Accessibility links

ახალი ამბები

ოსლოში დაკავებულია აფეთქების მომზადებაში ეჭვმიტანილი 17 წლის რუსი მამაკაცი

ნორვეგიის დედაქალაქ ოსლოში დაკავებულია აფეთქების მომზადებაში ეჭვმიტანილი 17 წლის რუსი მამაკაცი. 8 აპრილს ქალაქის ერთ-ერთ ცენტრალურ რაიონში ასაფეთქებელი მოწყობილობის მსგავსი საგანი აღმოაჩინეს. პოლიციის ცნობით, ეს იყო მცირე სიმძლავრის თვითნაკეთი ბომბი, რომელიც გააუვნებელყვეს. გამოძიება გრძელდება. სტოკჰოლმის ტერაქტის შემდეგ სკანდინავიის ყველა ქვეყანაში შემოღებულია უსაფრთხოების გაძლიერებული ზომები. 7 აპრილს შვედეთის დედაქალაქში 4 ადამიანი დაიღუპა და 15 დაიჭრა, როცა სატვირთო მანქანა ხალხში შევარდა. სავარაუდო ტერორისტი დაკავებულია. ის აღმოჩნდა უზბეკური წარმოშობის ისლამისტი.

ყველა ახალი ამბავი

ნიდერლანდის პოლიციამ დააკავა უტრეხტის ტერაქტთან კავშირში ეჭვმიტანილი კიდევ ერთი პირი

ნიდერლანდის პოლიციამ დააკავა უტრეხტის ტერაქტთან კავშირში ეჭვმიტანილი კიდევ ერთი ადამიანი. ადგილობრივი მედიის ცნობით, საქმე ეხება 40 წლის მამაკაცს. გამოძიება ადგენს, რა როლს თამაშობდა ის თავდასხმაში.

ორი სხვა ეჭვმიტანილი, რომელთა დაკავებაზე ადრე იტყობინებოდნენ, გაათავისუფლეს. პოლიციამ ვერ მოახერხა დანაშაულთან მათი კავშირის დადგენა.

18 მარტს შეიარაღებულმა მამაკაცმა უტრეხტში ცეცხლი გაუხსნა ტრამვაის მგზავრებს. სამი ადამიანი დაიღუპა და ხუთი დაიჭრა. მთავარი ეჭვმიტანილია თურქეთში დაბადებული 37 წლის გოკმან ტანისი, რომელიც სროლიდან რამდენიმე საათში დააპატიმრეს. პოლიცია მის თავდასხმას დაგეგმილად მიიჩნევს. ასეთი დასკვნის გამოტანის საშუალებას იძლევა ჩანაწერი, რომელიც იპოვეს მის ავტომობილში.

„რენოსა“ და „ნისანის“ საავტომობილო ნავიგატორებში საქართველოს გზების რუკა ჩაიტვირთება

საჯარო რეესტრი კომპანია „ტომ ტომთან“ აქტიურად თანამშრომლობს იმისთვის, რომ უცხოელ ტურისტებს და არა მხოლოდ მათ საქართველოს გზებზე ნავიგაცია გაუმარტივდეთ,- განაცხადა იუსტიციის მინისტრმა თეა წულიკიანმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.

მისი განცხადებით მაგისტრალებისა და სხვა საინტერესო პუნქტების შემცველი ინფორმაცია თავდაპირველად „რენოსა“ და „ნისანის“ ფირმის ავტომობილებში ჩაიტვირთება

„საჯარო რეესტრი აგრძელებდა ნავიგაციის სისტემაზე მუშაობას შარშან და წელსაც ჩვენ ვთანამშომლობთ კომპნია „ტომ ტომთან“,რომელსაც მუდმივად ვაწვდით განახლებულ ინფორმაციას. წარმოდგენილი მაქვს მაგისტრალების და სხვადასხვა ინტრესთა პუნქტების ოდენობა რომელიც უკვე დატანილია შესაბამის სანავიგაციო სფეროში და ნელ-ნელა დაიწყება მანქანათმშენებელი კომპანიების მიერ ამ სანავიგაციო სისტემების გამოყენება.პირველი იქნება რენო-ნისანი, რომლის მიერ გამოშვებულ ავტომობილებში „ტომ ტომის“ პროგრამაში ჩარტვირთული იქნება საქართველოს სანავიგაციო სისტემა“,- განაცხადა თეა წულუკიანმა.

ყაზახეთის პარლამენტმა მხარი დაუჭირა ასტანისთვის სახელის შეცვლას

ასტანა

ყახაზეთის პარლამენტმა დაამტკიცა საკონსტიტუციო ცვლილება, რომლის თანახმად, შესაძლებელი იქნება ქვეყნის დედაქალაქ ასტანისთვის სახელის შეცვლა და ნურსულთანის დარქმევა.

კონსტიტუციაში ცვლილების შესატანად პარლამენტის ორივე პალატამ ერთობლივი სხდომა გამართა.

პარლამენტს ამ ინიციატივით დილით მიმართა ყაზახეთის ახალმა პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომარტ ტოყაევმა, რომელიც უფლებამოსილების შესრულებას დღეიდან შეუდგა.

მას შემდეგ, რაც ტოყაევმა პარლამენტის ორივე პალატის ერთობლივ სხდომაზე ფიცი დადო, დეპუტატებს შესთავაზა, რომ ასტანას ნურსულთანი დაერქვას ქვეყნის პირველი პრეზიდენტის, ნურსულთან ნაზარბაევის პატივსაცემად.

