Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კარლა დელ პონტე აკრიტიკებს გაეროს კომისიას, რომელიც იძიებს სირიაში ადამიანის უფლებების დარღვევას


გაეროს კომისია, რომელიც იძიებს სირიის კონფლიქტში ადამიანის უფლებების დარღვევას, პროტესტის ნიშნად დატოვა კარლა დელ პონტემ - ყოფილ იუგოსლავიაში დანაშაულთა საერთაშორისო ტრიბუნალის ყოფილმა პროკურორმა. შვეიცარიის მედიასთან ინტერვიუში, ის მკაცრად აკრიტიკებს კომისიას, რომელიც, მისი აზრით, „აბსოლუტურად არაფერს აკეთებს“ მაშინ, როცა სირიაში დაპირისპირებული ორივე მხარე საშინელ დანაშაულებს სჩადის. დელ პონტეს შეფასებით, სირიაში რაც ხდება იმაზე უარესია, რაც მას რუანდაში, ან იუგოსლავიაში უნახავს. ის მკაცრად აკრიტიკებს გაეროს უშიშროების საბჭოსაც. დელ პონტემ და კომისიის დანარჩენმა წევრებმა არაერთხელ მოუწოდეს გაეროს უშიშროების საბჭოს, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადასცეს სირიის საქმე. დელ პონტე, რომელიც ხუთი წელი მუშაობდა გაეროს კომისიაში სირიაში ადამიანის უფლებების დარღვევის გამოსაძიებლად, ფიქრობს, რომ „გაეროს უშიშროების საბჭოს წევრებს არ სურთ სამართალი“. ორგანიზაცია "სირიის ადამიანის უფლებათა ობსერვატორიის" მონაცემებით, რომლებიც 16 ივლისს გამოქვეყნდა, სირიაში ექვსი წლის წინ დაწყებული სამოქალაქო ომის შედეგად დაღუპულია 330 ათასზე მეტი ადამიანი, მათ შორის 99 617 სამოქალაქო პირი.

XS
SM
MD
LG