Accessibility links

ამერიკელი კონგრესმენების რეზოლუცია საქართველოს მეტ მხარდაჭერასაც გულისხმობს


ნატო, როგორც უსაფრთხოების დაცვის შეუცვლელი გარანტი, რუსეთის აგრესიული პოლიტიკა და რუსეთის მიერ შევიწროებული მეზობელი ქვეყნები, რომლებსაც მეტი მხარდაჭერა უნდა აღმოუჩინონ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ნატომ - ასეთია ძირითადი აქცენტები ორპარტიული რეზოლუციისა, რომელიც 6 აპრილს წარმომადგენელთა პალატაში წარადგინეს აშშ-ის დემოკრატმა კონგრესმენმა სტივ კოენმა და რესპუბლიკელმა კონგრესმენმა ჯონ შიმკუსმა. რეზოლუციის ტექსტის მიხედვით, ნატო კვლავაც რჩება „ყველაზე მნიშვნელოვან და გადამწყვეტ“ დამაკავშირებელ უსაფრთხოების მექანიზმად აშშ-სა და ევროპას შორის. ტექსტში ნათქვამია ასევე, რომ ნატოში გაწევრიანების საშუალება უნდა მიეცეთ პარტნიორ ქვეყნებს. ორპარტიულმა რეზოლუციამ კმაყოფილი დატოვა თბილისი. საქართველოს უცვლელი მისწრაფება გაწევრიანდეს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში კიდევ ერთხელ გამოვლინდა ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე, რომელსაც თბილისი, ნატოს დღეების ფარგლებში, 10-11 აპრილს მასპინძლობს.

აშშ-ის საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლობითი პალატისთვის წარდგენილი რეზოლუცია კიდევ ერთხელ ადასტურებს აშშ-ის სრულ მხარდაჭერას ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნების, მათ შორის - საქართველოს, უკრაინის, მოლდოვის, ესტონეთის, ლატვიისა და ლიტვის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ და საჭიროდ თვლის, რომ შეერთებულმა შტატებმა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს გაუზარდოს დახმარება პოლიტიკის, ეკონომიკისა და უსაფრთხოების მიმართულებებით. ტექსტის მიხედვით იოლი მისახვედრია, თუ რომელი ქვეყნისგან სჭირდებათ დაცვა ნატოს წევრ და პარტნიორ ქვეყნებს და რომელი ქვეყანა მიიჩნევა დესტაბილიზაციის მთავარ წყაროდ. რუსეთი ტექსტში რამდენიმე ადგილას არის ნახსენები:

„რუსეთის აგრესიული ქმედებები მეზობელი ქვეყნების - ნატოს წევრი და პარტნიორი სახელმწიფოების მიმართ, რაც მოიცავს ბალტიის საჰაერო სივრცის მრავალგზის დარღვევას, საქართველოს ტერიტორიის ოკუპაციას 2008 წელს, ყორიმის ანექსიას 2014 წელს და განგრძობად საფრთხეებს მოლდავეთის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ, - წარმოადგენს არა მხოლოდ ჰელსინკის დასკვნითი აქტის ვალდებულებებისა და ეუთოს შეთანხმებების დარღვევას, არამედ წარმოადგენს მთავარ ფაქტორს ევროპის დესტაბილიზაციის კუთხით“.

ამერიკის შეერთებული შტატები აგრძელებს იმავე პოლიტიკას, რომელიც დაიწყო ბუში უმცროსის ადმინისტრაციის პერიოდში, რაც გულისხმობს თავისი სამოკავშირეო საზღვრების უფრო აღმოსავლეთით გადატანას და ფსონის დადებას ე.წ. ახალ პარტნიორებზე და, აი, აქ სწორედ კარგად არის მოხსენიებული იგივე საქართველო...

ნატოს პარტნიორი ქვეყნებისა და, მათ შორის, საქართველოს მხარდაჭერის აუცილებლობას დიდწილად მადლიერების გრძნობას უკავშირებს ორპარტიული რეზოლუციის ერთ-ერთი ავტორი და ინიციატორი, დემოკრატი კონგრესმენი სტივ კოენი. სოციალურ ქსელ ფეისბუქში, რეზოლუციის მნიშვნელობაზე წერისას, ის საგანგებოდ აღნიშნავს, რომ ნატო მშვიდობიან მიზნებს ემსახურება და შეერთებული შტატები ისევე უნდა დაუდგეს მხარში ნატოსა და აღმოსავლეთევროპელ პარტნიორებს, როგორც ისინი ედგნენ მხარში შეერთებულ შტატებს სამშვიდობო მისიებში: დასავლეთ ბალკანეთში, ერაყში, ავღანეთსა თუ სხვაგან. ეს აქცენტი რეზოლუციის ტექსტშიც გვხვდება. აქვე აღნიშნულია, რომ შეერთებული შტატები მტკიცედ უჭერს მხარს ნატოს „ღია კარის“ პოლიტიკას და ალიანსში იმ ქვეყნების გაწევრიანებას, რომლებსაც ეს სურთ და რომლებიც ამას იმსახურებენ. რეზოლუციაში ნახსენებია ასევე პარტნიორი ქვეყნებისთვის ალიანსის მიერ გაზრდილი მხარდაჭერა და, მათ შორის, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი.