ნურსულთან ნაზარბაევმა, რომელიც ყაზახეთის პრეზიდენტი იყო 1990 წლიდან, 19 მარტს მოულოდნელად გამოაცხადა, რომ თანამდებობას ტოვებს და პრეზიდენტის მოვალეობას შეასრულებს სენატის თავმჯდომარე ყასიმ-ჟომარტ ტოყაევი, რომელსაც ქვეყნის მართვას ანდობს.

ამასთან, ნაზარბაევი რჩება მმართველი პარტიის, „ნურ ოტანის“ სათავეში და გავლენიანი უშიშროების საბჭოს თავმჯდომარედ.

ნურსულთან ნაზარბაევს, რომელსაც წელს 79 წელი უსრულდება, ყაზახეთში მინიჭებული აქვს „ერის ლიდერის“ სტატუსი.

ნაზარბაევს ხშირად ადანაშაულებენ განსხვავებული აზრის დევნაში, ხელისუფლების ბოროტად გამოყენებასა და არადემოკრატიული მეთოდებით ძალაუფლების გახანგრძლივებაში.

თეა წულუკიანი: სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის ასაკი 14 წელს ქვემოთ არ დაიწევს

თეა წულუკიანი

„ვარ და ყოველთვის ვიქნები წინააღმდეგი იმისა, რომ 14 წელი დაიწიოს თუნდაც 13 ან 12 წლამდე. ეს ჩემი, როგორიც იუსტიციის მინისტრის, პოზიციაა,“-განაცხადა საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა . მისი განმარტებით, მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის სახით იუსტიციის სამინისტროს მომზადებული აქვს პროექტი, რომელიც ეხება 14 წლამდე ასაკის ბავშვთა მიერ ჩადენილ დანაშაულს.

მინისტრის თანახმად, საქართველოში მოქმედებს ევროპული მართლმსაჯულების კოდექსი, რომელიც ევროპული სტანდარტებისაა, მაგრამ დაუსჯელი და უპასუხო არ უნდა დარჩეს დანაშაულიც, რომელსაც 14 წლამდე ასაკის ბავშვები ჩადიან:

„ჩვენ მზად გვაქვს და შემოგთავაზებთ რეფორმას, რომელსაც შედეგად მოჰყვება საქართველოში რეფერირების მექანიზმის შექმნა და პოლიციას, იუსტიციის სისტემას, მათ შორის მედიაციის პროგრამებს, რეაბილიტაციის პროგრამებს, განათლების სისტემას, ახალგაზრდული და ჯანდაცვის პროგრამებს საკადრისი, ადეკვატური და ბავშვის ინტერესზე მორგებული პასუხი იმისათვის,რომ დანაშაული ამ სეგმენტში შემცირდეს",- განაცხადა იუსტიციის მინისტრმა. საქართველოს პარლამენტი მას სამთავრობო საათის ფორმატში უსმენს.

სახალხო დამცველი: გიორგი მამალაძეს არ უტარდება შესაბამისი სამედიცინო დახმარება

სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას განცხადებით, დამოუკიდებელმა ექსპერტებმა შეისწავლეს მსჯავრდებული სასულიერო პირის გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელთა დასკვნის მიხედვით ირკვევა, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძეს სასჯელაღსრულების მე-18 დაწესებულებაში შესაბამისი სამედიცინო დახმარება არ უტარდება.

როგორც ლომჯარიამ ჟურნალისტებს განუცხადა, დასკვნის დეტალებზე ვერ ისაუბრებს, თუმცა მამალაძის მდგომარეობა ექსპერტების მიერ შეფასებულია როგორც რთული და პრობლემები გამოვლენილია ნევროლოგიური მიმართულებით.

„სახალხო დამცველთან არსებული პრევენციის ეროვნული მექანიზმის ფარგლებში ჩავრთეთ დამოუკიდებელი სამედიცინო ექსპერტები. ამ ადამიანებმა შეისწავლეს როგორც სამედიცინო დოკუმენტები, ასევე ადგილზე მოინახულეს მამალაძე, როგორ უტარდება მას მკურნალობა და როგორია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა. ექსპერტებმა გასცეს დასკვნა და ამ დასკვნის საფუძველზე მათ განაცხადეს, რომ ადგილზე, ანუ მე-18 დაწესებულებაში არ უტარდება ის სამედიცინო დახმარება, რაც სჭირდება, მისი დიაგნოზიდან გამომდინარე. შესაბამისად, ამ დასკვნის საფუძველზე სახალხო დამცველმა რეკომენდაცია გასცა, რომ ის გადაყვანილი იყოს სამოქალაქო სამედიცინო დაწესებულებაში. ჩვენ, ეს დასკვნა დაახლოებით ერთი კვირის წინ გადავეცით სასჯელაღსრულების უწყებას. ასევე გადავეცით თავად მამალაძეს და მის ადვოკატებს. მეტ დეტალზე ვერ ვისაუბრებ, რადგან საქმე ჯანმრთელობის მდგომარეობას ეხება და ეს არის პერსონალური მონაცემები. თუმცა, თუ იქნება ადვოკატების ან თავად მამალაძის სურვილი, რომ გაასაჯაროვოს ეს დასკვნა, ცხადია, მათ გასაჯაროვება შეუძლიათ", - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

დეკანოზი გიორგი მამალაძე ჯანმრთელობის გაუარესების გამო ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში 15 თებერვალს გადაიყვანეს.

თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, ინსულტის დიაგნოზის შესახებ, თუმცა, საბოლოოდ, ეს დიაგნოზი მას არ დადასტურდა და 22 თებერვალს ის სასჯელაღსრულების მე-18 დაწესებულებაში, ციხის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

მოზამბიკში საგანგებო მდგომარეობა და გლოვა გამოცხადდა

მოზამბიკის ქალაქი ბეირა

მოზამბიკში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა ტროპიკული ციკლონის, „იდაის“ შედეგად გამოწვეული წყალდიდობის გამო.

დამანგრეველი სტიქიის მსხვერპლთა პატივსაცემად, მოზამბიკის პრეზიდენტმა ფილიპე ნიუსიმ სამდღიანი გლოვაც გამოაცხადა.

ოფიციალურად დადასტურებულია 84 ადამიანის სიკვდილი, თუმცა, მოზამბიკის ხელისუფლება ვარაუდობს, რომ დაღუპულია სულ მცირე 1000 ადამიანი.

განსაკუთრებით დაზარალდა ინდოეთის ოკეანის სანაპიროზე მდებარე ქალაქი ბეირა, სადაც დაახლოებით ნახევარი მილიონი ადამიანი ცხოვრობს. წინასწარი მონაცემებით, უსახლკაროდ დარჩა 400 000-მდე ადამიანი.

ბეირას 4-ბალიანი ციკლონი „იდაი“ თავს დაატყდა გასულ პარასკევს. ქარის სიჩქარე საათში 160 კილომეტრს აღწევდა, რასაც თან ახლდა კოკისპირული წვიმა. ადიდდა ბეირასთან მდებარე ორი მდინარე და ქალაქი თითქმის მთლიანად დაიტბორა.

გაეროს შეფასებით, მოზამბიკში მასშტაბური ბუნებრივი კატასტროფაა.

ნინო ლომჯარია: კობახიძის ავტორობით მომზადებული კანონპროექტი ვერ პასუხობს არსებულ გამოწვევებს

სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას განცხადებით, მოსამართლეების არჩევასთან დაკავშირებით პარლამენტის თავმჯდომარის ავტორობით მომზადებული კანონპროექტი ვერ პასუხობს არსებულ გამოწვევებს.

სახალხო დამცველის თქმით, კრიტერიუმებისა და პროცედურების გაწერას არ უნდა ჰქონდეს მხოლოდ ფორმალური ხასიათი. მისი თქმით, მას უნდა შეეძლოს არსებითად შეცვალოს გადაწყვეტილებების მიღების ის პრაქტიკა, რასაც ადგილი აქვს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ფარგლებში და უზრუნველყოს სამართლიანობა.

"ამ გამოწვევების საპასუხოდ ძალიან მნიშვნელოვანია შესაბამისი კანონმდებლობის მიღება იმისთვის, რომ გაჯანსაღდეს პროცესი, გაიზარდოს ნდობა იუსტიციის საბჭოს გადაწყვეტილებების მიმართ. სახალხო დამცველს მოსაზრებები აქვს აღნიშნულ კანონპროექტთან დაკავშირებით. ჩვენ ამ მოსაზრებებს წარვუდგენთ ვენეციის კომისიას, რომელსაც კანონპროექტი უკვე გადაეგზავნა. იმედი მაქვს, ვენეციის კომისია გაითვალისწინებს ამ მოსაზრებებს. თუმცა, დამატებით, მე, როგორც სახალხო დამცველი, გამოვიყენებ ჩემს უფლებამოსილებას და მივმართავ ეუთოს, რომელსაც აქვს უფლებამოსილება, ომბუდსმენის მიმართვის საფუძველზე მოამზადოს დასკვნა და მოსაზრება იმ კანონპროექტებთან დაკავშირებით, რომლებიც ასევე შეეხება მართლმსაჯულების საკითხებს, შეისწავლოს კანონპროექტი და მისი შესაბამისობა საერთაშორისო სტანდარტებთან და სახელმწიფოს მიერ ნაკისრ ვალდებულებთან. ამიტომ, ვფიქრობ, რომ ეუთოს ჩართვა ამ საკითხებში დამატებით ძალიან ღირებული და მნიშვნელოვანი იქნება. ჩვენ გვაქვს ექსტრაორდინალური ვითარება და შესაბამისად, გამოსავალიც დროულადაა სანახავი", - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

სახალხო დამცველი ფიქრობს, რომ კანონპროექტის განხილვამდე, პარლამენტი უნდა დალოდებოდა ვენეციის კომისიის პასუხს.

საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით დაამტკიცა "ქართული ოცნების" უმრავლესობის მიერ მომზადებული კანონპროექტი საერთო სასამართლოების კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ. მას მხარი დაუჭირა 89 დეპუტატმა 31-ის წინააღმდეგ.

კანონპროექტი განსაზღვრავს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმებს და პროცედურებს.

კენჭისყრის დროს დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვეს საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილმა წევრებმა, ეკა ბესელიამ და გედევან ფოფხაძემ.

პარლამენტმა კენჭი უყარა "ევროპული საქართველოს" მიერ მომზადებულ ალტერნატიულ კანონროექტსაც. მას მხარი დაუჭირა 24-მა დეპუტატმა, 42 წინააღმდეგი იყო.

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრად მიხეილ ჩიკვილაძე აირჩიეს

საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობა

საქართველოს პარლამენტმა 94 ხმით, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრად აირჩია მიხეილ ჩიკვილაძე. მისი კანდიდატურა საპარლამენტო უმრავლესობის კვოტით იყო წარდგენილი.

