Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანის პრეზიდენტი: თეირანი „სათანადო პასუხს გასცემს“ აშშ-ის ახალ სანქციებს


ირანის პრეზიდენტის, ჰასან როჰანის განცხადებით, თეირანი „სათანადო პასუხს გასცემს“ აშშ-ის ახალ სანქციებს, რომლებიც ვაშინგტონმა დააწესა ირანის ბალისტიკური რაკეტების პროგრამის გამო. იქვე როჰანიმ დაადასტურა, რომ ირანი იცავს მსოფლიოს წამყვან ქვეყნებთან 2015 წელს დადებულ შეთანხმებას ბირთვული პროგრამის შესახებ. როგორც როჰანიმ 19 ივლისს მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, ირანი ყოველთვის ასრულებს საერთაშორისო ვალდებულებებს. 18 ივლისს აშშ-მა გამოაცხადა, რომ ახალ სანქციებს უწესებს ირანს, კერძოდ, 18 ინდივიდსა და ორგანიზაციას ბალისტიკური რაკეტების პროგრამასთან და სხვა სამხედრო პროგრამებთან კავშირის გამო. მანამდე ერთი დღით ადრე კი ვაშინგტონმა დაადასტურა, რომ ირანი მართლაც იცავს 2015 წელს დადებულ ბირთვულ შეთანხმებას. ამასთან, ვაშინგტონის შეფასებით, ირანი ღალატობს ბირთვული შეთანხმების „სულისკვეთებას“ თავისი მოქმედებით, მაგალითად, რაკეტების გამოცდით. საუბარია რაკეტებზე, რომლებზეც შესაძლებელია ბირთვული ქობინების დამაგრება.

XS
SM
MD
LG