Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტილერსონი: აშშ აღრმავებს საქართველოსთან სტრატეგიულ პარტნიორობას


აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, რექს ტილერსონის განცხადებით, ვაშინგტონი აღრმავებს საქართველოსთან სტრატეგიულ პარტნიორობას. ეს განცხადება ტილერსონმა გააკეთა ვაშინგტონში საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრისას. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ცნობით, ტილერსონმა საქართველო მოიხსენია რეგიონში წარმატების სიმბოლოდ და აღნიშნა, რომ ქვეყანაში განხორციელებული რეფორმები კარგი საფუძველია ორი ქვეყნის პოლიტიკური და ეკონომიკური კავშირების ახალ საფეხურზე გადასასვლელად. შეხვედრაზე დეტალურად განიხილეს თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის საკითხებიც. სახელმწიფო მდივნმა აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები კვლავაც გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. თავის მხრივ, გიორგი კვირიკაშვილმა ამერიკის სახელმწიფო მდივანს გააცნო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარება და მადლობა გადაუხადა კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების პროცესში ვაშინგტონის მიერ გაწეული ძალისხმევისთვის. 8 მაისს კვირიკაშვილი თეთრ სახლში შეხვდა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს და ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსს. შეხვედრის შემდეგ კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ პრეზიდენტისგან „ძალიან მკაფიო გზავნილები მიიღო“ საქართველოს მხარდაჭერის თაობაზე.

XS
SM
MD
LG