მიხეილ ჩიკვილაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოში შეცვალა ზაზა შათირიშვილი, რომელმაც საბჭო ვადაზე ადრე, 2018 წლის დეკემბერში დატოვა.

მეურვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში მის ნაცვლად არჩეული ახალი მეურვის უფლებამოსილების ვადა განისაზღვრება წინა მეურვის უფლებამოსილების დარჩენილი ვადით.

მეურვის უფლებამოსილების ვადაა არაუმეტეს 6 წლისა.

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოში 9 წევრია. საქართველოს პარლამენტი სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს ორ მეურვეს საქართველოს სახალხო დამცველის წარდგინებით, სამ-სამს საპარლამენტო უმრავლესობის და უმრავლესობის გარეთ დარჩენილ დეპუტატთა არანაკლებ ერთი მეოთხედის წარდგინებით და ერთს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წარდგინებით.

ირაკლი სესიაშვილი: ჟენევის ფორმატი შეუცვლელია. შეიქმნება დამხმარე ფორმატები

„ჟენევის ფორმატი არის შეუცვლელი“, - ამბობს ირაკლი სესიაშვილი, პარლამენტის უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე და ასე ეხმაურება საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებას იმის შესახებ, რომ ჟენევის ფორმატი არ პასუხობს იმ მოთხოვნას, რაც დღეს საქართველოს სჭირდება.

„ჟენევის ფორმატი არის ის სივრცე, სადაც ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, რუსეთთან გვაქვს დიალოგი უსაფრთხოების და დეოკუპაციის საკითხზე. ამიტომ ეს ფორმატი იქნება შეუცვლელი. თუმცა, ქალბატონმა სალომემ რაც თქვა და მე როგორც აღვიქვი, ეს არის ის დამხმარე ფორმატები, რომლებიც საერთო ჯამში მოახდენს საერთაშორისო საზოგადოების კონსოლიდაციას. ამაზეა საუბარი და არა იმაზე, რომ ჟენევის ფორმატი გაუქმდეს. პირიქით, ჟენევის ფორმატი იქნება ლოკომოტივი. დანარჩენი, რა ფორმატებსაც დავამატებთ, ეს იქნება იმისათვის, რომ მოხდეს საერთაშორისო საზოგადოების კონსოლიდაცია“, - ამბობს ირაკლი სესიაშვილი.

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ახალი ფორმატის შექმნის ინიციატივით გამოდის, რომელიც კონფლიქტების დარეგულირების მიზნით მაღალი დონის პოლიტიკური დიალოგის შემოღებას ითვალისწინებს, განაცხადა 19 მარტს საქართველოს პრეზიდენტის პრეს-სპიკერმა ხატია მოისწრაფიშვილმა.

მოსამართლეთა არჩევის შესახებ "ქართული ოცნების" კანონპროექტი პირველი მოსმენით მიღებულია

საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით დაამტკიცა "ქართული ოცნების" უმრავლესობის მიერ მომზადებული კანონპროექტი საერთო სასამართლოების კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ. მას მხარი დაუჭირა 89 დეპუტატმა 31-ის წინააღმდეგ.

კანონპროექტი განსაზღვრავს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმებს და პროცედურებს.

კენჭისყრის დროს დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვეს საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილმა წევრებმა, ეკა ბესელიამ და გედევან ფოფხაძემ.

პარლამენტმა კენჭი უყარა "ევროპული საქართველოს" მიერ მომზადებულ ალტერნატიულ კანონროექტსაც. მას მხარი დაუჭირა 24-მა დეპუტატმა, 42 წინააღმდეგი იყო.

სერგი კაპანაძე: პრეზიდენტმა ვერ გაიგო, რომ მისი ყოველი ფრაზა, შესაძლოა, ჩვენს წინააღმდეგ გამოიყენონ

„ქალბატონი ზურაბიშვილი არ ეშვება ჩვენი ინტერესებისათვის ზიანის მიყენებას“, - ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ წევრი, დეპუტატი სერგი კაპანაძე, საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის 19 მარტის განცხადებებს აგვისტოს ომისა და ჟენევის ფორმატთან დაკავშირებით:

„როგორც ჩანს, მან ვერ გაისიგრძეგანა და ვერ გაიგო, რომ მისი ყოველი გამონათქვამი, ფრაზა, რომელსაც ეჭვი შეაქვს 2008 წლის ომთან დაკავშირებით, ვინ დაიწყო ომი, ვინ ვინ დაბომბა, პირდაპირ არის გამოყენებული საქართველოს წინააღმდეგ, ჰააგაშიც და სხვაგანაც, როგორც დიპლომატიურად, ისე სასამართლოებში. ვერ გაიგო ამ ქალმა ეს და „ქართულმა ოცნებამ“, როგორც ჩანს, იმიტომ წარადგინა ის პრეზიდენტად და იმიტომ გაიყვანა, რომ რაღაც ზიანი მიადგეს ეროვნულ ინტერესებს, რადგან ამას სხვა ახსნა არ აქვს. მას არ ესმის, რომ ნებისმიერი განცხადება, რომ ჟენევის ფორმატი არის გადასახედი, ნიშნავს იმას, რომ ჩვენ შეიძლება დავიწყოთ დისკუსია ფორმატზე, რომელიც ვერ იქნება ისეთი კარგი, როგორიც არის დღეს ჟენევის ფორმატი და ქალბატონ სალომეს არ ესმის, რომ ჟენევაში რომ პროგრესი არ გვაქვს, ეს იმის ბრალი კი არ არის, რომ ფორმატი არ გვაქვს, ეს არის იმის ბრალი, რომ მოსკოვში არ არის პოლიტიკური ნება და ამისთვის არის საჭირო, რომ მოსკოვზე გაიზარდოს წნეხი. ეს არის პირველი კურსელის დონეზე დაშვებული შეცდომა და სამწუხაროა, რომ ასეთი დონის პრეზიდენტი გვყავს“, - ამბობს სერგი კაპანაძე.

სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ჟენევის ფორმატი არ პასუხობს იმ მოთხოვნას, რაც დღეს საქართველოს სჭირდება.

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ახალი ფორმატის შექმნის ინიციატივით გამოდის, რომელიც კონფლიქტების დარეგულირების მიზნით, მაღალი დონის პოლიტიკური დიალოგის შემოღებას ითვალისწინებს.

თალაკვაძე: სააკაშვილის ხელისუფლება რუსეთის პროვოკაციას ვერ გაუმკლავდა

არჩილ თალაკვაძე

„ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერს, არჩილ თალაკვაძეს არ ჰგონია, რომ მისგან განმარტებებს ითხოვს საქართველოს პრეზიდენტის განცხადებები.

ჟურნალისტებმა თალაკვაძეს თხოვეს შეფასება სალომე ზურაბიშვილის მიერ „ტვ პირველთან“ ინტერვიუში ნათქვამზე, რომ 2008 წელს სააკაშვილმა დაბომბა ცხინვალი, რასაც თვლის შეცდომად და არა საქართველოს პასუხისმგებლობად.

„ომთან დაკავშირებით ჩვენი, სახელისუფლებო გუნდისა და საპარლამენტო უმრავლესობის პოზიცია იცით. აგრესორი არის რუსეთი. რუსეთის საოკუპაციო ძალები უკანონოდ იმყოფებიან ჩვენს ტერიტორიაზე და ყველაფერს ვაკეთებთ, რომ მოხდეს დეოკუპაცია, დასრულდეს ეს უკანონო ოკუპაცია და აღდგეს ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა. ყველა ჯარისკაცი, რომელიც აგვისტოს ომში იცავდა საქართველოს, არის პირნათელი სახელმწიფოსა და თავისი ხალხის წინაშე“ - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის თქმით, იმაზე, რომ სააკაშვილი და მისი ხელისუფლება რუსეთის პროვოკაციას ვერ გაუმკლავდნენ, საზოგადოება შეთანხმებულია და თავისი შეფასება 2012 წლის არჩევნების დროს გააკეთა.

სალომე სამადაშვილი: ზურაბიშვილის განცხადებები იძლევა იმპიჩმენტის საფუძველს

„სალომე ზურაბიშვილი საკუთარი განცხადებებით საფუძველს იძლევა, რომ დაიწყოს იმპიჩმენტის პროცედურები“, - ასე ეხმაურება „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი სალომე სამადაშვილი, საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის 19 მარტის განცხადებას ცხინვალის ქართული მხარის მიერ დაბომბვის შესახებ. განცხადება სალომე ზურაბიშვილმა გადაცემა „რეაქციაში“ სტუმრობისას გააკეთა.

სალომე სამადაშვილი ფიქრობს, რომ მსგავს განცხადებებს რუსეთი საქართველოს სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ გამოიყენებს:

„საქართველოს პრეზიდენტის განცხადებამ, რომ ერთის მხრივ, ქართულმა მხარემ დაბომბა მძინარე ცხინვალი და მეორეს მხრივ, განცხადება იმის თაობაზე, რომ ჟენევის მოლაპარაკებები ვერ ასრულებს საკუთარ ფუნქციას, შესაძლოა მოითხოვოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულების მიერ შემქნილი საერთაშორისო მოლაპარაკებების, საერთაშორისო უსაფრთხოების მექანიზმების გადახედვის შესაძლებლობა. ეს ფაქტორი კი შეიძლება გამოიყენოს რუსეთმა ჩვენი სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ და ვფიქრობ, რომ ქალბატონი ზურაბიშვილის განცხადება უკვე პრეზიდენტის რანგში, ატარებს ჩვენი სახელმწიფოსთვის ისეთ საფრთხეს, რომ დროა ჩვენც დავიწყოთ მსჯელობა სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხზე პრეზიდენტის განცხადებებთან დაკავშირებით. არ მაქვს იმედი, რომ დღევანდელ პოლიტიკურ ვითარებაში იქნება შესაძლებელი ზურაბიშვილის განცხადების საფუძველზე იმპიჩმენტის დაწყება, მაგრამ მომავალში, როდესაც პოლიტიკური სიტუაცია იქნება შესაბამისი, ვფიქრობ, რომ ის საკუთარი განცხადებებით, ის საფუძველს აძლევს სწორედ იმპიჩმენტის პროცედურების დაწყებას“.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, ცხინვალი და იქ მცხოვრები მოსახლეობა მიხეილ სააკაშვილმა დაბომბა:

„არსებობს საერთაშორისო სამართალი და საერთაშორისო სამართალში ერთმა ქვეყანამ გადალახა მეორე ქვეყნის საზღვარი... და ეს რუსეთმა გააკეთა, არაერთხელ. სააკაშვილმა დაბომბა ცხინვალი, ჩვენი მოსახლეობა, რომელიც ნაწილობრივ იყო დაცლილი, მაგრამ მე, ამას ვთვლი როგორც შეცდომას და არა როგორც საქართველოს პასუხისმგებლობას ომში. ომის პასუხისმგებლობა არის იმ ქვეყნის, რომელიც არის სამართლებრივად პასუხისმგებელი ომზე და დაიწყო საომარი მოქმედებები. მან დაბომბა არა მოსახლეობა, არამედ ჩვენი ტერიტორია შვიდში ღამეს და ეს არის ის დანაშაული, რომელიც არის პრეზიდენტის და ჩვენი გასარჩევი შიგნით“, - ამბობს სალომე ზურაბიშვილი.

