Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთში დააკავეს ალექსეი ნავალნი და მისი ათობით მომხრე


მოსკოვში დააკავეს ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალექსეი ნავალნი, რომელსაც მონაწილეობა უნდა მიეღო მისი ინიციატივით დაწყებულ ანტიკორუფციულ აქციაში. ნავალნის დაკავებაზე ტვიტერში წერს მისი მეუღლე, იულია. იუწყებიან აგრეთვე მოსკოვის ცენტრში აქციის მონაწილე 100-ზე მეტი ადამიანის დაკავებაზე. მათ შორის არის ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ილია იაშინი. მოსკოვის ცენტრში, ტვერის ქუჩაზე, საპროტესტო აქციის გარდა იმართება სახალხო სეირნობა „რუსეთის დღესთან“ დაკავშირებით. ნავალნის მომხრეები მთელი რუსეთის მასშტაბით მართავენ ანტიკორუფციულ საპროტესტო აქციებს და მრავალი ქალაქიდან, მათ შორის სანქტ-პეტერბურგიდანაც იუწყებიან აქციის მონაწილეების დაკავების შესახებ. ვლადივოსტოკში, სადაც ასობით ადამიანი შეიკრიბა, დემონსტრანტმა ალექსეი ბორისენკომ უთხრა საინფორმაციო სააგენტო „ასოშიეიტიდ პრესის“ კორესპონდენტს, რომ ძლივს გადაურჩა დაკავებას: „ჯერ ერთი, აქ მოვედი იმის გამო, რომ რუსეთში კორუფცია უკვე აღმაშფოთებელ მასშტაბებს იძენს. (...) როცა ჩვენ პრემიერ-მინისტრს ასეთ კორუფციულ საქმეებში გამოიჭერენ და ის გადადგომას არ აპირებს - ეს ძალიან უცნაურია, ჩიხში შეჰყავს ქვეყნის განვითარება,“ - ამბობს ვლადივოსტოკელი დემონსტრანტი ალექსეი ნავალნის ინიციატივით გამართულ აქციაში მონაწილეობის შემდეგ. ნავალნი, რომელმაც სახელი გაითქვა რუსეთში კორუფციის კრიტიკით, ცდილობს ისარგებლოს საპროტესტო განწყობის გაძლიერებით და მოახდინოს მხარდამჭერების მობილიზება 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისათვის მიუხედავად იმისა, რომ ნათელი არ არის, მისცემს თუ არა კრემლი თავად ნავალნის არჩევნებისათვის თავისი კანდიდატურის წამოყენების შესაძლებლობას.

XS
SM
MD
LG