Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რექს ტილერსონის შეფასებით, რუსეთთან აშშ-ის ურთიერთობა სულ უფრო უარესდება


აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, რექს ტილერსონის შეფასებით, რუსეთთან ურთიერთობა სულ უფრო უარესდება, მაგრამ ვაშინგტონის ადმინისტრაცია კვლავინდებურად ცდილობს ურთიერთობის სტაბილიზაციას. ეს განცხადება ტილერსონმა გააკეთა 13 ივნისს სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წინაშე გამოსვლისას. ტილერსონის გამოსვლის ფონია კონგრესის გადაწყვეტილება, არამარტო ძალაში დატოვოს რუსეთის საწინააღმდეგო სანქციები, არამედ მოსკოვს ახალი დამსჯელი ზომებიც დაუწესოს აშშ-ის შარშანდელ საპრეზიდენტო არჩევნებში სავარაუდო ჩარევის, სირიასა და უკრაინაში მოქმედებისა და სხვა საკითხების გამო. სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში ტილერსონმა გამოთქვა შეფასება, რომ რუსეთთან ორმხრივი ურთიერთობა ყველა დროის ყველაზე დაბალ ეტაპზეა დასული. ამავე დროს, მან თავი აარიდა შეკითხვას, დაუჭერენ თუ არა მხარს ის, ან თეთრი სახლი რუსეთის მიმართ ახალი სანქციების შემოღებას. პრეზიდენტ დონალდ ტრამპს არაერთხელ აქვს გამოთქმული რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესების სურვილი, მაგრამ ბოლოხანს ნათელი გახდა, რომ თეთრი სახლი არ აპირებს მოქმედი სანქციების შერბილებას, ახლა კი კონგრესი აპირებს ახალი სანქციების დაწესებასაც.

XS
SM
MD
LG