Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხელოვნებაში არეკლილი ომები


22 მარტს მწერალთა სახლში გაიხსნა გამოფენა „ომი ჩემი ფანჯრიდან“. გამოფენაში 16 ხელოვანი იღებს მონაწილეობას და იქ ძირითადად 90-იან წლებში შექმნილი ნამუშევრებია გამოფენილი. გამოფენა “ომი ჩემი ფანჯრიდან” ისტორია და მეხსიერებაა, რომელიც 90-იანი წლების პირველი ნახევრის, ომისა და მშვიდობის გააზრებას ცდილობს. გამოფენა 29 მარტის ჩათვლით გაგრძელდება.

ხელოვნებაში არეკლილი ომები
please wait

No media source currently available

0:00 0:08:23 0:00
გადმოწერა

ფანჯრის რაფაზე ვერცხლისფერი ტელევიზორი დგას. ხმას, რომელიც ბავშვობას გახსენებს, ამ ტელევიზორისკენ მიჰყავხარ, ეკრანზე კი ხედავ კაცის ხელს, რომელიც შავი პასტელით პატარ-პატარა კაცუნებს ხატავს, პატარა ტანკებს, ზუსტად ისეთებს, ბავშვობისას რომ ყველას დაგვიხატავს, და მერე ამ კაცუნებს ისევ შავი პასტელის ტყვიები ხვდება. მკვდარ კაცუნებს კაცის ხელი ჯღაბნის. ომობანაა, ის ომობანა, ბავშვობისას ყველას რომ გაგვიხმოვანებია ასოთშეთანხმებებით: დ და რ ავტომატის ჯერია, ბ და ფ - პისტოლეტი, დ და შ - ბომბი აფეთქდა. ამ ინსტალაციასაც „ომობანა“ ჰქვია. ავტორი კოტე სულაბერიძეა. 1996 წელს დახატა მან ეს კაცუნები. ომები და სროლები 1996 წელს ახალმიმთავრებული იყო.

ხელში თეთრ თაბახზე ამობეჭდილი გზამკვლევი მიჭირავს. თაბახის მარჯვენა მხარეს 16 ხელოვანის გვარ-სახელი, ნამუშევრები და თარიღებია მითითებული, მარცხნივ კი - სქემა იმ ოთახებისა, სადაც ამ 16 ავტორის ნამუშევრები უნდა იპოვო. ისე ვატრიალებ ამ ფურცელს და ისე ვცდილობ სიტუაციაში გარკვევას, გზის პოვნას, როგორც, ალბათ, 90-იანი წლების ომების დროს დაბნეული მოქალაქეები. მოკლედ, ეს გამოფენაა, სახელწოდებით „ომი ჩემი ფანჯრიდან“. ნამუშევრები მწერალთა სახლის ოთახებშია გადანაწილებული. ავტორების გარკვევა თუ გინდა, სქემას უნდა მიჰყვე, რადგან ნამუშევრებს ავტორების ვინაობა არ ახლავს. ამიტომ დამთვალიერებლები სქემით ხელში დადიან ოთახიდან ოთახში და ათვალიერებენ იმ წარსულს, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ იყო - ორი ათეული წლის წინ, მეოცე საუკუნის მიწურულს. ნამუშევრები - ფოტოები თუ ნახატები - 90-იანი წლების ომების გარშემო ტრიალებს. თითქოს არსად ჩანან სამხედროები, თითქოს არსად ჩანს ომის სცენები, მაგრამ თითოეული ნამუშევარი იმ ომებს ირეკლავს, რომლებიც 90-იან წლებში გადახდა საქართველოს თავს. ერთ-ერთი ნახატი, რომელიც დამთვალიერებლის ყურადღებას იპყრობს, ლია შველიძეს ეკუთვნის. 1992 წელს შექმნილ დიდ ტილოს, რომელზეც მატარებლის ვაგონში მსხდომი ქალი და ბავშვი ხატია, ზედ წითელი საღებავით და დიდი ასოებით აწერია „პატრიოტები ომში არიან“:

„ამ ნახატზე ომის თემა არ არის გადმოცემული, მაგრამ გადმოცემულია დევნილების გადაადგილება, უკაცებოდ დარჩენილი ქალები და ამიტომაც აწერია ასე: „პატრიოტები ომში არიან“. ომის თემაზე შექმნილი ნამუშევრები ძალიან ცოტაა. მას მერე ბევრი დრო გავიდა და აფხაზეთის და სამოქალაქო ომის თემაზე, საკვირველია, მაგრამ ძალიან ცოტა ნამუშევარია შექმნილი. ალბათ, იმიტომ, რომ მხატვრების უმრავლესობა ფიქრობს, რომ ისეთი ნამუშევარი დახატოს, რომელსაც იმწუთში ეყოლება მომწონებელი, და ომის თემა, მოგეხსენებათ, სასიამოვნო საყურებელი არ არის“.

