატორში იმყოფება, ნაწილი კი უკვე გადაიყვანეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში, სადაც ისინი იკითხებიან. ბათუმის ინციდენტის დროს დაკავებული რამდენიმე პირის სასამართლო პროცესი კი სამშაბათისთვის გადაიდო. 11 მარტს ბათუმში, პოლიციის მიერ ორი პირის დაკავებამ საპროტესტო აქცია გამოიწვია, რომლის დასაშლელად პოლიციამ ცრემლმდენი გაზი გამოიყენა. გავრცელებული ინფორმაციით, მოქალაქეები საპატრულო პოლიციამ დააკავა მას შემდეგ, რაც ისინი მანქანის არასწორად გაჩერებისთვის დააჯარიმა, რასაც პოლიციასა და დაჯარიმებულებს შორის შელაპარაკება მოჰყვა. მათი დაკავებიდან მალე დაიწყო საპროტესტო აქცია, რომელზეც გაისმა მოწოდებები დაკავებულთა გათავისუფლების და აჭარის საპატრულო პოლიციის გადადგომისკენ. აგრესიული ადამიანების ბრბომ პოლიციის რამდენიმე მანქანა დაწვა და ქვები დაუშინა პოლიციის შენობას. 12 მარტის გამთენიისას სპეცდანიშნულების რაზმის მიერ აქციის დაშლისა და ბათუმის პოლიციის სამმართველოს მიმდებარე ტერიტორიაზე წესრიგის აღდგენის შემდეგ, ბათუმში ჩავიდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, რომელმაც განაცხადა, რომ არეულობის მონაწილეები და ორგანიზატორები კანონის მთელი სიმკაცრით აგებენ პასუხს. პრემიერ-მინისტრმა შინაგან საქმეთა მინისტრმა დაავალა, მოახდინოს იმ პოლიტიკური ძალების იდენტიფიცირება, რომლებიც არეულობის უკან იდგნენ. აჭარის ჯანდაცვის მინისტრის ზაალ მიქელაძის ინფორმაციით, პოლიციის სამმართველოსთან მომხდარი დაპირისპირების შედეგად ბათუმის საავადმყოფოებში მოათავსეს ოცდაათზე მეტი პირი. დაშავებულთა ნახევარი პოლიციელია.

XS
SM
MD
LG