Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„დაიცავი კონსტიტუციის“ წევრებმა ხელი მოაწერეს ერთობლივ დეკლარაციას


სამოქალაქო მოძრაობის, „დაიცავი კონსტიტუციის“ წევრებმა თბილისში, ეროვნული ბიბლიოთეკის შენობაში ხელი მოაწერეს ერთობლივ დეკლარაციას. მათთვის მიუღებელია სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მიერ შემუშავებული რვა ცვლილება, მათ შორის, პრეზიდენტის პირდაპირი, საყოველთაო არჩევის წესის შეცვლა,საარჩევნო ბლოკების შექმნის უფლების გაუქმება, 5%-იანი საარჩევნო ბარიერის დატოვება, პარლამენტის არჩევნებში ე.წ. გაუნაწილებელი მანდატების მხოლოდ ერთი პოლიტიკური ძალისთვის გადაცემა, ეროვნული უშიშროების საბჭოს გაუქმება, პრეზიდენტის, როგორც უმაღლესი მთავარსარდლის უფლებამოსილებების ანულირება, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურის შერჩევის წესის შეცვლა და ქუთაისისთვის საპარლამენტო ქალაქის სტატუსის გაუქმება. სამოქალაქო მოძრაობაში, „დაიცავი კონსტიტუცია“ გაერთიანდნენ ძირითადი ოპოზიციური პარტიები და არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი. პარტიის, „ახალი მემარჯვენეების“ ლიდერის, მამუკა კაციტაძის განმარტებით, დეკლარაციის მიზანია შეაჩეროს „ქართული ოცნების“ ერთპიროვნული ნების დემონსტრირება. „შეხვედრებს გავმართავთ ყველასთან - საქართველოს მოსახლეობასთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან და დიპლომატიურ კორპუსთან, რადგან დაუშვებელია ერთი პარტიის მიერ მიღებული კონსტიტუცია“, - განაცხადა მამუკა კაციტაძემ. სამოქალაქო მოძრაობის, „დაიცავი კონსტიტუციის“ წევრები საერთაშორისო თანამეგობრობას მიმართავენ, თანადგომა აღმოუჩინონ ქართული სახელმწიფოს დემოკრატიული საფუძვლების დაცვაში. დღესვე პოლიტიკური მოძრაობის, „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბაქრაძემ განაცხადა, რომ 2 მაისიდან დაიწყებენ მოქალაქეთა ხელმოწერების შეგროვებას საკონსტიტუციო ცვლილებების საკითხზე პლებისციტის დანიშვნის მოთხოვნით.

XS
SM
MD
LG