Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარლამენტმა მოსმენების კანონზე პრეზიდენტის კიდევ ერთი ვეტო დაძლია


საქართველოს პარლამენტის უმრავლესობამ დაძლია ფარული მოსმენების შესახებ კანონპროექტთა პაკეტზე პრეზიდენტის მიერ 20 მარტს დადებული ვეტო და, შესაბამისად, არ გაიზიარა გიორგი მარგველაშვილის მოტივირებული შენიშვნები, რომლებიც ფარულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებით ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შექმნისა და ფუნქციონირების პრინციპებს შეეხება. დეპუტატებმა კვლავ დაუჭირეს მხარი ფარული მოსმენების შესახებ საკანონმდებლო პაკეტს პირვანდელი რედაქციით. პაკეტი, დარჩენილი პროცედურების დასრულების შემდეგ, უახლოეს მომავალში შევა ძალაში, თუმცა ფარული მოსმენების სისტემის შესაცვლელად სამართლებრივი ბრძოლა ამით არ დასრულდება. უკვე ცნობილია, რომ კანონი გასაჩივრდება როგორც საქართველოს საკონსტიტუციო, ისე სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში.

ქვეყნის პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნებით ეგრეთ წოდებული ფარული მოსმენების კანონპროექტზე საქართველოს პარლამენტის წინაშე პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე წარდგა. მისი განმარტებით, მოსმენების შესახებ კანონთა პაკეტი ვერ უზრუნველყოფს საჯარო სამართლის იურიდიული პირის, ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს, სუსისგან, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისგან, დამოუკიდებელ ორგანოდ ჩამოყალიბებას და, შესაბამისად, უმჯობესია სააგენტო პირდაპირ პრემიერ-მინისტრის დაქვემდებარებაში მოექცეს:

,,ჩვენ გთავაზობთ, რომ სააგენტოს ხელმძღვანელი დანიშნოს და თანამდებობიდან მოხსნას საქართველოს პრემიერმა, რომ სააგენტოს დებულება სწორედ პრემიერის წარდგენით დაამტკიცოს მთავრობამ, რომ სწორედ პრემიერმა განახორციელოს კონტროლი სააგენტოზე. სპეციალური დანიშნულების დაწესებულება იქმნება სწორედ რომ მაღალი, მნიშვნელოვანი სახელმწიფოებრივი ფუნქციების განხორციელებისათვის და ვფიქრობთ, რომ ფარული საგამოძიებო მოქმედებები იმდენად მტკივნეული, მგრძნობიარე თემაა, იმდენად მწარე ისტორიული გამოცდილება გვაქვს ჩვენ ამასთან დაკავშირებით, ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირიდან მოყოლებული, და სახელმწიფოებრივად იმდენად მნიშვნელოვანია, რომ ზუსტადაც რომ შესაბამისი იქნება, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განახორციელოს ამ სტრუქტურაზე ზედამხედველობა და აიღოს შესაბამისი პასუხისმგებლობა“.

მეორე მთავარი რეკომენდაცია, რომელიც, ანა დოლიძის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებში აისახა, ეხება იმ ფინანსურ ვალდებულებებს, რომელსაც კანონი წარმოშობს საკომუნიკაციო კომპანიების მიმართ. კერძოდ, ფარული მოსმენების კანონთა პაკეტის მიხედვით, მეწარმე ვალდებულია სააგენტოსთვის საჭირო ინფრასტრუქტურისა და სერვისის შესაქმნელად ხარჯი გასწიოს, პრეზიდენტის რეკომენდაცია კი სამართლიანი ანაზღაურების სისტემის შემოღებას ითვალისწინებს.