მე ვცხოვრობ თავისუფლების მოედანზე, დიუმას ქუჩაზე. და ომი რომ დაიწყო, საშინელ სიტუაციაში ჩავცვივდით. ფანჯრებში ტყვიები ცვიოდა, პატარა შვილი მყავდა და გადავედით ბახტრიონზე, ჩემი ბიძაშვილის, მამუკა ცეცხლაძის, ბინაში. და არ ვიცი რატომ, ყოველდღე ვიღებდი ფოტოებს, ვიღებდი კორპუსებს, ტელევიზორებს, ხეებს. საბურთალოზე ჩვეულებრივი ცხოვრება იყო...
ნიკო ცეცხლაძე

ომის თემაზე შექმნილი ნამუშევრები გამოფენისათვის კურატორებმა მარიამ ნატროშვილმა, დეთუ ჯინჭარაძემ და ნატუკა ვაწაძემ შეაგროვეს. მარიამ ნატროშვილი ამბობს, რომ 90-იან წლებში შექმნილი ნამუშევრების გამოფენა არის ერთგვარი მცდელობა ამ წლებისა და მოვლენების გააზრებისა, ომსა და მშვიდობაზე კითხვის დასმისა:

„აქ არის წარმოდგენილი სხვადასხვა ტიპის ნამუშევრები. ვეცადეთ, რომ ნამუშევრები აგვერჩია 90-იანი წლების ორი ომის - თბილისის ომისა და აფხაზეთის ომის -პერიოდიდან. ზოგ ნამუშევარზე პირდაპირ იგრძნობა, რომ ომია, მაგრამ უმეტეს ნამუშევრებზე არ ჩანს ომი, დამწვარი სახლები და ა.შ., მაგრამ, მაგალითად, ნიკო ცეცხლაძის ფოტოებში, რომელშიც ასახულია ყოველდღიური ცხოვრება, ნათლად იგრძნობა ომის უხილავი ხელი“.

მარიამ ნატროშვილის მიერ ნახსენები ნიკო ცეცხლაძის ფოტოები შავ-თეთრია. აი, მაგალითად, შავი ვოლგა, ძაღლები, რომლებიც ერთმანეთს უღრენენ, კომოდზე შემოდებული საბჭოთა თოჯინა გაჩეჩილი თმით, საცხოვრებელი კორპუსები, ტელევიზორი, ეკრანზე გამოსახული სასულიერო პირით... ანუ, ერთი შეხედვით, უბრალო, ყოფითი ფოტოები, ცუდად გამოკვეთილი, ბუნდოვანი კონტურები, რომლებსაც მოყვარული ფოტოგრაფებიც მრავლად იღებდნენ იმ პერიოდში. ეს ფოტოები 90-იანი წლების დასაწყისში, თბილისის ომის პერიოდშია გადაღებული. ამ ფოტოებს განსაკუთრებულ დატვირთვას სძენს ავტორის, ნიკო ცეცხლაძის მიერ მოყოლილი ამბავი:

„მე ვცხოვრობ თავისუფლების მოედანზე, დიუმას ქუჩაზე. და ომი რომ დაიწყო, საშინელ სიტუაციაში ჩავცვივდით. ფანჯრებში ტყვიები ცვიოდა, პატარა შვილი მყავდა და გადავედით ბახტრიონზე, ჩემი ბიძაშვილის, მამუკა ცეცხლაძის, ბინაში. და არ ვიცი რატომ, ყოველდღე ვიღებდი ფოტოებს, ვიღებდი კორპუსებს, ტელევიზორებს, ხეებს. საბურთალოზე ჩვეულებრივი ცხოვრება იყო. რუსთაველისკენ ხომ ყველაფერი ინგრეოდა, საბურთალოზე კი თითქოს არაფერი იგრძნობოდა. მაგრამ ეს სიტუაცია ძალიან მოქმედებდა. სახლი მიტოვებული, გაურკვეველი მდგომარეობა. და მე ვიღებდი, აი, ასეთ აბსურდულ ფოტოებს. და ახლა რომ ვნახე ეს ფოტოები, მივხვდი, რომ ეს რეალურად ომია. ამ ფოტოებში არც ტყვიებია, არც ჯარისკაცი მოჩანს და არც ტანკი, მაგრამ რეალურად ეს ომია“.

