Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ თბილისის მერობის კანდიდატად წარადგინა ზაალ უდუმაშვილი


„ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ თბილისის მერობის კანდიდატად წარადგინა ზაალ უდუმაშვილი, ხოლო საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატად ნიკა მელია. მათი წარდგენა მეტეხის ტაძრის ეზოში გაიმართა. „მე ვიღებ გამოწვევას და ვერთვები გადამწყვეტ ბრძოლაში თბილისის გადასარჩენად“ - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა. მან აღნიშნა, რომ გაბრაზებული თბილისელების მერობის კანდიდატია, რადგან დედაქალაქი ასეთი მიტოვებული არასდროს ყოფილა. უდუმაშვილის თქმით, მერად არჩევის შემთხვევაში შეძლებს დედაქალაქის მმართველობაში კორუფციისა და ნეპოტიზმის დამარცხებას. თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატად დასახელებულმა ნიკა მელიამ განაცხადა, რომ უარს ამბობს საქართველოს პარლამენტის წევრობაზე. „მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო პარლამენტი და ამ ქალაქის და ქვეყნის გადასარჩენად და „ქართული ოცნების“ დასამარცხებლად ვიბრძოლო თბილისის საკრებულოდან” - აღნიშნა მელიამ. მისი თქმით, ადგილობრივი არჩევნები იქნება რეფერენდუმი საქართველოს მომავალის საკითხზე, რომელიც გადაწყვეტს როგორი დედაქალაქი ექნება ქვეყანას. „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ თბილისის მერობის კანდიდატად დასახელებული ზაალ უდუმაშვილი ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ს გენერალური დირექტორის მოადგილე და საინფორმაციო პროგრამის, „კურიერის“ წამყვანი იყო, ხოლო საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი, ნიკა მელია პარტიის პროპორციული სიით, 2016 წელს აირჩიეს საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის დეპუტატად. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2017 წლის შემოდგომაზე გაიმართება.

XS
SM
MD
LG