Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თეონა ზაქარაშვილი ექსპროპრიაციის შესახებ კანონპროექტზე


თეონა ზაქარაშვილი ექსპროპრიაციის შესახებ კანონპროექტზე
please wait

No media source currently available

0:00 0:24:09 0:00

6 ივნისს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო თეონა ზაქარაშვილი, "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" მთავარი იურისტი. მან ილაპარაკა "აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისთვის საკუთრების უფლების ჩამორთმევის წესის შესახებ" კანონპროექტზე, რომელიც პარლამენტში იხილება. "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" ერთი მხრივ დადებითად აფასებს მთავრობის ინიციატივას - გამარტივდეს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების უფლების ჩამორთმევის წესთან დაკავშირებული პროცედურები. მეორე მხრივ, ორგანიზაცია ხედავს რამდენიმე გამოწვევას და თვლის, რომ კანონპროექტის არსებული სახით მიღება ვერ უზრუნველყოფს საჯარო და კერძო ინტერესებს შორის ბალანსს. თეონა ზაქარაშვილმა ჩამოთვალა რამდენიმე საკითხი, რომელთა სათანადოდ რეგულაციის გარეშე კანონმდებლობა ხარვეზიანი იქნება: ერთი - კანონპროექტის თანახმად, ექსპროპრიატორს უფლება ენიჭება საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის საფუძველზე მიმართოს სამართალდამცავ ორგანოს და მოითხოვოს მისი საკუთრებიდან უკანონო მფლობელის გასახლება. "საერთაშორისო გამჭვირვალობა  - საქართველოს" განმარტებით, იმ ფონზე, როცა ე.წ. "საპოლიციო გამოსახლების" ინსტიტუტი გაუქმებულია, გამოდის, რომ მხოლოდ სახელმწიფოს, როგორც ექსპროპრიატორს ექნება უპირატესობა ისარგებლოს ამ უფლებით. კერძო მესაკუთრეს კი იმავე "საპოლიციო გამოსახლების" უფლებით სარგებლობისთვის უწევს მიმართოს სასამართლოს, რაც დამატებით დროსა და რესურსს საჭიროებს; მეორე - ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების საკითხი უმოკლეს ვადაში წყდება, საკომპენსაციო თანხაზე დავა კი მოქალაქისთვის შეიძლება არაგონივრულად დიდხანს გაგრძელდეს; მესამე - "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" შენიშნავს, რომ კანონპროექტში არ არის გაწერილი პროცედურები - რომელ სასამართლოს უნდა მიმართოს მესაკუთრემ ექსპროპრიაციის შემდეგ დარჩენილი გამოუსადეგარი ქონების ანაზღაურების მოთხოვნით. "დილის საუბრებში" თეონა ზაქარაშვილმა ილაპარაკა აგრეთვე საკანონმდებლო ინიციატივაზე, რომელიც ეხება უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გასხვისების საკითხს. მისი შეფასებით, ეს ინიციატივა ითვალისწინებს ისეთ ბარიერებს უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ მიწის ფლობაზე, რომ ის აუცილებლად მოახდენს უარყოფით ზეგავლენას საქართველოში მიწის ყიდვით უცხო ქვეყნის მოქალაქეთა დაინტერესებაზე: "იმდენად რთული პროცედურაა დაწესებული, ვფიქრობთ, რომ ეს, პრაქტიკულად, სახელმწიფოს მხრიდან არის არჩევანი გაკეთებული - არა, ინვესტირებას აგრარულ სფეროში!", ამბობს თეონა ზაქარაშვილი.

XS
SM
MD
LG