არასწორი ომი წარმოებდა. არ იყო გააზრებული, ვის ვეომებოდით. არ იყო მოწოდებული ინფორმაცია, თუ რა ომი იყო ეს სინამდვილეში. არაფერი გააზრებული არ იყო. უბრალოდ, იყო მოწოდებები, რომ წადით ომში და მიეხმარეთ ომს. მაშინვე ვიაზრებდი, რომ ეს პლაკატები არ იყო სწორი მოწოდება და სწორედ ამიტომაც გადავიღე...
გურამ წიბახაშვილი

მხატვარმა ოლეგ ტიმჩენკომ გამოფენისთვის 1995 წელს დაწყებული და დაუმთავრებელი ტილო გამოფინა. ნახატს ასეც ჰქვია - „დაუმთავრებელი“. იმ პერიოდში ოლეგ ტიმჩენკო სხვა მხატვრებთან ერთად, ექსპერიმენტულ ჯგუფ „მეათე სართულთან“ ერთად, მარჯანიშვილის თეატრში განთავსებულ სახელოსნოში მუშაობდა. სწორედ მაშინ დაიწვა უზნაძის ქუჩაზე მეცხრამეტე საუკუნის ღირსშესანიშნავი არქიტექტურული ძეგლი, რომელშიც 1984 წლიდან განათლების სამინისტრო იყო განთავსებული. „ჩვენი სახელოსნოდან ძალიან დრამატული პეიზაჟი იშლებოდა“, - იხსენებს ოლეგ ტიმჩენკო. სწორედ ხანძრის შემდეგ გადაწყვიტა მან დაეხატა დამწვარი შენობა, რადგან, როგორც ის ამბობს, წითელი აგურის დამწვარი შენობის ვიზუალური მდგომარეობა ძალიან საინტერესო გადმოსაცემი იყო. ტილოს ხატვა მან ზამთრის ერთ ღრუბლიან დღეს დაიწყო, თუმცა, როგორც ჩანს, მას დასრულება არ ეწერა:

„ხატვა რომ დავიწყე, ვეღარ დავამთავრე. ჯერ ამინდმა არ შემიწყო ხელი. სულ მზიანი ამინდები დაემთხვა, მე კი ღრუბლიანი ამინდი მჭირდებოდა. ნატურიდან რომ ხატავ, მინდოდა, რომ ზუსტად ის გარემო ყოფილიყო, რომელიც პირველად ვნახე, თუმცა ვეღარ დავიჭირე, სულ მზე იყო. და დამრჩა ასე დაუმთავრებელი ეს ტილო. მაგრამ მაინც არ ვაგდებდი, ვფიქრობდი, რომ როდესმე დავამთავრებდი. თუმცა წლები რომ გავიდა, მივხვდი, რომ ეს, უბრალოდ, ნახატი კი არ არის, ეს არის ობიექტი, ფაქტი, იმდროინდელი, დაუმთავრებელი, და ყველანაირად ჯდება ომის კონცეფციაში. ომის დროს რაღა უნდა აკეთო, რა უნდა ხატო. ხელოვნება აღარ არის აქტუალური“.

ფოტოგრაფ გურამ წიბახაშვილის ფოტოები გაზეთ „7 დღისთვის“ აფხაზეთის ომის დროს არის გადაღებული. მის ფოტოებზე ერთგვარი მოწოდებები თუ სლოგანებია აღბეჭდილი, უფრო ზუსტად კი, პროპაგანდისტული პლაკატები: „ყველაფერი ომისთვის“, „ეს გადამწყვეტი ომია“, „შენ რას აკეთებ ომისთვის“. ეს იყო არასწორად გათვლილი პლაკატები და მესიჯები, მეუბნება გურამ წიბახაშვილი:

„არასწორი ომი წარმოებდა. არ იყო გააზრებული, ვის ვეომებოდით. არ იყო მოწოდებული ინფორმაცია, თუ რა ომი იყო ეს სინამდვილეში. არაფერი გააზრებული არ იყო. უბრალოდ, იყო მოწოდებები, რომ წადით ომში და მიეხმარეთ ომს. მაშინვე ვიაზრებდი, რომ ეს პლაკატები არ იყო სწორი მოწოდება და სწორედ ამიტომაც გადავიღე. იცი რა, აგიტაციას და პროპაგანდას ძალიან დიდი და შეიძლება იმაზე მეტი ტვინი სჭირდება, ვიდრე ომის წარმოებას. და მაშინ კი არაფერი არ იყო გააზრებული, რომ ვხედავდი საითკენ მოგვიწოდებდა ეს პლაკატები და რა უნდოდათ შენგან, ვერ იგებდი, აი, სწორედ ამიტომ გადავიღე ეს პლაკატები“.

გურამ წიბახაშვილი ამბობს, რომ იმ 90-იან წლებში, როდესაც ქვეყანა აბსურდულ და რთულ სიტუაციაში აღმოჩნდა, როდესაც ქვეყანას ომმა ტერიტორიები წაართვა და, სამაგიეროდ, დევნილები და დახოცილი ადამიანები დაუტოვა, არტისტებმა კიდევ კარგი, რომ მოახერხეს და შეინარჩუნეს სამუშაო მდგომარეობა, იპოვეს საკუთარ თავში ძალა, ეკეთებინათ საქმე - საქმე, რომელიც წლების შემდეგ ადამიანებს ომსა და ომით გამოწვეულ დრამას სხვა გადასახედიდან დაანახვებდა, იმ გადასახედიდან, რომელზეც მხოლოდ ხელოვნებას შეუძლია აგვიყვანოს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG