Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„დინამო არენის“ მიმდებარე ტერიტორიიდან გაიტანეს გარევაჭრობისთვის განკუთვნილი უნებართვო კონსტრუქციები


თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლებმა „დინამო არენის“ მიმდებარე ტერიტორიიდან გაიტანეს გარევაჭრობისთვის განკუთვნილი უნებართვო კონსტრუქციები, "თბილსერვის ჯგუფის" თანამშრომლებმა კი ტერიტორია დაასუფთავეს. თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის, გიორგი უკლებას განცხადებით, „დინამო არენასთან“ მოვაჭრეები წინასწარ იყვნენ ინფორმირებული, რომ 3 აპრილიდან ვეღარ შეძლებდნენ უკანონო, უნებართვო ვაჭრობას. „მათ ასევე იციან, რომ შეუძლიათ მიმართონ ნებისმიერი ბაზრის ადმინისტრაციას და პირველი 6 თვის განმავლობაში შეღავათიანი პირობებით ივაჭრონ, რის შესახებაც შეთანხმებას მიაღწიეს თბილისის მერიამ და ბაზრების ასოციაციამ“ - განუცხადა ჟურნალისტებს გიორგი უკლებამ. მისი ინფორმაციით, მერია განაგრძობს ზომების მიღებას უნებართვო გარევაჭრობის წინააღმდეგ და უახლოეს მომავალში პრობლემა მოგვარდება მთელი ქალაქის მასშტაბით. გარემოვაჭრეებს პროდუქციის რეალიზაცია შეუძლიათ თბილისის რკინიგზის სადგურსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე, მეტროს სადგურ „დიდუბესთან“ და ე.წ. „დეზერტირების ბაზრის“ ნაცვლად აშენებულ ბაზრებზე და ისნისა და სამგორის ბაზრობებზე. თბილისის მერია უნებართვო გარევაჭრობის აკრძალვის მიზეზებად ასახელებს მოქალაქეების და გამგეობების მიმართვებს, ანტისანიტარიას, ქალაქის იერსახის დამახინჯებას და მალფუჭებადი პროდუქტების შენახვის პირობების დარღვევას.

XS
SM
MD
LG