Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„დიდი შვიდეულის“ სამიტზე ვერ მიაღწიეს შეთანხმებას რუსეთისთვის სანქციების გამკაცრების თაობაზე


იტალიის ქალაქ ლუკაში, სირიის კონფლიქტზე სამსჯელოდ შეიკრიბნენ „დიდი შვიდეულის“ წევრი სახელმწიფოებისა და მათი მოკავშირე ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები. ორდღიანი სამიტი წინ უსწრებს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, რექს ტილერსონის ვიზიტს რუსეთში, რომელიც სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის ერთ-ერთი მთავარი მხარდამჭერია. ცნობების თანახმად, მინისტრები ვერ შეთანხმდნენ მოსკოვისთვის სანქციების გამკაცრების საკითხზე. გასულ კვირაში სირიის სამთავრობო შენაერთებმა მეამბოხეებთან ბრძოლაში ქიმიური იარაღი გამოიყენეს. ტილერსონმა დღეს განაცხადა, რომ ასადს აღარ უნდა მიეცეს ქიმიური იარაღის გამოყენების უფლება. მისივე თქმით, პრიორიტეტად რჩება „ისლამური სახელმწიფოს“ ექსტრემისტთა დამარცხება სირიასა და ერაყში. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თქმით, რუსეთის ალიანსი ასადთან, ირანთან და ლიბანის ექსტრემისტულ მოძრაობა „ჰიზბოლასთან“ არ ემსახურება რუსეთის ინტერესებს. მისივე თქმით, მოსკოვი უნდა გაერთიანდეს აშშ-თან და სხვა ქვეყნებთან. რუსეთის წინააღმდეგ მოქმედი სანქციების გამკაცრებას მოითხოვენ დიდი ბრიტანეთი და კანადა. საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟან-მარკ ერომ განაცხადა, რომ დადგა დრო, რუსეთმა დაასრულოს ასადის „თვალთმაქცური“ მხარდაჭერა. გერმანიისა და საფრანგეთის წარმომადგენელთა განცხადებით, სირიის კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებაში ერთობლივად უნდა ჩაერთონ რუსეთიც და ირანიც.

XS
SM
MD
LG