ძალიან ყურადღებით იქნა განხილული, რა თქმა უნდა, ის შენიშვნები. ჩვენ ვფიქრობთ, რომ არგუმენტი იმისა, რომ პირდაპირი დაქვემდებარება მომხდარიყო პრემიერ-მინისტრზე, ვერ დავინახეთ. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი კანონპროექტი, რომელიც არის მნიშვნელოვანი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის. ის სტრუქტურები, რომლებზეც არის საუბარი, საბოლოო ჯამში, არის ისევ და ისევ მთავრობის დაქვემდებარებაში...
გიორგი კვირიკაშვილი

საქართველოს პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები, როგორც მოსალოდნელი იყო, მიუღებელი აღმოჩნდა საპარლამენტო უმრავლესობისთვის. სხდომაზე გაისმა მოსაზრებები პრეზიდენტის ოპოზიციასთან უნისონში მოქმედების შესახებ; ითქვა ისიც, რომ იგი მოსმენების კანონზე ვეტოს დადებით ქვეყნის უსაფრთხოების მექანიზმებს ასუსტებს. ეს ეგრეთ წოდებული ინსინუაციები პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა დაგმო - ანა დოლიძემ უმრავლესობის დეპუტატებს მოუწოდა შპიონაჟის მუხლით პრეზიდენტის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღეძრათ, თუ არადა, ეს არის „კუდიანების დევნაო“. თავის მხრივ, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ პლენარულ სხდომაზე მოსმენების კანონთან დაკავშირებით თავად პრეზიდენტის პოზიციის პრინციპულობა დააყენა ეჭვქვეშ:

“ეს უკვე მესამე ვეტოა, რომელიც ამ პაკეტთან დაკავშირებით პრეზიდენტმა გამოიყენა. პირველად ვადა გვითხრა, რომ ერთ თვეში დაწერეთ კანონიო, პარლამენტს უთხრა. მეორედ პარლამენტს უთხრა, რომ სასამართლოს დაუქვემდებარეთო და ერთი გასაღები შინაგან საქმეთა სამინისტროს დარჩესო და ეხლა გვეუბნებით, რომ ეს სამსახური პრემიერ-მინისტრს დავუქვემდებაროთ. სად დავინახოთ აქ ლოგიკა და რატომ იცვლება პრეზიდენტის პოზიცია?“

თავის მხრივ, საქართველოს პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს, კერძოდ კი, ფარულ მოსმენებზე პასუხისმგებელი ტექნიკურ-ოპერატიული სააგენტოს პრემიერ-მინისტრისთვის დაქვემდებარების საჭიროებას არ იზიარებს თავად პრემიერ-მინისტრიც:

“ძალიან ყურადღებით იქნა განხილული, რა თქმა უნდა, ის შენიშვნები. ჩვენ ვფიქრობთ, რომ არგუმენტი იმისა, რომ პირდაპირი დაქვემდებარება მომხდარიყო პრემიერ-მინისტრზე, ვერ დავინახეთ. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი კანონპროექტი, რომელიც არის მნიშვნელოვანი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის. ის სტრუქტურები, რომლებზეც არის საუბარი, საბოლოო ჯამში, არის ისევ და ისევ მთავრობის დაქვემდებარებაში. ამიტომ განსაკუთრებული ცვლილება, თვისობრივი, ამითი ვერ მოხდებოდა. ამიტომ, ჩვენ ვფიქრობთ, რომ იმ სახით იქნას გატანილი, როგორადაც მიიღო პირველადი სახით პარლამენტმა“, განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

საპარლამენტო ოპოზიციური პარტიები კი პლენარულ სხდომაზეც იმ გარემოებაზე ამახვილებდნენ ყურადღებას, რომ მმართველმა პარტიამ ფარული მოსმენების შესახებ საკანონმდებლო პაკეტზე მუშაობისას არც პოლიტიკური სპექტრის მოსაზრებები გაიზიარა და არც ბიზნესისა და სამოქალაქო სექტორის. დეპუტატი სერგო რატიანი ამბობს, რომ ერთადერთი, ვინც მეორე მხარეს აღმოჩნდა, „ქართული ოცნებაა“ და, შესაბამისად, რიტორიკულად ჟღერს შეკითხვაც, რომელიც მან დასვა:

“გასაგებია, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ სრულიად ცხადად განმარტა, თუ როგორი არ შეიძლება იყოს ეს სამსახური და მისი დამოუკიდებლობა უნდა იყოს უზრუნველყოფილი. როგორ უნდა წაიკითხო ეს კანონი ისე, რომ გაიგო, განმარტო საკონსტიტუციო სასამართლოს მოთხოვნა ისე, რომ, აი, ეს კანონი, ეს სამსახური არის დღეს დამოუკიდებელი, როგორც ის შეიქმნება და როგორც ის არის მოცემული „ქართული ოცნების“ მიერ ჩამოყალიბებულ კანონში“.

