Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან დაკავებულები პატიმრობაში რჩებიან


ენგურის ხიდი
ენგურის ხიდი

რუსი სამხედროების მიერ აფხაზეთის საოკუპაციო ხაზთან დაკავებული მამა-შვილი მეორე დღეა დე ფაქტო რესპუბლიკის იზოლატორში იმყოფება. მათ ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთა ედებათ ბრლად.

ზუგდიდის სოფელ რიყეში მცხოვრები მამა-შვილი როგავები რუსმა სამხედროებმა მდინარე ენგურთან დააკავეს და მოსაზღვრე გალის რაიონის სოფელ საბერიოში წაიყვანეს. ოჯახში ამბობენ, რომ დაკავებულები ამ დროისთვის გალის იზოლატორში არიან.

„მეზობელს ეხმარებოდნენ თხილნარში, იქ ცხენი ჰყავდათ, რომელიც ეზოდან გადასულა. მამაჩემი და ჩემი ძმა წასულან მის მოსაყვანად, მაგრამ არ დაბრუნდნენ. დილით მეზობელს დაურეკა ვიღაც კაცმა. იქ ყოფილა მამაჩემთან ერთად და ის გამოუშვიათ. მამაჩემს უთხოვია ამ კაცისთვის, ნომერი მიუცია, რომ დაერეკა ჩვენთან, და უთქვამს, ძალიან ცუდ პირობებში ვართო“, - ამბობს თინათინ როგავა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სამეგრელო-ზემო სვანეთის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის, ალექსანდრე ჩიკვაიძის, განცხადებით, საოკუპაციო ხაზთან დაკავებულების გასათავისუფლებლად საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარებით მუშაობა დაწყებულია.

„ვიცით, რომ მამა და შვილია დაკავებული და მიმდინარეობს მუშაობა. რა პირობებში არიან, სად და როგორ, ვერაფერს გეტყვით. ყველა დონეზე დავაყენეთ ეს საკითხი და მიდის მუშაობა“, - აცხადებს ალექსანდრე ჩიკვაიძე.

6 აპრილს ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით მამა-შვილის დაკავებაზე ინფორმაცია დაადასტურა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმაც. როგორც სუს-ში აცხადებენ, საკითხთან დაკავშირებით ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია, მუშაობს ცხელი ხაზი და ყველაფერი კეთდება მათ გასათავისუფლებლად.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG