Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იერუსალიმში გაიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და ისრაელის პრეზიდენტის შეხვედრა


დღეს იერუსალიმში გაიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის და ისრაელის სახელმწიფოს პრეზიდენტის, რუვენ რივლინის შეხვედრა. საქართველოს მთავრობის მეთაურის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა ისაუბრეს კონკრეტულ სფეროებში ორი ქვეყნის თანამშრომლობის დადებით დინამიკასა და ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებაზე. გიორგი კვირიკაშვილმა და რუვენ რივლინმა ხაზი გაუსვეს ქართველებისა და ებრაელების მრავალსაუკუნოვან, განსაკუთრებულ ურთიერთობას, რომელიც დღემდე გრძელდება. „საქართველო ისრაელის ძალიან სანდო პარტნიორია ამ გამოწვევებით სავსე სამეზობლოში" - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა. მისი ინფორმაციით, წელს შემოდგომაზე თბილისი უმასპინძლებს საქართველო-ისრაელის მთავრობათაშორისი კომისიის სხდომას, რომელზეც განიხილავენ თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობებს უსაფრთხოების, ტექნოლოგების, განათლების და სოფლის მეურნეობის სფეროებში. თავის მხრივ, პრეზიდენტმა რუვენ რივლინმა აღნიშნა, რომ მისი ქვეყანა იმედიანად უყურებს საქართველოსთან ურთიერთობების გაფართოებას. „ჩვენ დიდ პატივს ვცემთ ქართველ ერს და ვაფასებთ ჩვენს ერებს შორის არსებულ კავშირებს“ - განაცხადა პრეზიდენტმა, რუვენ რივლინმა. საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი ოფიციალური ვიზიტით 24 ივლისს ეწვია. იმავე დღეს გაიმართა მისი შეხვედრა ისრაელის პრემიერ-მინისტრთან, ბენიამინ ნეთანიაჰუსთან.

XS
SM
MD
LG