Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკომისარი იოჰანეს ჰანი შეხვდა საქართველოს პრემიერ-მინისტრს გიორგი კვირიკაშვილს


საქართველოში იმყოფება ევროკომისარი ევროპული სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში, იოჰანეს ჰანი. დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა იოჰანეს ჰანის შეხვედრა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, გიორგი კვირიკაშვილთან და მინისტრთა კაბინეტის წევრებთან. მხარეებმა განიხილეს საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის პრიორიტეტები და ასოცირების შეთანხმების ფარგლებში ქვეყანაში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმები. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, ხაზი გაესვა ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს, რომლის ნათელი დადასტურებაა საქართველოს მოქალაქეებისთვის მიმოსვლის უვიზო რეჟიმის შემოღება. გიორგი კვირიკაშვილმა იოჰანეს ჰანს მადლობა გადაუხადა სავიზო ლიბერალიზაციის პროცესში შეტანილი პირადი წვლილისთვის. პრემიერ-მინისტრმა ევროკომისარს გააცნო საქართველოს მოლოდინები ნოემბერში დაგეგმილი, „აღმოსავლეთის პარტნიორობის" სამიტის მიმართ და იმედი გამოთქვა, რომ სამიტი ხელს შეუწყობს ევროკავშირთან თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ცნობითვე, შეხვედრაზე საუბარი იყო საქართველოს მთავრობის ახალ ინიციატივებზე, რომელთა მიზანია ქვეყნის ეკონომიკური სტაბილურობა და კონკურენტუნარიანი ბიზნეს-გარემო, რეგიონული და ინფრასტრუქტურული განვითარება, პროფესიული კადრების ზრდაზე ორიენტირებული განათლების სისტემა და ანგარიშვალდებული მმართველობა. გიორგი კვირიკაშვილმა და იოჰანეს ჰანმა განიხილეს საქართველოში რეგიონული მნიშვნელობის, ევროპული სკოლის გახსნის საკითხიც. ევროპული სკოლა ფუნქციონირებას დაიწყებს მომავალი წლის სექტემბრიდან და ახალგაზრდებს შესთავაზებს მაღალი ხარისხის განათლებას. შეხვედრის დასრულების შემდეგ, ევროკომისარმა, იოჰანეს ჰანმა და საქართველის სახელმწიფო მინისტრმა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში, ვიქტორ დოლიძემ ხელი მოაწერეს საფინანსო დოკუმენტს, რომლის საფუძველზეც ევროკავშირი 32 მილიონი ევროთი დაეხმარება ასოცირების შეთანხმების განხორციელებას.

XS
SM
MD
LG