ფარული მოსმენების შესახებ საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც საკომუნიკაციო საშუალებებზე პირდაპირი წვდომის საშუალებას შინაგან საქმეთა სამინისტროს აძლევდა, საქართველოს პარლამენტმა 2014 წელს მიიღო. საკონსტიტუციო სასამართლომ გასული წლის აპრილში არაკონსტიტუციურად ცნო ნორმები, რომლებიც მობილური ოპერატორების სერვერებთან პირდაპირი წვდომისა და ამ გზით მოსმენების განხორციელების უფლებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ანიჭებდა. ფარული მიყურადების ახალი მოდელით, სატელეფონო კომუნიკაციის, კავშირგაბმულობისა და კომპიუტერული სისტემების მეშვეობით ფარული მოქმედებები ექსკლუზიურად იწარმოებს სპეციალურად შექმნილი სამსახურის, ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს მიერ, რომელიც, თავის მხრივ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსთან და პრემიერ-მინისტრთანაა ანგარიშვალდებული. სამოქალაქო ორგანიზაციები, კერძოდ, მოძრაობა „ეს შენ გეხება“ მიიჩნევს, რომ რადგან ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო უსაფრთხოების სამსახურის შემადგენლობაში იქმნება და დამოუკიდებელი ორგანო არ არის, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება ვერ დაკმაყოფილდა. შესაბამისად, როგორც „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურისტი, გიორგი გოცირიძე, ამბობს, სამართლებრივი ბრძოლა სისტემის გასაჯანსაღებლად გაგრძელდება:

„ჩვენ მოგვეცემა შესაძლებლობა სარჩელით მივმართოთ საკონსტიტუციო სასამართლოს და, ასევე, მოვამზადოთ საჩივარი სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსთვის მისამართად ჩვენ გვექნება ექვსთვიანი ვადა“.

თავის მხრივ, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ საპარლამენტო მდივანი ლიკა საჯაია იმედოვნებს, რომ მოსმენების კანონის კონსტიტუციურობის საკითხის ხელახალი განხილვისას საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო არ შეცვლის გასულ წელს პირველი კოლეგიის მიერ ერთხმად მიღებულ თავისსავე გადაწყვეტილებას. რაც შეეხება შანსებს სტრასბურგში:

“ევროპულმა სასამართლომ, როგორც იცით, შარშან მსგავს საქმეზე „ზახაროვი რუსეთის წინააღმდეგ“ მიიღო გადაწყვეტილება და რუსეთში არსებული სისტემა, როდესაც უსაფრთხოების სამსახურს აქვს ხელთ მოსმენების ტექნიკური აღჭურვილობა, ცნო კონვენციით აღიარებული ადამიანის პირადი ცხოვრების უფლების დარღვევად. ძალიან სამწუხაროა, რომ ჩვენ ამ შემთხვევაში რუსეთის გზას უნდა გავყვეთ და კვლავ მოუწევს ევროსასამართლოს ამჯერად უკვე საქართველოსთან მიმართებით ამ საკითხზე მსჯელობა, თუმცა თუ არ მოიძებნა ქვეყნის შიგნით სამართლებრივი რესურსი, რომ გადაწყდეს ეს პრობლემა, ამ შემთხვევაში ჩვენ, რა თქმა უნდა, ყველა სამართლებრივ ბერკეტს გამოვიყენებთ“.

იმ ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომლებიც გაერთიანებულნი არიან მოძრაობაში „ეს შენ გეხება“, აღნიშნავენ, რომ ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში საჩივრის წარსადგენად საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს, როგორც მექანიზმის, ამოწურვა აუცილებელი არ არის. შესაბამისად, „ეს შენ გეხება“ საკონსტიტუციო სასამართლოსა და სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს უახლოეს მომავალში მიმართავს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG