Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სომხეთში მიმდინარეობს არჩევნები, რომელმაც ქვეყანა საპარლამენტო მმართველობას უნდა დაახლოვოს


სომხეთში მიმდინარეობს არჩევნები, რომელიც განსაზღვრავს ვინ უხელმძღვანელებს ქვეყანას მმართველობის საპარლამენტო სისტემაზე გადასვლის შემდეგ. ცხრა პარტიის თუ ალიანსის მიერ წარმოებული წინასაარჩევნო კამპანიების მთავარი თემა ქვეყნის ეკონომიკური სირთულეები იყო. წინასწარი გამოკითხვებით, მეტნაკლებად თანაბარი მაჩვენებელი აქვთ პრეზიდენტ სერჟ სარქისიანის მმართველ, რესპუბლიკურ პარტიას და მის ყოფილ კოალიციურ პარტნიორს, მემარჯვენე-ცენტრისტულ ალიანსს, რომელსაც პრო-რუსულად განწყობილი ოლიგარქი, გაგიკ ცარუკიანი ხელმძღვანელობს. 2015 წელს დამტკიცებული საკონსტიტუციო ცვლილებების შედეგად, სომხეთში გაძლიერდება პრემიერ-მინისტრის ოფისი, პრეზიდენტის პოსტი კი დიდწილად ცერემონიული იქნება და პრეზიდენტს პარლამენტი აირჩევს. ეს ცვლილებები ძალაში შევა მას შემდეგ, რაც 2018 წელს ამოიწურება სარქისიანის მეორე და ბოლო ვადა. კრიტიკოსების აზრით, ამ ცვლილებების მიზანია სარქისიანისთვის ძალაუფლების შენარჩუნება ორი საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგაც. თავად სარქისიანი ამ ბრალდებას უარყოფს. მაგრამ თუ მმართველი პარტია საკმარის ხმებს მოიპოვებს საპარლამენტო უმრავლესობის შესაქმნელად - მარტო ან კოალიციაში - ის შეძლებს აღმასრულებელი ძალაუფლების შენარჩუნებას, უკვე როგორც პრემიერ-მინისტრი.

XS
SM
MD
LG