Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინაში მყოფი ტილერსონი მკაცრი მესიჯით მიმართავს მოსკოვს


კიევში ვიზიტით მყოფმა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, რექს ტილერსონმა მკაცრი მესიჯით მიმართა რუსეთს - მისი თქმით, კრემლმა პირველი ნაბიჯი უნდა გადადგას ყირიმში დაძაბულობის შესამცირებლად და რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები ძალაში დარჩება მანამ, სანამ მოსკოვი ასე არ მოიქცევა. უკრაინის პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ ტილერსონის კიევში ვიზიტს უწოდა "მძლავრი" სიგნალი, რომ აშშ მის ქვეყანას მხარს უჭერს, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ვიზიტი მოჰყვა ამ კვირაში ჰამბურგში გამართულ დიდი ოცეულის სამიტს. 9 ივლისს კიევში გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე ტილერსონმა და პოროშენკომ განაცხადეს, რომ აღმოსავლეთ უკრაინაში აშშ-ის ახლადდანიშნული საგანგებო წარმომადგენელი, კურტ უოლკერი, კიევში კიდევ რამდენიმე დღის განმავლობაში დარჩება იმ მიზნით, რომ იქ უხელმძღვანელოს კონფლიქტის დასრულებისკენ მიმართული მინსკის ხელშეკრულების ამოქმედებას. ტილერსონის თქმით, აშშ იმედგაცრუებულია მინსკში 2 წლის წინ მიღწეული შეთანხმებების ამოქმედების პროცესში პროგრესის არარსებობით. ამგვარი ვითარების შექმნაში სახელმწიფო მდივანმა დიდწილად რუსეთი დაადანაშაულა. "აუცილებელია რუსეთმა გადადგას პირველი ნაბიჯი უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში ვითარების დეესკალაციისთვის", განაცხადა ტილერსონმა. მისი თქმით, 7 ივლისს, ჰამბურგში, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის შეხვედრაზე განიხილეს "რა უნდა გაკეთდეს რუსეთის მხრიდან მინსკის ხელშეკრულების შეუსრულებლობის და უკრაინის დეოკუპაციისთვის მკაფიო და მიზანმიმართული ზომების გაუტარებლობის გარშემო". უკრაინაში ომი, ტილერსონის თქმით, "დაიგეგმა და მოქმედებაში მოვიდა მოსკოვიდან".

XS
SM
MD
LG