Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რექს ტილერსონი რუსეთს მოუწოდებს, გადასინჯოს ურთიერთობა სირიის პრეზიდენტთან


აშშ-ის სახელმწიფო მდივანი რექს ტილერსონმა მოუწოდა რუსეთს, გადასინჯოს თავისი ურთიერთობა სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ ასადთან, ქალაქ იდლიბში განხორციელებული ქიმიური შეტევის შემდეგ, რაშიც ვაშინგტონი სირიის ხელისუფლებას ადანაშაულებს. „ჩვენთვის აშკარაა, რომ პრეზიდენტ ბაშარ ალ ასადის ლიდერობით მოქმედი სირიის რეჟიმია პასუხისმგებელი ამ საშინელ თავდასხმაზე. და ჩვენ მიგვაჩნია, რომ რეალურად დადგა დრო, როცა რუსეთმა სერიოზულად უნდა იფიქროს ასადის რეჟიმის მხარდაჭერის გაგრძელებაზე“, - აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა 5 აპრილს, მექსიკის საგარეო საქმეთა მინისტრ ლუის ვიდეგერისთან გამართული შეხვედრის შემდეგ, პრესისათვის გაკეთებულ განცხადებაში. ტილერსონის კომენტარის ფონია საერთაშორისო საზოგადოების აღშფოთება სირიის იდლიბის პროვინციაში 4 აპრილს მომხდარი თავდასხმის გამო, რომელსაც 70 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. სახელმწიფო დეპარტამენტის თანახმად, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი 12 აპრილს ოფიციალური ვიზიტით პირველად ესტუმრება რუსეთს, რომელიც სირიის მთავარი მხარდამჭერია ქვეყანაში მიმდინარე ოთხწლიან სამოქალაქო ომში, რასაც სულ მცირე 300 ათასი ადამიანი შეეწირა. 4 აპრილის ქიმიური თავდასხმის შემდეგ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ასადის რეჟიმმა „წითელ ხაზს“ გადააბიჯა, რასაც აშშ-ის ლიდერმა „დაუშვებელი“ უწოდა.„უნდა გითხრათ, რომ ჩემი დამოკიდებულება სირიისა და ასადის მიმართ მკვეთრად შეიცვალა“, - დასძინა დონალდ ტრამპმა.

XS
SM
MD
LG