Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დავით სერგეენკომ წარმოადგინა ახალი კანონპროექტი შრომის უსაფრთხოების შესახებ


საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე წარმოადგინა ახალი კანონპროექტი შრომის უსაფრთხოების შესახებ. კანონპროექტის თანახმად, შრომის ინსპექციას ექნება უფლება-ვალდებულება მძიმე, მავნე და საშიშროების შემცველი სამუშაო ადგილები შეამოწმოს და დარღვევების შემთხვევაში აამოქმედოს სანქციები, რომლებსაც კანონპროექტის განხილვისას განსაზღვრავს საქართველოს პარლამენტი. შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კანონპროექტის მიზანია, სამუშაო ადგილებზე შრომის უსაფრთხოების ნორმების ორგანიზება და მართვის გაუმჯობესება, სახელმწიფო ორგანოების, დამსაქმებელთა და დასაქმებულთა პასუხისმგებლობისა და მოვალეობების განსაზღვრა, უბედური შემთხვევებისა და პროფესიული დაავადებების შემცირება და პრევენცია. ახალი კანონი განსაზღვრავს შრომის ბაზარზე არსებული დაწესებულებებისთვის შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის ერთიან სტანდარტს. სამინისტროს ცნობით, პირველ ეტაპზე კანონის მოქმედება გავრცელდება მძიმე, მავნე და საშიში პირობების მქონე სამუშაოებზე, რომელთა ჩამონათვალს კანონის ამოქმედებიდან 3 თვის ვადაში განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა. შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ ახალი კანონპროექტი შეიმუშავა შრომის საერთაშორისო ორგანიზაციასა და ევროკავშირთან თანამშრომლობით.

XS
SM
MD
LG