საქართველოს პარლამენტის წევრებს ხმის მიცემის ინსტრუქცია დაახვედრეს

პარლამენტის სხდომაზე მისულ დეპუტატებს მაგიდებზე დახვდათ კომპიუტერული სისტემით რეგისტრაციის და ხმის მიცემის ტექნიკური ინსტრუქცია.

მისი ფოტო ფეისბუქის პირად გვერდზე გამოაქვეყნა „ევროპული საქართველოს“ წევრმა სერგო რატიანმა. "დღეს დილას დაგვხვდა. გვასწავლიან" - წერს რატიანი.

19 მარტს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უმრავლესობამ ვერ შეძლო „ქართული ოცნების“ ყოფილი წევრის, ზვიად კვაჭანტირაძის გადაყენება დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობიდან.

საკითხს მხარი დაუჭირა 67-მა დეპუტატმა, მაშინ, როცა გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო იყო სულ მცირე 76 ხმა.

კენჭისყრისას ტექნიკური ხარვეზის საბაბით, უმრავლესობა ხელახალ კენჭისყრას გეგმავდა, თუმცა, მანამდე ზვიად კვაჭანტირაძემ თანამდებობა თავად დატოვა.

17 წლამდე გოგონების საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ელიტრაუნდში ითამაშებს

ქართული ფეხბურთის ისტორიაში პირველად, საქართველოს 17-წლამდელ გოგონათა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ელიტრაუნდის შეხვედრებში მიიღებს მონაწილეობას. 21-27 მარტს უნგრეთის ქალაქ დიორში გასამართ ტურნირზე ჯგუფური ეტაპის თამაშებში ლევან ბაჯელიძის გაწვრთნილი გუნდი ინგლისის, საბერძნეთისა და უნგრეთის ასაკობრივ ნაკრებებს დაუპირისპირდება.

ელიტრაუნდისთვის მოსამზადებლად საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა ოთხი ამხანაგური მატჩი ჩაატარა. მინსკში ორჯერ შეხვდა ბელარუსის ნაკრებს და ორივეჯერ დაამარცხა (2:1 და 1:0), თბილისში კი აზერბაიჯანთან ერთი თამაში ფრედ დაასრულა (0:0) და მეორეში მოიგო (2:0).

21 მარტს, თბილისის დროით 17:30 საათზე, ქართველი ფეხბურთელები ინგლისის ნაკრებს ეთამაშებიან. 24 მარტს შედგება მატჩი საბერძნეთთან და 27 მარტს - უნგრეთთან.

ზვიად კვაჭანტირაძის გადადგომა ცნობად მიღებულია

ზვიად კვაჭანტირაძე

საქართველოს პარლამენტის ბიურომ ცნობად მიიღო „ქართული ოცნების“ უმრავლესობის ყოფილი წევრის, ზვიად კვაჭანტირაძის განცხადება დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ.

19 მარტს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უმრავლესობამ ვერ შეძლო კვაჭანტირაძის თანამდებობიდან გადაყენება. საკითხს მხარი დაუჭირა 67-მა დეპუტატმა, მაშინ, როცა გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო იყო სულ მცირე 76 ხმა.

კენჭისყრისას ტექნიკური ხარვეზის მოტივით, უმრავლესობა ხელახალ კენჭისყრას გეგმავდა, თუმცა, მანამდე ზვიად კვაჭანტირაძემ თანამდებობა თავად დატოვა.

ქუთაისში მატარებლის დაჯახებისას დაშავებული და-ძმის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა  

ქუთაისში მატარებლის დაჯახებისას დაშავებული ბავშვები ინტერვენციული მედიცინის ცენტრში მკურნალობენ.

და-ძმა კლინიკაში 19 მარტს მძიმე დაზიანებებით შეიყვანეს. როგორც კლინიკაში განმარტავენ, ორივე ბავშვი რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.

„მცირეწლოვანი ბავშვები მძიმე მდგომარეობით შემოიყვანეს კლინიკაში. ერთ-ერთ აქვს თავის ტვინის ჰემატომა, ბავშვები მართვით სუნთქვაზე არ არიან. მდგომარეობა მძიმეა, თუმცა დინამიკა სტაბილურია. უტარდებათ გამოკვლევები, რის შემდეგაც დაზუსტდება დასჭირდებათ, თუ არა ქირურგიული ჩარევა", - აცხადებენ კლინიკაში.

ქუთაისში სკოლის მოსწავლეებს მატარებელი 19 მარტს დაეჯახა. არსებული ინფორმაციით, და-ძმა სკოლიდან მოკლე გზით ბრუნდებოდა, რა დროსაც წყალტუბო-ქუთაისის მატარებელი დაეჯახა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე 275-ე მუხლის 1-ელი ნაწილით მიმდინარეობს, რაც რკინიგზის, წყლის, საჰაერო ან საბაგირო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული კადრების საქმეზე პატიმრობაში მყოფი პირების პროცესი გაიმართება 

პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ვიდეოჩანაწერების საქმეზე პატიმრობაში მყოფი პირების სასამართლო პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში 20 მარტს გაიმართება.