წარმომადგენლობით პალატაში შესულ ორპარტიულ რეზოლუციას მაღალ შეფასებას აძლევენ თბილისში. როგორც საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ აღნიშნა, შეერთებული შტატების საკანონმდებლო ორგანო მტკიცედ და თანმიმდევრულად უჭერს მხარს საქართველოს ინტერესებს და ბოლო პერიოდში სენატში ინიცირებულ ასევე მნიშვნელოვან რეზოლუციას ახლა უკვე კონგრესმენების მიერ მომზადებული დოკუმენტიც შეემატა:

„... საქართველოს შესახებ არის ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები: ის, რომ მაქსიმალურად უნდა შეეწყოს ხელი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დაცვას, ასევე საქართველოს ინტეგრაციას ევროატლანტიკურ სივრცეში და ასევე ამერიკა-საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორობას... და ხაზია გასმული საქართველოს პროგრესზე და იმ წარმატებებზე, რომლებიც საქართველოს აქვს ამ მიმართულებით. ეს არის გამოხატულება სწორედ მჭიდრო თანამშრომლობისა აშშ-ის კონგრესთან და იმ მხარდაჭერის, რომელიც ჩვენ გვაქვს კონგრესში და ეს გამოხატულია ორპარტიული სრული მხარდაჭერით“.

ერთი შეხედვით, თითქოს, არსებითად ახალი არაფერია, შეერთებული შტატების მხრიდან ადრეც ბევრჯერ მოგვისმენია რუსეთის აგრესიული ქმედებების კრიტიკა და რუსეთის მიერ შევიწროებული ქვეყნების დახმარების სურვილი, მაგრამ, როგორც პოლიტოლოგმა გიორგი გობრონიძემ უთხრა რადიო თავისუფლებას, იმის გარდა, რომ მეტად მნიშვნელოვანია მთავარი სტრატეგიული პარტნიორის მხრიდან საქართველოს მხარდაჭერის ნებისმიერი ასეთი გამოხატულება, ეს არის ასევე გარკვეული სიგნალი, რომ საქართველოს შეუძლია სათანადო როლი მოირგოს იმ რეალობაში, როცა ტრამპის ამერიკა იბრუნებს ლიდერის როლს და ააქტიურებს საგარეო პოლიტიკას:

„ამერიკის შეერთებული შტატები აგრძელებს იმავე პოლიტიკას, რომელიც დაიწყო ბუში უმცროსის ადმინისტრაციის პერიოდში, რაც გულისხმობს თავისი სამოკავშირეო საზღვრების უფრო აღმოსავლეთით გადატანას და ფსონის დადებას ე.წ. ახალ პარტნიორებზე და, აი, აქ სწორედ კარგად არის მოხსენიებული იგივე საქართველო, იგივე უკრაინა, იგივე მოლდოვა და ახალი ბალკანელი პარტნიორები, რომლებიც, შესაძლებელია, აშშ-ისთვის გახდეს კიდეც ძალიან მნიშვნელოვანი დასაყრდენი ევროპული პოლიტიკის წარმოების პროცესში“.

გიორგი გობრონიძის თქმით, აშშ-ის წარმომადგენლობით პალატაში 6 აპრილს შესული რეზოლუცია აქრობს ბოლო პერიოდში გაჩენილ შეკითხვებს ამერიკისა და ნატოს ურთიერთობების ჭრილში და აშკარად ლაპარაკობს იმაზე, რომ დასავლეთის უსაფრთხოების ერთადერთ გარანტს კვლავაც ნატო წარმოადგენს და რომ შეერთებულმა შტატებმა და ევროპამ სწორედ ნატოს ძალასა და პრინციპებს უნდა უერთგულონ.

ნატოს ერთგული რჩება საქართველოც და ეს კიდევ ერთხელ გამოვლინდა 10 აპრილს, როდესაც თბილისში ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ორდღიანი ფორუმი გაიხსნა. როცა მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართავდა, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა იმედიანად ილაპარაკა ნატო-საქართველოს დაახლოებაზე, ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესებზე და მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც გვერდში უდგას საქართველოს ალიანსში გაწევრიანების გზაზე. ნატოსა და საქართველოს კიდევ უფრო დაახლოების აუცილებლობასა და პერსპექტივებზე ილაპარაკა ნატოს გენერალური მდივნის თანაშემწემ სახალხო დიპლომატიის საკითხებში ტაკან ილდემმაც და რეგიონში დესტაბილიზაციის მთავარ წყაროდ მანაც რუსეთი დაასახელა. 10 აპრილს ცნობილი გახდა, რომ რამდენიმე კვირაში საქართველოს ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი ესტუმრება და მონაწილეობას მიიღებს ნატოს საპარლამენტო ასამბლეის მუშაობაში. მასშტაბურ წარმომადგენლობით ღონისძიებას საქართველო 26-29 მაისს უმასპინძლებს.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG