Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის გამოძიებისა და უშიშროების უწყებების ხელმძღვანელები პირველად გააკეთებენ საჯარო განცხადებებს არჩევნებში რუსეთის სავარაუდო ჩარევაზე


აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროსა და უშიშროების ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელები, ჯეიმს კომი და მაიკ როჯერსი დღეს გამოვლენ წარმომადგენელთა პალატის საკომიტეტო მოსმენაზე, რომელიც ეთმობა აშშ-ში 2016 წლის საარჩევნო კამპანიაზე რუსეთის სავარაუდო ზემოქმედებას. მოსმენა თბილისის დროით 18 საათზე იწყება ვაშინგტონში, წარმომადგენელთა პალატის დაზვერვის საკითხების კომიტეტში და მასზე მოელიან ჯეიმს კომის და მაიკ როჯერსის პირველ საჯარო განცხადებებს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის საარჩევნო კამპანიასა და რუსეთს შორის შესაძლო კავშირზე. მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპი ამ ორი თვის წინ პრეზიდენტი გახდა, არაერთხელ გავრცელდა ინფორმაცია წინასაარჩევნო კამპანიაში რუსეთის შესაძლო ჩარევისა და ტრამპთან დაახლოებული პირების მიმართ შეერთებულ შტატებში მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებით. აშშ-ის დაზვერვის უწყებებმა იანვარში გამოაქვეყნეს ანგარიში, რომელიც შეიცავს დასკვნას, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა გასცა განკარგულება, რომ ჰაკერული თავდასხმებით, ინფორმაციის გაჟონვითა და სხვა მეთოდებით განხორციელებულიყო გავლენა აშშ-ის საარჩევნო პროცესზე, პრეზიდენტობის დემოკრატი კანდიდატის, ჰილარი კლინტონის გამარჯვების შანსის შესამცირებლად. რუსეთი უარყოფს აშშ-ის საარჩევნო კამპანიაში ჩარევის ბრალდებებს და ტრამპიც უარყოფს მოსაზრებებს, რომ მას და მისი გუნდის წევრებს დაუშვებელი კონტაქტები ჰქონდათ რუს ოფიციალურ პირებთან.

XS
SM
MD
LG