საქმეზე ბრალდებული 18 პირიდან ოთხს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული. სწორედ, მათ მიმართ შეფარდებულ აღკვეთის ღონისძიებას გადასინჯავს დღეს სასამართლო.

სამართალდამცავებმა პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერის გავრცელების ფაქტზე ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ვიდეოჩანაწერის შენახვის და გავრცელების ბრალდებით, 18 პირი დააკავეს. მათ ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით აქვთ წარდგენილი.

გამოძიებით დადგინდა, რომ აღნიშნული პირები სოციალური ქსელის და მობილური ინტერნეტაპლიკაციის მეშვეობით ინახავდნენ და მასობრივად ავრცელებდნენ პირადი ცხოვრების ამსახველ ვიდეოჩანაწერს.

თბილისის 26 ქუჩაზე მიკროავტობუსები მხოლოდ გაჩერებებზე გაჩერდებიან

თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, 20 მარტიდან, 12 ქუჩაზე მოძრავი მიკროავტობუსები მხოლოდ საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოსაცდელებთან გაჩერდებიან. ეს ქუჩები შეემატება იმ 14 ცენტრალურ ქუჩას, სადაც უკვე ერთი წელია სამარშრუტო ტაქსები მხოლოდ გაჩერებებზე ჩერდებიან.

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მუნიციპალური ტრანსპორტის ქაოტური გაჩერებები სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს როგორც ფეხით მოსიარულეებისთვის, ისე მძღოლებისთვის: „ძალიან ბევრი ავტოსაგზაო შემთხვევა ხდებოდა. გარდა ამისა, ეს სერიოზულ პრობლემას წარმოადგენდა საცობების თვალსაზრისითაც. პროცესი ეტაპობრივად უნდა დარეგულირდეს“.

14 ცენტრალურ ქუჩაზე მიკროავტობუსების გაჩერებების შეზღუდვა 2018 წლის პირველი მარტიდან დაწესდა. 20 მარტიდან 14 ქუჩას კიდევ 12 ქუჩა შეემატება.

ბედნიერი ქვეყნების რეიტინგში საქართველო 128-ეა

გაერომ გამოაქვეყნა ტრადიციული მოხსენება „მსოფლიო ბედნიერება 2018.“ გაეროს მდგრადი განვითარების საკითხების გადაწყვეტის ქსელის ექსპერტები 6 ფაქტორის გათვალისწინებით ადგენენ მსოფლიოს ბედნიერი ქვეყნების რეიტინგს.

ყველაზე ბედნიერ ქვეყნად დასახელდა ფინეთი, რომელსაც ყველაზე მაღალი - 7,632 ქულა მიენიჭა. პირველ ხუთეულში არიან ნორვეგია, დანია, ისლანდია და შვეიცარია.

საქართველო 128-ე ადგილზეა 4,340 ქულით. ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებს შორის, საქართველოს მოსდევენ მხოლოდ სომხეთი(129) და უკრაინა(138).

ბოლო, 156-ე ადგილზე ბურუნდია.

ბედნიერების დონის დასადგენად ექსპერტები ითვალისწინებენ ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობას, სიცოცხლის ხანგრძლივობას, სოციალური მხარდაჭერის სისტემას, თავისუფლების ხარისხს და კორუფციის დონეს. ყველა ფაქტორს ათბალიანი სკალით აფასებენ და თითოეული ქვეყნისთვის საშუალო ქულა გამოჰყავთ.

ლიზი კილაძემ ევროპის ჩემპიონატზე ტყვიის სროლაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

ლიზი კილაძე

ხორვატიის ქალაქ ზაგრებში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ტყვიის სროლაში ახალგაზრდა გოგონებს შორის გათამაშდა მედლები და კვარცხლბეკზე ქართველი ლიზი კილაძეც ავიდა. ქუთაისელი სპორტსმენი, რომელიც შარშან მსოფლიოს ახალგაზრდულ პირველობაზე გახდა ბრინჯაოს პრიზიორი, ევროკონკურენციაშიც ბრინჯაოს დაეუფლა.

საკვალიფიკაციო ეტაპიდან ფინალში მხოლოდ რვა სპორტსმენი გადიოდა და კილაძემ საწადელს მერვე ადგილით მიაღწია, გადამწყვეტ ეტაპზე კი უკეთ ისროლა და საპრიზო სამეულშიც მოხვდა. ევროპის ჩემპიონი თურქი სევაი იაიდა ტარჰანი გახდა, რომელიც მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონიცაა, ვერცხლის მედალი კი რუსმა ნადეჟდა კოლოდამ მოიპოვა.

ასტანას შესაძლოა ნურსულთანი დაერქვას

ნურსულთან ნაზარბაევი და ყასიმ-ჟომარტ ტოყაევი

ყაზახეთის პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებას შეუდგა სენატის თავმჯდომარე ყასიმ-ჟომარტ ტოყაევი. მან პრეზიდენტის ფიცი დადო პარლამენტის ორივე პალატის დღევანდელ, ერთობლივ სხდომაზე.

ტოყაევმა პარლამენტს შესთავაზა, რომ ყაზახეთის დედაქალაქს ასტანას ნურსულთანი დაერქვას ქვეყნის პირველი პრეზიდენტის, ნურსულთან ნაზარბაევის პატივსაცემად.

ნურსულთან ნაზარბაევმა, რომელიც ყაზახეთის პრეზიდენტი იყო 1990 წლიდან, 19 მარტს მოულოდნელად გამოაცხადა, რომ თანამდებობას ტოვებს და პრეზიდენტის მოვალეობას შეასრულებს სენატის თავმჯდომარე ყასიმ-ჟომარტ ტოყაევი, რომელსაც ქვეყნის მართვას ანდობს.

ამასთან, ნაზარბაევი რჩება მმართველი პარტიის, „ნურ ოტანის“ სათავეში და გავლენიანი უშიშროების საბჭოს თავმჯდომარედ.

ნურსულთან ნაზარბაევს, რომელსაც წელს 79 წელი უსრულდება, ყაზახეთში მინიჭებული აქვს „ერის ლიდერის“ სტატუსი.

ნაზარბაევს ხშირად ადანაშაულებენ განსხვავებული აზრის დევნაში, ხელისუფლების ბოროტად გამოყენებასა და არადემოკრატიული მეთოდებით ძალაუფლების გახანგრძლივებაში.

ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმის სააპელაციო განხილვა დასკვნით ეტაპზეა

თბილისის სააპელაციო სასამართლო

თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასკვნით ეტაპზე გადავიდა ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდის, დავით სარალიძის და ლევან დადუნაშვილის მკვლელობის საქმეზე მსჯავრდებული არასრულწლოვნების გ.ბ-ს და გ.ჯ-ს საქმის განხილვა.

დღევანდელ სხდომაზე დასკვნით სიტყვას წარმოთქვამს ბრალდების მხარე.

პირველი ინსტანციის - თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ 2018 წლის 31 მაისს გამოტანილი განაჩენით, გ.ბ. დამნაშავედაა ცნობილი ლევან დადუნაშვილის განზრახ, წინასწარი შეცნობით მკვლელობაში და 10 წლით და 6 თვით პატიმრობა აქვს მისჯილი. გ.ჯ. მსჯავრდებულია დავით სარალიძის დამამძიმებელ გარემოებაში მკვლელობის მცდელობისთვის და 9 წლით და 9 თვით პატიმრობა აქვს შეფარდებული. შესაბამისად, ამ განაჩენის მიხედვით დაუდგენელია დავით სარალიძის მკვლელობაში დამნაშავე.

თავის მხრივ, პროკურატურა ორივე არასრულწლოვანს ბრალად სდებს ჯგუფურად განზრახ მკვლელობაში. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის, ეკა არეშიძის განაჩენი სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს როგორც ბრალდების, ისე დაცვის მხარეებმა.

პოლონეთმა პუტინი არ მიიწვია მეორე მსოფლიო ომის დაწყებიდან მე-80 წლისთავის აღსანიშნავად

ვლადიმირ პუტინი

პოლონეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი არ მიიწვია მეორე მსოფლიო ომის დაწყებიდან მე-80 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებებზე. ამის შესახებ პოლონური მედიასაშუალებები იუწყებიან პრეზიდენტ ანჯეი დუდას კანცელარიაზე დაყრდნობით.

პოლონეთის რადიოს მოჰყავს პრეზიდენტის პრესსპიკერის, ბლაჟეი სპიხალსკის სიტყვები, რომ მიწვეულ ქვეყნებს შორის რუსეთი არ არის.

რამდენიმე კვირის წინ, პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებდნენ, რომ პრეზიდენტს მიმართავდნენ პუტინის მიწვევის რეკომენდაციით. სამინისტროს წარმომადგენლის, ევა სუვარას ინფორმაციით, ამ საკითხის განხილვას მხოლოდ სამუშაო მოლაპარაკების ხასიათი ჰქონდა.

სირიის ოპოზიცია "ისლამური სახელმწიფოს" ბოლო საყრდენის დაცემას იუწყება

"სირიის დემოკრატიული ძალების" მებრძოლები

აშშ-ის მხარდაჭერით მოქმედი „სირიის დემოკრატიული ძალების“ მებრძოლებმა კონტროლი დაამყარეს სირიის აღმოსავლეთში მდებარე დასახლებულ პუნქტზე, ბაგჰუზე, რომელიც ექსტრემისტული დაჯგუფების, „ისლამური სახელმწიფოს“ ბოლო საყრდენად ითვლებოდა.

„სირიის დემოკრატიული ძალების“ პრესმდივნის, მუსტაფა ბალის ინფორმაციით, ტყვედ აიყვანეს „ისლამური სახელმწიფოს“ რამდენიმე ასეული წევრი, მათ შორის 2019 წლის იანვარში, სირიის ჩრდილოეთში განხორციელებულ ტერაქტში ეჭვმიტანილები. ამ თავდასხმის შედეგად დაიღუპა 16 ადამიანი. მათგან 4 აშშ-ის მოქალაქე იყო.

მუსტაფა ბალის თქმით, ბაგჰუზზე კონტროლის დამყარება „ისლამური სახელმწიფოს“ მიერ სირიასა და ერაყში გამოცხადებული ხალიფატის სიმბოლური დაცემა და ექსტრემისტული დაჯგუფების სრულად განადგურებისკენ გადადგმული სერიოზული ნაბიჯია, თუმცა, საბოლოო გამარჯვებაზე საუბარი ნაადრევია.

სირიაში „ისლამური სახელმწიფოს“ კონტროლქვეშ რჩება გარკვეული ტერიტორია მდინარე ევფრატის გასწვრივ. ამასთან, ექსტრემისტებისგან უკვე გათავისუფლებულ რაიონებში რჩებიან ე.წ. მთვლემარე ჯგუფები, რომლებიც საფრთხეს წარმოადგენენ.

ჩამოტვირთე მეტი

XS
SM
MD
LG