Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაერო გამოიძიებს სირიაში ქიმიური იარაღის სავარაუდო გამოყენებას, რასაც 60-მდე ადამიანი ემსხვერპლა


გაეროს სამხედრო დანაშაულთა გამომძიებლებმა დაიწყეს მუშაობა სირიაში, სავარაუდოდ, ქიმიური იარაღის გამოყენებასთან დაკავშირებული გარემოებების დასადგენად. 4 აპრილის დილას იდლიბის პროვინციის ქალაქში, რომელსაც ოპოზიციონერები აკონტროლებენ, სულ ცოტა 58 ადამიანი დაიღუპა საჰაერო თავდასხმისას, რომლის დროსაც სავარაუდოდ გამოიყენეს ქიმიური ნივთიერება. სირიის საკითხებში გაეროს კომისიამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც გმობს თავდასხმას და იუწყება გამოძიების დაწყების შესახებ. როგორც სირიის საკითხებში გაეროს წარგზავნილმა, სტაფან დე მისტურამ ბრიუსელში უთხრა ჟურნალისტებს, ყველა სამხილი იმაზე მიანიშნებს, რომ თავდასხმა ჰაერიდან განხორციელდა და ქიმიური იარაღი იყო გამოყენებული. გაეროს უშიშროების საბჭო 5 აპრილს გამართავს საგანგებო სხდომას, რათა იმსჯელოს ინციდენტზე, რომელსაც აღშფოთება მოჰყვა მსოფლიოში. აშშ-ის პრეზიდენტის პრესმდივანმა შონ სპაისერმა აღნიშნა, რომ დაუშვებელია "ასეთ თავდასხმაზე თვალების დახუჭვა". მისივე თქმით, შეერთებული შტატები დარწმუნებულია, რომ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ეკისრება სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადს. საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ფიიონმაც სირიის პრეზიდენტი დაადანაშაულა „ხოცვა-ჟლეტაში“.

XS
SM
MD
LG