Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქერჩის სრუტესთან ჩაიძირა გემი, რომლის ბორტზე იმყოფებოდა 12 ადამიანი


შავ ზღვაში, ქერჩის სრუტესთან ჩაიძირა პანამის დროშით მცურავი გემი, რომლის ბორტზე იმყოფებოდა 12 ადამიანი, მათ შორის საქართველოს მოქალაქე. რუსეთის საგანგებო სიტუაციათა სამინისტროს ინფორმაციით, გემის ეკიპაჟის წევრებიდან 9 უკრაინის მოქალაქეა, ორი რუსეთის და ერთი საქართველოსი. ამ დროისთვის ბოლო, ოფიციალური მონაცემებით, მაშველებმა გადაარჩინეს ერთი უკრაინელი მეზღვაური. კატასტროფის რაიონში გრძელდება სამძებრო-სამაშველო ოპერაცია, რომელშიც ათზე მეტი ხომალდი და რამდენიმე ვერტმფრენი მონაწილეობს. წინასწარი ვერსიით, გემი შტორმის გამო ჩაიძირა. პანამის დროშით მცურავ გემს, "Geroi Arsenala," რომელიც თურქული კომპანიის მფლობელობაში იყო, რუსეთის როსტოვის ოლქიდან თურქეთში ხორბალი მიჰქონდა. საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ დღეს, 19 აპრილს გავრცელებული ინფორმაციით, ქერჩის ყურესთან ჩაძირული სატვირთო გემი 2017 წლის 4 აპრილს იმყოფებოდა ფოთის ნავსადგურში და მისი ტექნიკური გამართულობა ეჭვს არ იწვევდა. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, მიხეილ ჯანელიძის ინფორმაციით, ჯერჯერობით ოფიციალურად არ არის დადასტურებული შავ ზღვაში ჩაძირულ სატვირთო გემზე მყოფი ქართველი მეზღვაურის დაღუპვის ფაქტი. „იმედს ვიტოვეთ, რომ ყველა დაკარგულის მოძიება იქნება შესაძლებელი” - განუცხადა ჟურნალისტებს მიხეილ ჯანელიძემ. მინისტრის თქმით, ქართული მხარე მაქსიმალურად ცდილობს სამძებრო სამუშაოებში ჩართვას.

XS
SM
MD
LG